Skip to Content

კატები გადაარჩენენ რომს

კატები გადაარჩენენ რომს

Be First!

◘ ძვირადღირებული ოქროს ფერების ბეწვის პატრონი, თავისი გამჭოლი და ჭკვიანური გამოხედვით ის გაჭრილი ვაშლივით ჰგავს თავის თანამოძმეს ფილმში ” საუზმე ტიფანისთან ”, არხეინად წამოწოლილი ერთ ერთი წიგნის მაღაზიის დახლზე და დარდი არა აქვს, თუ რა ხდება მის ირგვლივ. მას შემდეგ, რაც კარგად ისადილა, სულ არ აინტერესებს, თუ რას ნიშნავს სამყაროს სიბრძნე, მას ხომ თავისი იდუმალი სამყარო აქვს და თავისი სიბრძნეც.
*
Anzori Dikhaminjia-(ი)ს ფოტო.
*
დიახ, ქალბატონებო და ბატონებო დღევანდელი სასაუბრო თემა მინდა მივუძღვნა კატებს, რომაელ კატებს. მუდამ მაინტერესებდა, რომის პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ რატომ არ აირჩია სახელად ფრანცისკი, ცხოველთა ზეციური მფარველის ფრანცისკ ასიზელის საპატივცემულოდ, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი სულ სხვა რამეა. ტახტზე ასვლამდე ცნობილი იყო როგორც კატების საოცარი მოყვარული, მთელ თავისუფალ დროს მათ გამოკვებას ანდომებდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა კარდინალი იყო, იოზეფ რატცინგერი არა მარტო ფიზიკურ, არამედ სულიერ საზრდოსაც აწვდიდა, ელაპარაკებოდა მათ და ამ მესას უამრავი ცოცხალი მოწმე ჰყავს. ლაპარაკის დაწყებაც საკმარისი იყო, რომ მისი ოთხფეხა მეგობრები გატრუნულნი უსმენდნენ კარდინალს. უკვე პაპის რანგში ყოფნისას, ბენედიქტე მეთექვსმეტემ ვატიკანში რამდენიმე მათგანის მიყვანაც მოახერხა, რომლებიც ისე ერთგულად დაყვებოდნენ უკან პონტიფიკს, როგორც წმინდა მოციქულები – იესო ქრისტეს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ შეწუხებულმა შვეიცარიელმა გვარდიელებმა დაიჩივლეს პაპთან – „თქვენო უწმინდესობავ, კატები წმინდა ტახტს იერიშით იღებენ“.
*
Anzori Dikhaminjia-(ი)ს ფოტო.

*
ბავარიაში, სადაც დაიბადა და გაიზარდა მომავალი პაპი, ფისოები მუდამ განსაკუთრებულ პატივში ჰყავდათ. თუმცა გამორჩეულად ახლოს მასთან მაინც ერთი იყო – ჩიკო. საკმარისი იყო, კარდინალი შორიდან დაელანდა, ჩიკო მაშინვე მისკენ გარბოდა. 2005 წლის აპრილის ერთ მშვენიერ დღეს, როცა სიქსტის კაპელის თავზე თეთრი კვამლი გამოჩნდა, ჩიკო, წამის მეასედში, მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე ცნობილ სახედ იქცა. უფრო მეტიც, ამერიკულმა პრესამ, არც მეტი და არც ნაკლები, ჩიკო „წლის კატად“ გამოაცხადა.
*

*
ბენედიქტე მეთექვსმეტეს წინამორბედები სხვადასხვანაირად ეპყრობოდნენ კატებს. 1233 წელს პაპმა გრიგოლ მეთერთმეტემ კატები ეშმაკის მოციქულებად გამოაცხადა. 1484 წელს კი ინოკენტი მერვემ ბრძანება გამოსცა, კატები ინკვიზიციისთვის გადაეცათ. თუ რა ბედი ეწიათ საცოდავებს, რთული მისახვედრი არ არის. დიდი დრო დასჭირდათ იმისათვის, რომ მათ მიმართ დამოკიდებულება შეეცვალათ. პაპმა პავლე მეექვსემ თავის კატის საპატივცემულოდ მას მინიატურული კარდინალის მანტია შეუკერა. და ეს კიდევ არაფერი, პაპი ბენედიქტეს ლოცვა-კურთხევით, ლოს ანჟელესის არქიეპისკოპოსმა როჯერ მაჰოუნიმ თავის ორ კატას მთავარანგელოზების,
მიქაელის და რაფაელის სახელები შეარქვა.
*
Anzori Dikhaminjia-(ი)ს ფოტო.
*
და საერთოდ, ჯერ კიდევ ანტიკურ რომში, კატა, რომელიც ქუჩაში მარტო დასეირნობდა, თავისუფლების სიმბოლოდ აღიქმებოდა და თავისუფლების ქალღმერთის, ლიბერტასის ერთგულ თანამგზავრად მიიჩნეოდა. რის გამოც, უბრალო რომაელებში, ისინი პატივისცემით და სიყვარულით სარგებლობდნენ. სამაგიეროდ, ისინი არისტოკრატიამ შეიძულა. წარმოგიდგენიათ? ბრძანებაც კი გამოსცეს, რომლის თანახმადაც კატებს აეკრძალათ სასახლეებში თაგვებზე ნადირობა. (ჰმ, ამ ბრძანებას როგორ ასრულებდნენ, ამაზე ფიქრი თქვენთვის მომინდვია პატივცემულო მეგობრებო, მე კი გავაგრძელებ!).
*
Anzori Dikhaminjia-(ი)ს ფოტო.
*
ნამდვილად ფასდაუდებელი დახმარება გაუწიეს ადამიანებს კატებმა ევროპაში და განსაკუთრებით იტალიაში შავი ჭირის ეპიდემიის დროს, როდესაც ავადმყოფ ვირთხებს რომსა და სხვა ქალაქებში მუსრი გაავლეს. ეს იყო და ეს, სწორედ იმ დღიდან მოყოლებული და განსაკუთრებით უკვე აღორძინების ხანაში კატის კულტმა უკვე თავის აპოგეას მიაღწია. ისინი მდიდრული სალონების პატივცემული სტუმრები იყვნენ, მათ უძღვნიდნენ სონეტებსა თუ პოემებს. დაღუპულ კატებს სამგლოვიარო ცერემონიებს უტარებდნენ, მუმიფიცირებას უკეთებდნენ და მარხავდნენ როგორც ფარაონებს. ის კი არა და, თავად ჯაკომო მედიჩიმ მოუწოდა თავის თანამოქალაქეებს, ვინც მას ერთ კატას მიუყვანდა, საჩუქრად მიიღებდა სამ ვერცხლის მონეტას. ერთხელ ბრუნელესკიმ დაიჩივლა ჯაკომოსთან – ” ფლორენციის მოქალაქეებისგან გაქცეული კატები სანტა მარია დელ ფიორეს კედლებზე და სახურავზე დაძვრებიანო ”. ეს ის პერიოდია, როცა ტაძრის გუმბათის მშენებლობა მიმდინარეობდა. ლეონარდო და ვინჩის ერთხელ აქვს ნათქვამი თავისი მოწაფეებისთვის – „გახსოვდეთ, თუნდაც პატარა კატა, ეს მთელი უსასრულობაა, გაუფრთხილდით მათ“.
*
Anzori Dikhaminjia-(ი)ს ფოტო.
*
დღესდღეობით, კატების დაცვა და მოვლა-პატრონობა თავის თავზე აიღო ახალგაზრდა მხატვრების ასოციაციამ LALBA GATTA („თეთრი კატა“). კატებმა თავად მოახდინეს მათი პროვოცირება, ისინი ხომ რომაული პეიზაჟის განუყოფელ ნაწილად იქვნენ. უამრავი ტურისტის თვალწინ პოზიორობენ როგორც ძველ რომაული ქანდაკებები. ესპანეთის მოედანი, კოლიზეუმი, ტრევის შადრევანი – ეს მათია. ამას კიდევ ვინ ჩივის, ფორთოხლის ბაღი – ავენტინის ბორცვზე და ტორრე არჯენტინას მოედანი მაინც მათი უსაყვარლესი ადგილია. რთული სათქმელია, ეს ადგილები რატომ აირჩიეს, მე მრჩება შთაბეჭდილება რომ ისტორიას ინახავენ, რომის დიად წარსულს უფრთხილდებიან და ამის სრული უფლებაც აქვთ — არაერთხელ დაუმტკიცეს ერთგულება მარადიულ ქალაქს.
.
Anzori Dikhaminjia-(ი)ს ფოტო.
.
იტალიელი მსახიობებიდან ერთ ერთი პირველი, რომელმაც მათთვის არაფერი დაიშურა და მთელი ცხოვრება მათ შეალია, იყო ანა მანიანი. სახლიდან გამოსული და სამსახურში მიმავალი ჯერ მაღაზიაში შევიდოდა, კარგად დაიტვირთებოდა და მაშინვე კატებისკენ გარბოდა. კატებს თავის მზრუნველობას არ აკლებდა საოპერო მომღერალი სილვია ვივიანი. თავის მეგობარ ლია დეკელთან ერთად მან კატების თავშესაფარი დაარსა.
*

*
მაგრამ თავშესაფარი, რომელიც რომაელებისთვის და ტურისტებისთვისაა ცნობილი, ტორრე არჯენტინაზეა. ის დაარსდა 1929 წელს, თავად ბენიტო მუსოლინის პატრონობით. საქმე იმაშია, რომ იმ წელს კატებმა კვლავ გადაარჩინეს რომი და ისევ ვირთხებისგან. თავიანთ საქმეს იმდენად კარგად გაართვეს თავი, რომ ისინი ქალაქის საპატიო მოქალაქეების ტიტულით დაჯილდოვდნენ.
*
Anzori Dikhaminjia-(ი)ს ფოტო.
*
დასასრულს, მინდა ერთი რამ ავღნიშნო – ეს, უამრავ ცეცხლ და ქარტეხილგამოვლილი არსებები დღესაც კი ამაყად დგანან,  კუდი პისტოლეტივით უჭირავთ, ხოლო ულვაშები – მუდამ ქარის მიმართულებით და, რაც არ უნდა მოხდეს, ისინი მუდამ კეთილი ვოლონტერების მფარველობის ქვეშ არიან. პრაქტიკულად მთელი მსოფლიოდან ჩამოდის მათთვის საჩუქრები. თუმცა საბოლოოდ მაინც გაუგებარია, ადამიანები უვლიან კატებს, თუ კატები – ადამიანებს. ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, ისინი სრულად იცავენ ათ მცნებას. მათ იციან სიყვარული, გპატიობენ და ყველაზე მთავარი, არ გღალატობენ.
*
Anzori Dikhaminjia-(ი)ს ფოტო.
*

ამბობენ, ჩიკოს აჩრდილი დღესაც თავის სახლშია და დღესაც ელოდება თავის პატრონს. ის, როგორც შვეიცარიელი გვარდიელი, ამაყად დგას თავის პოსტზე და გაჰყურებს ჰორიზონტს …….

ანზორ დიხამინჯია

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*