
1,18 ლარი ერთი ადამიანის გამოსაკვებად – რა ვითარებაა თბილისის უფასო სასადილოებში
უფასო სასადილოთი სარგებლობას ზოგიერთი მოქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. თბილისის 10 რაიონში დღეს 63 უფასო სასადილო ფუნქციონირებს, რომელთა თითოეული ბენეფიციარისთვისაც, თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეში 1,18 ლარია გათვალისწინებული. სწორედ ამ თანხაში შედის ერთჯერადი ცხელი სადილი, რომელიც, უწყების მტკიცებით, ადამიანის არსებობისთვის აუცილებელ 1 100 კალორიას მოიცავს.
Allnews.ge დაინტერესდა, რა დაფინანსება აქვთ კონტრაქტორ კომპანიებს მერიისგან, რამდენი ბენეფიციარი სარგებლობს უფასო სადილის სერვისით და რა კერძებს მიირთმევენ ისინი ყოველდღიურად 1,18 ლარის ფარგლებში.
2017 წელს, თბილისის მერიამ უფასო სასადილოების დაფინანსება 16 მილიონ 203 ათას ლარამდე გაზარდა, როცა 2016 წელს 14 მილიო 528 ათასი, ხოლო 2015 წელს 13 მილიონ 842 ათასი ლარი იყო.
მერიის ინფორმაციით, უფასო სასადილოების ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები არიან, რომელთა სარეიტინგო ქულაც 200 000-ზე ნაკლებია, შესაბამისად, სხვა ფიზიკურ პირს ამ სერვისით სარგებლობა არ შეუძლია.
უფასო სასადილოებით სულ 39 248 ბენეფიციარი სარგებლობს.
დაინტერესებულმა ბენეფიციარმა იმ უბნის გამგეობას უნდა მიმართოს, რომელშიც ცხოვრობს, წარადგინოს სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და შესაბამისად, ის ძირითად ან დამატებით სიაში მოხვდება.
სიების შედგენის პრინციპი და ბენეფიციართა რაოდენობა რომ გაგვერკვია, ამისთვის ერთ-ერთ კონტრაქტორ კომპანია შპს “ნილს” დავუკავშირდით, რომელსაც 20 უფასო სასადილო თბილისის ოთხ, მთაწმინდის, ისნის, ჩუღურეთისა და გლდანის რაიონში აქვს გახსნილი. კომპანიის მენეჯერის, რეზო ალადაშვილის განმარტებით, მათი სერვისით ყოველდღიურად, დაახლოებით 14 100 ბენეფიციარი სარგებლობს. აღნიშნული რიცხვი როგორც ძირითად, ისე დამატებით სიას მოიცავს.
“ძირითად სიაში არიან პირები, რომლებიც ყოველდღიურად სრული სერვისით სარგებლობენ.
დამატებითი სიის წევრები კი 2 საათის შემდეგ მოდიან და რასაც წინა ბენეფიციარები არ მიირთმევენ და რაც რჩება იმას იღებენ,” – განმარტავს ალადაშვილი.
შეკითხვაზე, რა დაფინანსებას იღებს მერიისგან შპს “ნილი” და საკმარისია თუ არა ერთი ადამიანის კვებისთვის დღეში 1,18 ლარი, რეზო ალადაშვილის თქმით, დაფინანსების შესახებ ის ინფორმაციას არ ფლობს, აღნიშნული თანხა კი აბსოლუტურად საკმარისია, რათა ბენეფიციარებმა სრულყოფილად იკვებონ.
“კერძები არის სხვადასხვა ტიპის, მაგალითად წიწიბურა, რომელსაც ხანდახან სოსისიც ახლავს, ბორში, კომპოტი, პური, მაწვნის სუპი, ჭარხლის სალათი, ბრინჯის ფლავი, ჩიხირთმა, წვნიანი ხორცის გუფთები, ასევე გვაქვს სალათიც.
ზაფხულში მენიუ იცვლება და ემატება აჯაფსანდალი და კიტრისა და პომიდვრის სალათიც.
რაც შეეხება პროდუქტების ფასებს, მას შემდეგ რაც 2014 წლის დეკემბერში, მერიასთან ხელშეკრულება გავაფორმეთ, ძირითადი პროდუქტების ღირებულება თითქმის არ შეცვლილა, უფრო მეტიც, ცალკეული პროდუქტი გაიაფდა კიდეც.
მაგალითად, 2014 წელს ერთი ტომარა შაქარი 120 ლარი ღირდა, დღეს კი 78 ლარად ვიძენთ, ასევე, ერთი ლიტრი ზეთი 2014 წელს 2,80 ლარი ღირდა, ახლა კი 2,40 ღირს,” – განმარტავს ის და დასძენს, რომ კომპანია პურს თავად აწარმოებს, ასევე მოჰყავს კარტოფილი და ჭარხალიც, – “ჩვენ თვითონ რომც არ მოგვეყვანა ეს პროდუქტები, 1,18 ლარი მაინც საკმარისი იქნებოდა,” – განმარტავს კომპანიის მენეჯერი.