ფესტივალი 25 მაისს, 13:00 საათზე გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი გამორჩეული იქნება ღონისძიებების მრავალფეროვნებით, მონაწილე საგამომცემლო სახლების, ავტორების, გამავრცელებლების, საელჩოების, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ფონდებისა და სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციების სიმრავლით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს ფესტივალის ფარგლებში 100-მდე კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდება.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ლიტერატურული ღონისძიებები, ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, დისკუსიები, საჯარო კითხვა, პროფესიული სემინარები, საუკეთესო ბლოგერების გამოვლენა, კოსტუმირებული კარნავალი სპეციალური სტუმრის წარდგენა.
წელს პირველად საერთაშორისო წიგნის ბაზრობების სტანდარტების შესაბამისად, თბილისის ფესტივალს ჰყავს ფოკუს ქვეყანა – ნორგვეგია, რომელიც წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიტერატურული ფონდით NORLA და ოთხი ნორვეგიელი მწერლით: როსკვა კორიცინსკი, ნილს ჰენრიკ სმითი, სიმენ ეკერნი და სიგბიორნ მოსტიუ ფესტივალის სპეციალური სტუმრები იქნებიან.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი არ დაარღვევს ტრადიციას და პატარა მკითხველებს სპეციალურ კუთხეს მოუწყობს, რომელიც დატვირთული იქნება სხვადასხვა გასართობი, ინტელექტუალური საბავშო ღონისძიებებით, ასევე პატარებისთვის ფესტივალის სიმბოლურ დახურვაზე იგეგმება ბუშტების გაშვება მე-11 პავილიონის ეზოდან.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და სტაბილურად განაგრძობს განვითარებასა და დამთვალიერებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას. ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და ქალაქ თბილისის მერია.