ამის შესახებ ინფორმაციას “რეზონანსი” ავრცელებს.
დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ვისაც სახლების შენარჩუნება სურს, ახალგორში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს, ხოლო ვინც მუდმივად ცხოვრობს, ვალდებულია, ე.წ. პასპორტი აიღოს.
ე.წ. პასპორტის მისაღებად “სამხრეთ ოსეთის” მოქალაქეობის მსურველმა, სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უნდა განაცხადოს და ამის შესახებ წერილობითი განაცხადი რეგიონის ე.წ. “კაგებეში” წარადგინოს.
ანატოლი ბიბილოვის დავალებით უახლოეს პერიოდში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ახალგორში იმ კომუნალური სახლების იდენტიფიცირებას მოახდენს, სადაც მფლობელები 5 წელზე მეტია არ ცხოვრობენ და მიტოვებულია.
საუბარია იმ სახლებზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში სახელმწიფოს მიერ აშენებულ კორპუსებშია განთავსებული და ბიბილოვმა ამით ქართველებისთვის სახლების ჩამორთმევა დააანონსა.
“პირველთან” საუბარში ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვიმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად არ მცხოვრები ქართველებისათვის სახლების ჩამორთმევის საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს.
მისი თქმით, ე.წ. პასპორტის მისაღებად საოკუპაციო რეჟიმი ქართველებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარს აცხადებინებს, თუმცა, მას იურიდიული ძალა არ გააჩნია.
“ე.წ. პასპორტს არავითარი ძალა არ აქვს, რადგან მათ არანაირი სახელმწიფო და მოქალაქეობა არ გააჩნიათ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანებმა რომ შეძლონ შესვლა-გამოსვლა და სახლ-კარის პატრონობა, ეს ფორმალური მხარეა. მაგრამ, საქართველოს მოქალაქეობაზე რეალურად უარი არავის უთქვამს. ამიტომ, ყველა ფლობს საქართველო მოქალააქეობას”, – განაცხადა თინიკაშვილმა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირება განახორცელა და დღემდე აკონტროლებს ამ ტერიტორიებს.