Skip to Content

ბათუმის საზღვაო აკადემიაში წელს ყველა ადგილი შეივსო

ბათუმის საზღვაო აკადემიაში წელს ყველა ადგილი შეივსო

Be First!

ბათუმის საზღვაო აკადემიას 575 პირველკურსელი ჰყავს. წელს სასწავლებელში არცერთი ვაკანტური ადგილი არ დარჩენილა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, დღეს, საზღვაო აკადემიის ეზოში შეკრებილ პირველკურსელებს სწავლის დაწყება მიულოცა.

,,მოხარული ვარ, რომ უკვე მეორედ მომეცა საშუალება მივულოცო აკადემიის პირველკურსელ სტუდენტებს სწავლის დაწყება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სამახსოვროა ეს დღე თქვენთვის, პირველკურსელებისთვის, რადგან დღეს თქვენ დგახართ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისთან. მე განსაკუთრებით ამაყი ვარ დღეს, როცა ვხედავ მეზღვაურთა ფორმაში გამოწყობილ ამდენ ახალგაზრდას, რომლებმაც მთელს მსოფლიოში საპატიო და საამაყო პროფესია აირჩიეს. ბათუმი ხომ მეზღვაურთა ქალაქია. მე არაერთხელ მითქვამს, რომ მეზღვაური სტუდენტები განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ჩვენს ქალაქს და ამაში ყველანი დამეთანხმებით. თქვენ გახდით სტუდენტები ბათუმის საზღვაო აკადემიის, რომელიც დღეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის კვალიფიციურ კადრებს ამზადებს. ბოლო პერიოდში განხორციელებულმა რეფორმებმა საზღვაო აკადემიის რეიტინგის ამაღლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია“, – აღნიშნა მილოცვის სიტყვაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი დაესწრნენ.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ერთადერთი საზღვაო სასწავლებელია საქართველოში, რომელიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითაა აღჭურვილი და რომლის დიპლომიც საერთაშორისოდაა აღიარებული. საზღვაო აკადემიაში საგანმანათლებლო პროცესი ორი მიმართულებით ხორციელდება: საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი. ამჟამად აკადემიაში დაახლოებით 2200 სტუდენტი სწავლობს.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*