
ბედისწერა სახელად “მარაბდა“ — ცხრა ძმა ხერხეულიძე და “მათ თანა მოწყვეტილი 9000 ქართველი“
ალიონზე დაწყებული ბრძოლა გვიან ღამით დამთავრდა ქართველთა მარცხით. თუმცა ამ წაგებულ ომშიც კი ბრძოლის ველზე – დაცემული 9 ათასი ქართველის საპირწონედ – 14 ათასი ყიზილბაში დარჩა!
1625 წელს ქართველთა მოსისხლე მტერმა, ირანის მბრძანებელმა აბას პირველმა 50 000 მეომარი წარმოგზავნა საქართველოში მარტყოფის მარცხზე შურის საძიებლად. მეფე თეიმურაზ პირველმა და გიორგი სააკაძემ 20 000 მეომარს მოუყარეს თავი და კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში დაბანაკდნენ.
სამხედრო თათბირზე სააკაძე მოითხოვდა, ჯარი მანამ არ დაეძრათ, სანამ მტერი თავად არ გადმოვიდოდა შეტევაზე. ასეთ შემთხვევაში კოჯორ-ტაბახმელის ვიწრო ხევებიან მიდამოებში ირანელთა ლაშქარს გაშლისა და რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების საშუალება არ მიეცემოდა. გარდა ამისა, ზაფხულის ხვატში მარაბდის დაბლობზე ბრძოლა მეტად გაუჭირდებოდათ ქართველთა ქვეით ჯარს.
სამხედრო თათბირმა სააკაძის გეგმა არ მოიწონა და არც მიიღო. მთავარსარდლობა თავად მეფე თეიმურაზმა იტვირთა და ბრძოლის თარიღად მომდევნო დღე — 1625 წლის 1 ივლისი დათქვა. გიორგი სააკაძე კი სულაც ჩამოაშორეს ბრძოლის საერთო ხელმძღვანელობას.
შემდგომ ამისა მათმა ნაბოლარა, ერთადერთმა დამ იპყრა ხელთ დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა, და როდესაც იმანაც ჩაიმუხლა, ხერხეულიძეთა პირგამეხებულმა დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო, სანამ თავადაც შვილების გვერდით არ ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი…
მარაბდის საბედისწერო ომმა ისევ დააშორიშორა მცირე ხნით გაერთიანებული ქართლ-კახეთი. ქვეყნის ფეხზე წამოდგომასა და წელში გამართვას მთელი ასწლეული დასჭირდა, სანამ კიდევ ერთი დიდებული გმირი არ იშვა. მაგრამ წინ კიდევ ერთი ავი ბედისწერა ელოდა საქართველოს — ბედისწერა სახელად კრწანისი…