
საბერძნეთი: ლეგალურ ემიგრანტებზე ბიომეტრიული ბარათების გაცემა დაიწყო
საბერძნეთში დაიწყო პირველი ბიომეტრიული ბარათების გაცემა ემიგრანტებზე, რომლებიც ეკუთვნიან მესამე სამყაროს ქვეყნებს და ლეგალურად ცხოვრობენ საბერძნეთში.
პირველი პარტია გაშვებული იქნა თესალიისა (ქ. თესალონიკი) და ცენტრალური საბერძნეთის (ქ. ლარისა) რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ ბიომეტრიული ბარათები შეიცავენ რადიოსიხშირის ინტეგრირებულ წრედს (ე.წ. „ჩიპს”). უცხოელთა და საემიგრაციო დეპარტამენტის დირექტორის, თომას კასასის განცხადებით: „სიახლის დანერგვის პროცედურამ შეუფერხებლად და დამაკმაყოფილებლად ჩაიარა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაქსიმალური ყურადღება და დაკვირვება გამოიჩინეს, შეცდომათა თავიდან ასაცილებლად“.
გარდა ზემოაღნიშნული “ჩიპისა“, რომელშიც მფლობელის მონაცემებია ჩაფიქსირებული, ბიომეტრიული ბარათები ლამინირებულია და შეიცავენ ემიგრანტის ფოტოსურათსა და ელექტრონულ ხელმოწერას.
ბიომეტრიული ბარათის მეშვეობით მოხდება ემიგრანტთა პასპორტებში ჩაკრული „ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვის“ — თვითწებვადი ეტიკეტების („სტიკერი“) ჩანაცვლება. საემიგრაციო პოლიტიკის სამინისტროს განმარტებით: „ემიგრანტები, რომლებსაც აღებული აქვთ „სტიკერები“ 20. 02. 2017-მდე, ბიომეტრიული ბარათებით მათ მაშინვე შეცვლას არ საჭიროებენ, მანამდე, სანამ სტიკერს არ გაუვა ვადა, ამ რაიმე მიზეზის გამო საჭირო გახდება პასპორტის გამოცვლა“.
მარტივად ეს იმას ნიშნავს, რომ ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვის ქონისას არაა აუცილებელი „სტიკერის“ ახლავე ჩანაცვლება ბიომეტრიული ბარათით – არამედ მაშინ, როდესაც მას ვადა გაუვა ან რაიმე მიზეზით იმ პასპორტის შეცვლა განხორციელდება, რომელშიც ჩაკრული იყო „სტიკერი“.