
„ბნელი ხევის ეკლესიას” კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სავარაუდოდ VIII-IX საუკუნეებში აგებული ეკლესია დღეს დანგრეულია და ირგვლივ მიმობნეულია არქიტექტურული დეტალები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე VIII-IX საუკუნის ე.წ. „ბნელი ხევის ეკლესიას” საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეკლესიის ნანგრევი მდინარე ხრამის მარცხენა მხარეს მდებარეობს. ეკლესიის თუ მცირე მონასტრის შესახებ ცნობები არც ისტორიულ წყაროებში, არც სამეცნიერო ლიტერატურაში არ მოიპოვება, მდინარე ხრამის მარცხენა მხარეს არსებული ბნელი ხევის სიახლოვის გამო ადგილობრივებმა მას „ბნელი ხევის ეკლესია“ უწოდეს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტაძრის პირვანდელი სახელი უცნობია.
ეკლესია დანგრეულია და ირგვლივ მიმობნეულია არქიტექტურული დეტალები, მათი დიდი ნაწილი კი მიწითაა დაფარული.
ეკლესია გამორჩეულ ხუროთმოძღვრულ ნაგებობას წარმოადგენს. შენობას აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში ორი ფართე სარკმელი აქვს. კარი სამხრეთ კედელშია გაჭრილი, მას სუფთად ნათალი ქვის სწორკუთხა, გრძელი არქიტრავი ადევს.
„ეკლესია შიგნიდან შელესილი იყო, საკურთხევლის აფსიდში ნალესობაზე შეიმჩნევა მლოცველების ამოკაწრული ასომთავრული და მხედრული მინაწერები. გარედან, სამხრეთი სარკმლის ორსავ მხარეს, კედლის წყობაში ჩაშენებულია, ადრე შუა საუკუნეების (VI ს.) ორი სტელის დამაგვირგვინებელი მუქი წითელი ფერის ქვის ორი დეტალი — ე.წ. „უფლის საფლავის“ თუ „სიონის“ ჭვირული, დეკორირებული მოდელი“, ნათქვამია განცხადებაში.
შენობა ბრტყელი და ღარიანი კრამიტით იყო გადახურული — კარნიზი, რომლის ფრაგმენტები ეკლესიის ირგვლივაა მიმობნეული კბილანებით გაფორმებული თაროს ფორმისაა. კარნიზის ერთი მონაკვეთი ჯერ კიდევ შემორჩენილია ჩრდილოეთ კედელზე.
ეკლესიის ირგვლივ მიმოფანტულია ადრეული შუა საუკუნეების სტელათა დეკორირებული ფრაგმენტები, მათი ნაწილი მუქი წითელი ფერისაა და სტილით დმანისის მუნიციპალიტეტში, ნაგზაურის კომპლექსის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილ სტელათა ფრაგმენტებს მოგვაგონებს.
ეკლესიის ჩდილოეთით შენობის, სამხრეთით კი გალავნის კვალი იკითხება, რაც მიგვანიშნებს, რომ აქ მცირე მონასტერი ფუნქციონირებდა.