ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან მიღწევად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო კარგად გააცნოს მსოფლიოს ქართული კულტურა, ქართული ღვინო და ქვეყნის პოტენციალი.
“ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში წელს პირველად იმართება ღვინის ცივილიზაციის გამოფენა, სადაც საქართველო არის მასპინძელი, როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვანი და ღვინის ქვეყანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ივლისის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით, ბორდოსთან ერთად საქართველო უმასპინძლებს გამოფენას, სადაც გაიმართება სხვადასხვა საინფორმაციო ხასიათის წარმოდგენა, იქნება მაქსიმალური ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი უძველესი კულტურის, ქართული ღვინის, ხელოვნების შესახებ. გამოფენაზე საქართველოს წარდგენას ხელმძღვანელობს სოფლის მეურნეობის მინისტრი. ღონისძიების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა, ვთხოვო ყველა უწყებას, მაქსიმალურად ითანამშრომლოს ბატონ ლევან დავითაშვილთან, რათა საქართველო საუკეთესო კუთხით წარმოჩინდეს. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების და ჩვენი უძველესი კულტურის გაცნობის კუთხით. ეს არის დიდი მიღწევა, რომ ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, პირველი საგამოფენო წლის განმავლობაში, საქართველო იქნება მასპინძელი. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს მიღწევა. ასეთი რამ ალბათ წარმოუდგენელი იყო წლების წინ და დღეს ეს გახდა შესაძლებელი, რაც უდიდესი მიღწევაა”,- აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიაზე ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
2011 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ მეთოდს მიენიჭა უმაღლესი ეროვნული ძეგლის სტატუსი.