
ჩულპან ხამატოვა: საქართველომ მომცა უანგარო და წრფელი თანადგომის მაგალითი
— როგორ გაიცანით საქართველო?
— ეს უჩვეულო ისტორიაა. ჩემმა ახლო მეგობარმა, მსახიობმა მერაბ ნინიძემ დამპატიჟა საქართველოში, ჩამოდი, ნახე, ხალხი გაიცანი, იქნებ რამე ისეთიც კი ნახო, რაც საქმეში გამოგადგებაო. სიამოვნებით დავთანხმდი, იმიტომ რომ მანამდე ბევრი მსმენოდა თქვენი ქვეყნის შესახებ და ძალიან მინდოდა საკუთარი თვალით მენახა მშვენიერი საქართველო.
ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, გასული საუკუნის 90-იან წლებში. საქართველოში ისე ჩამოვედი, რომ პასპორტი არ წამომიღია. ახლა არ მახსოვს, რატომ: ან ვიფიქრე რომ არ დამჭირდებოდა, ან უბრალოდ, დამავიწყდა. ჰოდა, აეროპორტში გამომიცხადეს, ვერ აგიშვებთ თვითმფრინავშიო.

— იცით, მაშინ ისეთი დრო იყო, რაღაცეებზე ხშირად თვალს ხუჭავდნენ და მეც შემომიშვეს ქვეყანაში. ამაში ქართველი მეგობრები დამეხმარნენ. ზუსტად არ ვიცი, რა ტყუილ-მართალით, რა ხერხით, მაგრამ მათ ეს მოახერხეს. თუმცა მერე მესაზღვრეებისგან გავიგე, რომ მსგავსი შემთხვევა გაუგონარი რამ იყო.
მოკლედ, საქართველოსთან ნაცნობობა თავგადასავლით დავიწყე, მაგრამ მთავარი და დაუვიწყარი წინ მელოდა — სამი დღე მზიურ მხარეში.
— დიახ, ეს ნამდვილად ასეა. და მაინც, რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
— ბევრი რამ დამამახასოვრდა. თუმცა ყველაზე მეტად მაინც სწორედ ეს სტუმართმოყვარეობა. უბრალო მაგალითს გეტყვით: მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ერთ შესანიშნავ ქალთან დამაბინავეს თბილისის ცენტრში. ნინო ერქვა. ეს ძველებური, მაღალჭერიანი და მოხატულსადარბაზოიანი სახლი იყო. ცენტრალური გათბობა არ იყო, ხოლო დენი წამდაუწუმ ითიშებოდა და ბინაში ციოდა. მოკლედ, გავცივდი, ავად გავხდი. უნდა გენახათ, როგორ მივლიდა ნინო. დილით თვალი გავახილე თუ არა, მაშინვე სამზარეულოდან გამოსულმა სასიამოვნო სურნელმა შემიღიტინა ცხვირში. მერე ნინომ შემოიხედა ოთახში, მომიკითხა, საუზმე მომართვა და ქართული ჭაჭა ძალით გადამაკვრევინა — ესაა შენი წამალი, ეს დაგაყენებს ფეხზეო.
მაშინ სად აღარ ვიყავი, თბილისიც შემოვიარე, მცხეთაშიც ვიყავი, წითელი ღვინოც დავაგემოვნე და ბევრი საინტერესო ნაცნობიც შევიძინე. და ამ სამი დღის განმავლობაში სტუმრის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ყველგან და ყველაფერში ვგრძნობდი. უკან, სახლში რომ დავბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მკაფიოდ სწორედ ეს ფანტასტიკური ემოცია შემოენახა ჩემს მეხსიერებას.
— კიდევ რომელი თვისება გამოარჩევს ქართველებს თქვენი აზრით?
— გულღიაობა, გულკეთილობა, გულუხვობა… ქართველს არ უნდა უთხრა, რა ლამაზად გაგიწყვია სუფრაო. ეტყვი და, შინ გაგატანენ! არ ვხუმრობ. ერთ ოჯახში ვიყავით სტუმრად — ახლა აღარც მახსოვს, სად და ვისთან. არაჩვეულებრივად გვიმასპინძლეს, შესანიშნავი სუფრა გაგვიშალეს, თავისი სიმღერებითა და ცეკვებით.
— ზოგადად ქართული სუფრა მომწონს, როცა კერძები ლამის გაუჩერებლად შემოაქვთ, ღვინო მდინარესავით მოედინება და სადღეგრძელო საღეგრძელოზე ითქმება, მაგიდას საცივი, ფხალი, ტოლმა ამშვენებს…
ერთხელ სტუმრად ვიყავით და სუფრაზე დიდი და მრგვალი პელმენები შემოიტანეს. ეს რანაირი პელმენებია-მეთქი, ვიკითხე. თამადას სიცილი აუტყდა, ეს ხინკალია, პელმენების ბაბუაო…
რა ვქნა, ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო და ეს ჩემი პირადი „უბედურებაა“, იმიტომ რომ საქართველოში ყოველი ჩამოსვლა სტრესია ჩემი ფიგურისთვის.
— და ადგილებიდან ყველაზე მეტად რომელი დაგამახსოვრდათ?
— მცხეთა! წარმოუდგენელი ემოციები დამეუფლა, როცა ჯვრის მონასტრის სიმაღლიდან გადავხედე არაგვისა და მტკვრის შესართავს. ეს იყო იმპრესიონისტული ბედნიერება…
— კი, როგორ არა. ჩვენი ფონდი „აჩუქე სიცოცხლე“ („Подари Жизнь”) ნამდვილად დახმარებია აქაურ ბავშვებს, მაგრამ სამწუხაროდ, არცთუ ხშირად. ამას მარტივი ახსნა აქვს: ხშირად ისე გამოდის, რომ თბილისიდან ბავშვის სამკურნალოდ გაგზავნა გერმანიასა და ისრაელში უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მოსკოვში. უამრავი ბიუროკრატიული საკითხია ხოლმე გადასაჭრელი, რაც ძალიან რთული, მით უმეტეს, დისტანციურად. მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობთ, გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ძალებს არ აღემატება.
აუცილებლად უნდა გადავუხადო მადლობა მომღერალ ნინო ქათამაძეს, რომელიც საქველმოქმედო კონცერტების ჩატარებაში ხშირად გვეხმარება ხოლმე.

სხვათა შორის, ამაში საქართველოს დამსახურებაც არის, იმიტომ რომ მან მომცა მაგალითი უანგარო და წრფელი თანადგომისა.