
„CLASSIC MEETS JAZZ“
29 აგვისტოს, „გერმანია საქართველოს წლის“ ფარგლებში, „ბერლინ კონცერტჰაუსში“ მსოფლიოში აღიარებული ქართველი მუსიკოსების – გიორგი მიქაძის, ლიზი რამიშვილისა და ანსამბლ „ბასიანის“ ტრიოს კონცერტი სახელწოდებით „CLASSIC MEETS JAZZ“ გაიმართება. კონცერტზე ექსკლუზიურად შესრულდება პროექტ „GEORGIAN OVERTONES”-ის ფარგლებში, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელია პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 23 აგვისტოს, კულტურის სამინისტროში ჩატარდა პრესკონფერენცია. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, პიანისტი გიორგი მიქაძე, ანსამბლ „ბასიანის“ დირექტორი ზურაბ წკრიალაშვილი და გერმანიაში საქართველოს კულტურის ატაშე რუსუდან (დუდანა) მაზმანიშვილი.
კონცერტში მონაწილეობენ: აღიარებული შვედი ტრომბონისტი, მომღერალი და პროდიუსერი ნილს ლანდგრენი, ცნობილი პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე, ახალგაზრდა ვირტუოზი ჩელისტი ლიზი რამიშვილი და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ ტრიო – სერგო ურუშაძის, პაატა ცეცხლაძისა და ზურაბ წკრიალაშვილის შემადგენლობით, ასევე ბიორნ ანფინსენი (საყვირი), ელენ ანდრეა ვანგი (კონტრაბასი) და ევა კლესი (დასარტყამი ინსტრუმენტები).
აღნიშნული ღონისძიება იმართება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალ „Young Euro Classic“-ის ფარგლებში, რომელიც თავისი მნიშვნელობით ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური ღონისძიებაა.
აღსანიშნავია, რომ 29 აგვისტოს ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზ „ბერლინ კონცერტჰაუსში“ გამართული კონცერტი, წარმატებული ქართველი და გერმანელი მუსიკოსების მონაწილეობით, პირდაპირი ეთერით გადაიცემა ევროპული კულტურის ფრანგულ-გერმანული ტელე-არხ ARTE-ს მეშვეობით.
(concert.arte.tv/young-euro-classic).
29 აგვისტოს ფესტივალ „Young Euro Classic“-ის, ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი “GEORGIAN OVERTONES” ტარდება საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხოლო ორგანიზატორი საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.