Skip to Content

ცხინვალის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა

ცხინვალის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა

Be First!

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონოს დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არაღიარებულ რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება კვლავ აქტუალურია.

ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხდა.

“ვფიქრობ, რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. 2014 წელს, როდესაც გვქონდა რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა, მაშინ, სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა გავუშვით. ახლა ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ პლებისციტმა შედეგები მოიტანოს. გასულ წელს სამხრეთ ოსეთის ყოფილ პრეზიდენტთან დადებული შთანხმება, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, რა თქმა უნდა, კვლავ აქტუალურია. მაგრამ, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციის გარეშე, სანამ არ განვსაზღვრავთ ჩვენი მომავლის “სტრატეგიულ გეგმას”, რა თქმა უნდა, რთული იქნება რაიმე ნაბიჯის გადადგმა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არავი უარყოფს რეფერენდუმის ჩატარების იდეას, სამხრეთ ოსეთის ხალხს სურს მისი გამართვა და ადრე თუ გვიან, მივალთ მანამდე”, – განაცხადა ბიბილოვმა.

ამასთან, მსოფლიოში მოვლენათა სწრაფი ცვალებადობის ფონზე, ბიბილოვი არ გამორიცხავს, რომ ე.წ. რეფერენდუმი მიმდინარე წელს არ ჩატარედეს.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს იურიდიული ძალა არ ექნება. შესაბამისად, საერთაშორისო თანამეგობრობა ცხინვალის რეგიონს კვლავ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.

“რეფერენდუმის ჩატარება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს. ამიტომ, არ შეიცვლება არც დე იურე და არც დე ფაქტო ვითარება. კერძოდ, დე იურე ვითარება არ შეიცვლება, რადგან ცხინვალის რეგიონი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დარჩება, როგორც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. რაც შეეხება დე ფაქტო ვითარებას, ის შემდეგია: თითქოს დღეს რუსეთი აღიარებს ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას, თუმცა აქ რაიმე დე ფაქტო დამოუკიდებლობაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარებას რუსეთი აკონტროლებს. ეს რეგიონი რუსეთის მიერ არის არამხოლოდ ოკუპირებული, არამედ ანექსირებულიც”, – განაცხადა “პირველთან” საუბარში ჩიტაძემ.

პოლიტოლოგის განმარტებით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემთხვევაში განსხვავებული ვითარებაა, რადგან ყირიმის მოსახლეობის 60% ეთნიკური რუსია, რომელთა მიზანი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა არ არის, არამედ რუსეთთან შეერთება.

“რუსეთს ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან ყირიმისაგან განსხვავებით სხვა პოლიტიკა გააჩნია, რადგან რუსეთი მათ დამოუკიდებლობას აღიარებს”, – აღნიშნავს ნიკა ჩიტაძე.

რუსეთმა 2014 წელს ე.წ. რეფერენდუმის საფუძველზე ყირიმის ანექსია მოახდინა და ის ფედერეციის შემადგენლობაში შეიყვანა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირება განახორცელა და დღემდე აკონტროლებს ამ ტერიტორიებს.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*