Skip to Content

„დავითიზმის“ საფუძვლები და კოლოსალურ ძალად შენივთებული ქართველობა

„დავითიზმის“ საფუძვლები და კოლოსალურ ძალად შენივთებული ქართველობა

Be First!

ეს იყო „დავითიზმი“, როცა ქართველობა გონიერი და ძლიერი მესაჭის ხელში მოუსვენარ, შენივთებულ, კოლოსალურ ძალად, ყველაფრის წამლეკ სტიქიად იქცა.

დავით აღმაშენებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ მეფედ სამართლიანად მიიჩნევა. დიდებულმა მონარქმა შეუძლებელი შეძლო — „დიდი თურქობის“ დროს მიწასთან გასწორებული ქვეყანა ჩაიბარა და მემკვიდრეს ორ ზღვას შუა გადაჭიმული იმპერია დაუტოვა.

მემატიანე „დიდი თურქობის“ უსაშინლეს წლებს ასე აღწერს:

  • „არა იყო მათ ჟამსა შინა თესვა და მკა, მოოხრდა ქვეყანა და ტყედ გარდაიქცა. ნაცვლად კაცთა მხეცნი და ნადირნი ველისანი დაემკვიდრნენ მას შინა და იყო ჭირი მოუთმენელი ყოველთა ზედა მკვიდრთა ქუეყანისათა… მოხუცებულნი არა შეწყალებულ იქმნეს, ხოლო ქალწულნი გინებულნი, ჭაბუკნი დაკუეთებულნი, ხოლო ჩვილნი მიმოდატაცებულნი… მდინარე სისხლიანი, ნაცვლად წყლისა ნაკადულითა მრწყეველნი ქუეყნისანი“.

ამას თან დაერთო უძლიერესი მიწისძვრაც, რომელმაც მიწასთან მოასწორა მტერს გადარჩენილი ქალაქები და სოფლები და არნახული ნგრევა და მსხვერპლი მოიტანა:

  • „შეძრა ქუეყანა საფუძველითურთ, ესოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქი და სოფელი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს..“

    აი, ასეთი საქართველო ჩაიბარა დავითმა, შთამომავლობას კი განუზომლად დიდი საერთაშორისო მნიშვნელობის ქვეყანა გადააბარა.

    დავით აღმაშენებელი ნამდვილად იყო უნივერსალური მმართველი, ყოველმხრივ წარმატებული პიროვნება, რომელსაც ბადალი არ მოეძებნება სამყაროს ისტორიაში. მარამ დიდი გამარჯვებები თავისით არ მოსულა, ამას წინ უძღოდა დიდი შრომა და რადიკალური რეფორმები, რომელმაც ფენიქსივით ააღორძინა ნაცარტუტად ქცეული ქვეყანა.

    ყველა რეფორმაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მხოლოდ ოთხ ძირითად მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას:

     სტრუქტურული რეფორმა

    მეფემ პირველ ვაზირად, ანუ მეორე ადამიანად ქვეყანაში მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი გახადა. არა ამირსპასალარი (თავდაცვის მინისტრი) ან მანდატურთუხუცესი (შინაგან საქმეთა მინისტრი), რაც სავსებით ლოგიკური იქნებოდა ქვეყანის მდგომარეობიდან გამომდინარე, არამედ მწიგნობართუხუცესი, ანუ განათლების მინისტრი.
    მართლაც რომ შეუცნობელ არს დიდი დავითის გენია. დიდმა მეფემ უზარმაზარი ძალისხმევა, ენერგია და სახსრები შეალია გელათისა და იყალთოს აკადემიების დაარსებას, რათა ქართველებს სამშობლოშივე მიეღოთ სრულფასოვანი განათლება, ათონის, შავ თუ სინას მთებზე ან იერუსალიმში კი არ წასულიყვნენ.
    უფრო მეტიც, საზღვარგარეთ მოღვაწე დიდი ქართველი სწავლულები სამშობლოში დააბრუნა და მომავალი თაობის აღზრდის საპასუხისმგებლო საქმე მიანდო. სწორედ დიდმა მეფე დავით IV-მ ჩაუყარა საძირკველი იმ დიდ საგანმანათლებლო და კულტურულ რენესანს, რომელიც გიორგი მესამისა და თამარის ეპოქებში დაუდგა საქართველოს.

    ადმინისტრაციული რეფორმა

    დავითმა მეფობა ძალაუფლების განმტკიცებით დაიწყო, რამეთუ „დიდი თურქობით“ საფუძველშერყეული და დაკნინებული სამეფო ხელისუფლება მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა. მემატიანე წერს: „საზღვარი სამეფოსა იყო მთა მცირე ლიხთა და სადგომი სამეფოსი წაღვლისთავი.“ ეს იყო და ეს, დანარჩენი საქართველო სელჩუკთა და თავგასულ ქართველ ერისთავთა სათარეშოდ ქცეულიყო.

    და მეფემ, რომელიც ერისთავობას ცენტრალიზებული სახელმწიფოსთვის შეუფერებლად მიიჩნევდა, გადაწყვიტა ერისთავები სამეფო კარისთვის დაექვემდებარებინა. თვით დიდ ერისთავებსაც კი საქვეყნოდ გამრიგე „მოსაკარგავზე მჯდომ“ (ანუ ხელფასზე მყოფ) მოხელეებად აქცევდა, რომელთაც ნებისმიერ დროს ნებისმიერ რეგიონში გაამწესებდა მმართველად. ასე გადაიყვანა, მაგალითად, კახეთის დიდი ფეოდალი აბულეთი ანისის მმართველად, ხოლო სტრატეგიული დანიშნულების კლდეკარი და შირვანი სასულიერო პირს, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს ჩააბარა სამართავად…

    დავითის მტკიცე ხელმა მარწუხივით მოუჭირა დიდებულებს, რომლებიც მეტად უკმაყოფილონი იყვნენ მეფის პოლიტიკით. მაგრამ ვინც ურჩობა გაბედა, ყველას უმკაცრესის სასჯელი ერგო: ხელმწიფის ბრძანებით, პატივი და ღირსება აეყარათ, მათი სამფლობელოები სამეფო დომენად გამოცხადდა, ბევრი კი სულაც სიკვდილით დაისაჯა.

    სწორედ მოღალატე ერისთავების დამარცხებით გამოაცალა დავითმა სელჩუკებს დასაყრდენი, ხელისუფლება განიმტკიცა და „ზურგის უსაფრთხოება“ უზრუნველყო. ამის შემდეგ კი კიდევ უფრო გააქტიურდა თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში.

     სამხედრო რეფორმა

    ახალგაზრდა მეფემ „განამრავლა სპანი“, აღჭურვა ის იარაღითა და ცხენებით და მათ წვრთნას შეუდგა. „უწყინოთა ლაშქრობითა“ და მცირე ბრძოლებით უნერგავდა მებრძოლებს გამარჯვების რწმენას, ასწავლიდა ბრძოლის სტრატეგიასა და ტაქტიკას და მოაგონებდა ქართველთა სახელოვან გამარჯვებებს.

    უმკაცრესი იყო ლაჩართა მიმართ. ქალის ტანისამოსში გამოაწყობდა და მოლაშქრეებში ჩამოატარებდა ხოლმე — ამ გზით თრგუნავდა მეომრებში შიშის გრძნობას. დავითმა აკრძალა ჯარში ბილწსიტყვაობა, უგვანი სიმღერები და იდეალური წესრიგი დაამყარა. ლაშქრის წყობაშიც ბევრი სიახლე შეიტანა, ხოლო ქვეითი ჯარი თანდათან ცხენოსანი რაზმებით შეცვალა.

    დავითის ცხოვრება — ეს ყოველდღიური ომების ქრონიკა იყო სელჩუკების წინააღმდეგ. მაგრამ გლეხს ლაშქარში ვერ დაიტოვებდა, მიწას პატრონ-მიმხედავი სჭირდებოდა, რათა ქვეყანაში შიმშილობა არ დაწყებულიყო. და მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მეომრის შენახვა ძალიან ძვირი ჯდებოდა, მეფემ აქცენტი მაინც მუდმივი სპის ჩამოყალიბებაზე გააკეთა. ამ მიზნით დავითმა დასავლური „მაიორატის“ სისტემა დანერგა საქართველოში. ამ სისტემის მიხედვით, უძრავი ქონება მამისგან უფროს ვაჟს გადაეცემოდა მემკვიდრეობით, დანარჩენი ვაჟები კი სახლ-კარისა და სახნავ-სათესი მიწების გარეშე რჩებოდნენ. ისინიც მეფის სამსახურში დგებოდნენ, რათა საკუთარი მარჯვენით გამოემუშავებინათ ოჯახის სარჩენი თანხა. ანუ მეფემ ისე „განამრავლა სპანი“, რომ გლეხი მიწას არ მოწყვიტა.

    ფისკალური რეფორმა

    დავით აღმაშენებელმა საგადასახადო ნიხრები საქმიანობისდა მიხედვით დააწესა. მაგალითად, მიწათმოქმედი თუ მესაქონლე გაცილებით ნაკლებს იხდიდა, ვიდრე ხელოსანი, ხოლო ვაჭრები — მათზე მეტს.
    მეფე „კარდაკარ დადიოდა“ სახელმწიფო სამსახურში ჩასაყენებელთა შესარჩევად. წარმომავლობას მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, მთავარი იყო საქმის ცოდნა, ქვეყნისა და მეფის ერთგულება. ჰოდა, ყმები დიდებულები ხდებოდნენ, უგვაროები წინაურდებოდნებოდნენ და ვეზირობასაც კი აღწევდნენ.

    დიდმა მეფემ კარგად უწყოდა ქართველთა ბუნება, რომლებიც „რაჟამს განდიდნენ, განსუქნენ და დიდება პოონ და განსუენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა“. ამიტომ მოსვენება არ მისცა მიძინებულ, გათითოკაცებულ და დაშინებულ ერს — გამოაფხიზლა, განცხრომა არ დააცადა, სიზარმაცე მიატოვებინა, გაუტანლობა და ღვარძლი დაავიწყა და ქვეყნის სამსახურში ჩააყენა დაუნჯებული ენერგია.

    ეს იყო „დავითიზმი“, როცა ქართველობა გონიერი და ძლიერი მესაჭის ხელში მოუსვენარ, შენივთებულ, კოლოსალურ ძალად, ყველაფრის წამლეკ სტიქიად იქცა, და რომელიც, სამწუხაროდ, აღმაშენებლის სიკვდილით დასრულდა.

     

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*