დიდ შაბათს წმიდა ეკლესია იხსენებს მაცხოვრის საფლავად დადებას, ხორციელად საფლავში ყოფნას, ხოლო განღმრთობილი სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და მართალთა სულების გამოხსნას, ასევე, გვაზიარებს საოცარ მოლოდინს უდიდესი მოვლენისა – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომისა.
ამ დღეს საზეიმოდ ინათლებიან “ნათვლადგანმზადებულნი”, რომლებიც წმიდა ბასილი დიდის წირვაზე ეზიარებიან კიდეც.
ყოველ დიდ შაბათს, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ხდება წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გრძელდება და უფლის ხილულ სასწაულს წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მორწმუნეთათვის იმის მანიშნებელია, რომ უფალს მორწმუნენი არ დაუვიწყებია.
დიდი შაბათის მსახურების დასრულების შემდეგ მლოცველები მდუმარებით, მარხვითა და აღსარებით ემზადებიან ზეიმისათვის.