Skip to Content

“ეს ქვეყნის ღირსების საკითხია! რა ინტერესიც არ უნდა გააჩნდეს მეზობელ ქვეყანას, მან უნდა იცოდეს, რომ საქართველოში დემოკრატიული სივრცეა!”

“ეს ქვეყნის ღირსების საკითხია! რა ინტერესიც არ უნდა გააჩნდეს მეზობელ ქვეყანას, მან უნდა იცოდეს, რომ საქართველოში დემოკრატიული სივრცეა!”

Be First!

“ეს მახსენებს დიდგორის გამარჯვების თარიღის დასვენების დღედ გამოცხადების თაობაზე ამასწინანდელ სკანდალს. ასეთი დაბნეული ბატონი ქანთარია არ მინახავს, როდესაც ხმის კანკალით აცხადებდა, თურქეთის საელჩოდან დაგვირეკესო, გვთხოვესო და ა.შ. როცა სხვა ქვეყანა ბედავს და გკარნახობს, რა თარიღი აღნიშნო და რა არა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია. ისტორიის ინტერპრეტაცია შენი სუვერენული უფლებაა და ამაში ჩარევის უფლება არავის აქვს!”

რამდენად სწორად ვითარდება ქვეყანა და შესაძლებელი იყო თუ არა ამ პროცესის დაჩქარება?
ნიჰილისტურად განწყობილი მოქალაქეების არცთუ მცირე ჯგუფი ხშირად ასე სვამს ხოლმე საკითხს, არის კი საქართველო რეალურად დამოუკიდებელი? ძირითადად, გულისხმობენ უცხო ქვეყნების ინტერესებს, რომელთა გათვალისწინებაც უწევს საქართველოს…
ეს საკითხი განსაკუთრებულად გამძაფრდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჯერ იყო და სკანდალად იქცა დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის დაკავება. ის ინტერპოლით ძებნილი არ ყოფილა, თუმცა, როგორც ირკვევა, თურქეთის მთავრობა ტერორისტად გამოცხადებულ გიულენთან კავშირის გამო ითხოვს მის გადაცემას. მოგეხსენებათ, საქართველოში არაერთი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც სწორედ ამერიკაში მცხოვრებ ფეთჰიულა გიულენს უკავშირდება. შესაბამისად, გაჩნდა ვარაუდი, რომ თურქეთის მთავრობა შესაძლოა ჩვენს ხელისუფლებას ამ დაწესებულებების გაუქმებას სთხოვდეს…

ამას ორიოდე დღის წინ, თბილისიდან აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გაუჩინარება მოჰყვა.
ჟურნალისტის მტკიცებით, ის საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დააკავეს, სცემეს და ბაქოში წაიყვანეს. მისივე თქმით, პირებმა, რომლებიც სავარაუდოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, თანხაც ჩაუდეს. 31 მაისს მუხტარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მისი ადვოკატის თქმით, მუხტარლის ახალი ბრალდება წარედგინა – ძალის გამოყენებით მესაზღვრის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა. საქართველოს ხლეისუფლების წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ მუხტარლის დაკავებაში ქართული სამართალდამცავი სტრუქტურების მონაწილეობას.

გვესაუბრება ანალიტიკოსი ვალერიან გორგილაძე:

– თანამედროვე სამყაროში აბსოლუტურად სუვერენული ქვეყანა აღარ არსებობს, ზოგჯერ ამერიკის შეერთებული შტატებიც კი დამოკიდებულია, მაგალითად, ისეთ ქვეყანაზე, როგორიც ჩინეთია, ასევე საუდის არაბეთზე და ა.შ. დღეს 100%-იანი სუვერენიტეტი სისულელედ ჩანს და არც კი ვიცი, არის კი საჭირო საერთოდ? ვინაიდან, რაც მეტად იქნებიან სახელმწიფოები ერთმანეთზე დამოკიდებული, მით შემცირდება კონფლიქტების შესაძლებლობა.

თუმცა, თუ ობიექტურად გავაანალიზებთ ამ საკითხს, ვნახავთ, რომ საქართველო საკმაოდ შეზღუდულია. ამის მიზეზი უპირველესად ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებია. ტერიტორიის ოკუპაცია ნებისმიერი ქვეყნისთვის სწორედ სუვერენიტეტის შეზღუდვაა.გარდა ამისა, დღემდე, თურქეთის გარდა, არც ერთ მეზობელთან არა გვაქვს სახელმწიფო საზღვარი ბოლომდე დადგენილი.

ამას ემატება განსაზღვრულ ტერიტორიებზე კომპაქტურად დასახლებული სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა, რაც, ერთი მხრივ, სიმდიდრეა, აქტივი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრაქტიკულად საომარი პირობების მიუხედავად, ისინი თანაცხოვრებას მშვიდობიანად ახერხებენ.

მაგრამ პრობლემა თავს არჩევნებისას იჩენს ხოლმე, როდესაც ჩნდება საკითხი, საიდან და რა შეტყობინებას მიიღებს ესა თუ ის დიასპორა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიქცეს არჩევნებზე. აქაც ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რამდენად სუვერენულია ქვეყანა, რომლის მოსახლეობის ნაწილიც გადაწყვეტილების მისაღებად საიდანღაც ელის შეტყობინებას?
ასევე, პრობლემად მეჩვენება ის, რომ აჭარაში თურქულმა კაპიტალმა ძალიან გაიდგა ფესვი. ლიბერალები, ალბათ, იტყვიან, საშიში არაფერიაო, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მით უფრო, თუ ისტორიულ გამოცდილებას გავიხსენებთ. ეს ყველაფერი რისკებია, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. ხელისუფლების მთავარი ამოცანა საქართველოს სუვერენიტეტის გამყარება და გაძლიერებაა! ამ თვალსაზრისით სამუშაოა ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ ძმებთან, საჭიროა მათი ღრმა ინტეგრაცია ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში. ეს ყველაფერი იწყება განათლებით, სწორედ კულტურული ინტეგრაციით უნდა დაიწყოს მათი ქვეყნის პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა.
ვიმეორებ – ამ ქვეყნის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა სწორედ სუვერენიტეტის გაძლიერება. ნაწილობრივ ამის გადაწყვეტის გზა ნატოში გაწევრებაა, თუმცა ამასაც თავისი რისკები ახლავს.

– გასული კვირის სკანდალად იქცა დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის დაკავება, რამაც გააჩინა ეჭვები, რომ საქართველოს ხელისუფლება იძულებულია მეზობელი ქვეყნის ინტერესი გაითვალისწინოს…

– ისევ უნდა დავუბრუნდეთ სუვერენიტეტის საკითხს.

ეს მახსენებს დიდგორის გამარჯვების თარიღის დასვენების დღედ გამოცხადების თაობაზე ამასწინანდელ სკანდალს. ასეთი დაბნეული ბატონი ქანთარია არ მინახავს, როდესაც ხმის კანკალით აცხადებდა, თურქეთის საელჩოდან დაგვირეკესო, გვთხოვესო და ა.შ. როცა სხვა ქვეყანა ბედავს და გკარნახობს, რა თარიღი აღნიშნო და რა არა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია. ისტორიის ინტერპრეტაცია შენი სუვერენული უფლებაა და ამაში ჩარევის უფლება არავის აქვს!

ამის მერე, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რას აკეთებს ერდოღანი თურქეთში, არ არის გამორიცხული, ეს პროცესი სწორედ თურქეთის ზეწოლით ხდებოდეს. მას რომ საქართველოზე მოქმედების ბერკეტი აქვს, ზემოთაც ვახსენე. საგანგაშო და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ხელისუფლება იძულებულია, მოიქცეს ისე, როგორც არ უნდა იქცეოდეს. ჩემი აზრით, არასწორი იქნება, საქართველომ საერთოდ რომელიმე ქვეყანას გადასცეს დაკავებული პირი, თუ ის განსაკუთრებით საშიშ დანაშაულში არ იქნება ბრალდებული და ბრალდება მაქსიმალურად არ იქნება მტკიცებულებებით გამყარებული. ეს ყველაფერი ქვეყნის პრესტიჟს მნიშვნელოვნად დააზიანებს.

– კიდევ უფრო დიდი ხმაური მოჰყვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს… საქართველოს შს მინისტრმა მუხტარლის დაკავებაში ქართული სამართალდამცავი სტრუქტურების მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია უარყო…
– ძალიან მინდა, რომ ასე იყოს. თუმცა ბევრი კითხვა არსებობს, როგორც ჟურნალისტის მეუღლე ამბობს, მას პასპორტი სახლში ჰქონდა, ასევე როდესაც ბოლოს ელაპარაკა ტელეფონზე, მეუღლე სახლში აპირებდა მისვლას და არა სადმე  სხვაგან წასვლას… აშკარაა, რომ კვლავაც პრობლემა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერაა, ეს სუვერენიტეტი შეზღუდულია და ვლინდება სწორედ ასეთ პრობლემებში… ეს არის ქვეყნის ღირსების საკითხი. იმედი მაქვს, რომ ამ საქმეში გაჩენილ კითხვებს შს სამინისტრო დამაჯრებელ პასუხს გასცემს.

– აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმემ ჩვენს საზოგადოებაში დიდი პროტესტი გამოიწვია, როგორ ფიქრობთ, უნდა გამოიყენოს თუ არა საქართველომ ეს ანალოგიურ სიტუაციაში მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობისას?
– რა თქმა უნდა, როდესაც შენი ქვეყანა თავისი დემოკრატიულობის ხარისხით აღემატება მეზობელ ქვეყნებს, შენ ყოველთვის შეგიძლია თქვა, რომ ამ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს საზოგადოებრივი პროტესტი, ეს პროტესტი კარგია, რადგან ყოველთვის აძლევს ხელისუფლებას გარკვეულ ბერკეტს. რა ზეწოლაც არ უნდა იყოს კულუარულად, რა ბერკეტებსაც არ უნდა იყენებდნენ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, არგუმენტად ყოველთვის შეიძლება გამოიყენო ის, რომ ნებისმიერმა ასეთმა საეჭვო ოპერაციამ, შეიძლება საზოგადოებრივი შფოთი გამოიწვიოს, ეს ხელსაყრელი ხელისუფლებისთვის გარემოებაა.

ჩვენი მთავარი ღირებულებაა დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ხოლო ჩვენი მეზობლების ღირებულებათა სისტემაში ეს უფლებები პირამიდის სათავეს არ წარმოადგენს. მესმის, რა მდგომარეობაშია ჩვენი ხელისუფლებაც, ერთი მხრივ არ უნდა აწყენინოს მეზობლებს და ცდილობს მათი ინტერესი გაითვალისწინოს, მაგრამ ამავე დროს, უნდა გააგებინოს ამ ქვეყნებს, რომ ჩვენ სხვა პარადიგმით ვხელმძღვანელობთ, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვნი ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გვენდობიან, ჩვენი იმედი აქვთ, ამიტომ მათი ინტერესების დაცვა ამ ქვეყნის უმთავრესი ამოცანაა! მეზობლებთან მოლაპარაკებებში პრინციპული პოზიციის დაკავებაა სტრატეგიული ამოცანაა. არსებობს წითელი ხაზები, რა ინტერესიც არ უნდა გააჩნდეს მეზობელ ქვეყანას, მან უნდა იცოდეს, რომ საქართველოში არის დემოკრატიული სივრცე და ხელისუფლება ხელმძღვანელობს დემოკრატიული სტანდარტებით, ვინაიდან ამ დემოკრატიულ სტანდარტებათან დაკავშირებით საზოგადოებაში არის კონსენსუსი, რაც ვლინდება საზოგადოებრივ პროტესტში და შესაბამის რეაქციებში.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*