Skip to Content

იაკობ გოგებაშვილი

იაკობ გოგებაშვილი

Be First!

14 აპრილს “დედა ენის” დღე აღინიშნება.

“დედა ენის” ავტორის, იაკობ გოგებშვილის, ღვაწლი საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე შეუფასებელია. ილიასა და აკაკის მხარდამხარ მთელი თვაისი სიცოცხლის მანძილზე ის ემსახურებოდა სამშობლოს, თავის ერს, მშობლიურ ენას.

იაკობ გოგებაშვილი 1840 წლის 15 ოქტომბერს (27 ოქტომბერი) სოფელ ვარიანში (ახლანდელი გორის რაიონი) დაიბადა. მამამისი მღვდელი იყო და , ბუნებრივია, სურდა, რომ შვილებიც სასულიერო პირები გამოსულიყვნენ. იაკობი კი დედასაც და მამასაც ბერად წარმოედგინათ, ვინაიდან მას ძალზედ გამჭრიახი და მკვირცხლი გონება ჰქონდა. უამრავ ლოცვას, ლექსსა და საგალობელს ერთი-ორი მოსმენით ადვილად ითვისებდა.

მეგობარ-ამხანაგებს იაკობი ძალიან უყვარდათ. ის დაუღალავად უყვებოდა თანატოლებს ნაირ-ნაირ მოთხრობებსა და ლექსებს. მშობლებისაგან იაკობს მუსიკალური ნიჭიც დაჰყვა. პატარაობიდან მას ძალიან იზიდავდა სოფლის ბუნება: საათობით აკვირდებოდა სხვადასხვა ჩიტებს, ხეებს, ყვავილებს, ცხოველებს, ცას, ქარს და წვიმას. ამის დამსახურებაა, ალბად, რომ მომავალში ასე საინტერესოდ შეძლო სამყაროს მშვენიერების აღწერა „ბუნების კარში“.

დაწყებითი განათლება, მაშინდელი წესისამებრ, მას ოჯახში მისცეს, შემდეგ კი გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს ცოდნის გასაღრმავებლად. 1855 წელს ის თბილისის სასულიერო სასწავლებლის მსმენელი ხდება, ხოლო 1861 წლიდან სწავლას კიევის სასულიერო აკადემიაში აგრძელებს.

1863 წელს იაკობ გოგებაშვილი სამშობლოში ბრუნდება და მუშაობას იმ სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად იწყებს, სადაც ოდესღაც თავად სწავლობდა. 1868 წელს ის ინსპექტორად დაინიშნა. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და ყველაფერი ქართული მაქსიმალურად იდევნებოდა. სკოლებში ქართული ენის ხსენებაც კი აკრძალებოდა, არისტოკრატებს ქართულად ხმის ამოღება ესირცხვებოდათ, ინტელიგენცია რუსულად აზროვნებდა. ქართული ენის შესასწავლად ორგვერდიანი ნაბეჭდი ანბანი არსებობდა მხოლოდ, ისტორიასა და გეოგრაფიას ვინღა ჩიოდა. სკოლაში ძალიან მკაცრი და უსამართლო წესები ჰქონდათ: მოსწავლეთა წკეპლით ცემა, მუხლებზე დაყენება და ა.შ.

ამ ვითარებაში იაკობ გოგებაშვილი აქტიურად შეუდგა ქართული ენის მსახურებას. 1865 წ. გამოვიდა მისი „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, შემდეგ – „ბუნების კარი“ (1868), „დარიგება მოსწავლეთათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში“ (1872), იბეჭდება ყველა ქართველისათვის მშობლიურ წიგნად ქცეული „დედა ენა“ (1876).

ამასობაში 1874 წელს ახალგაზრდა ინსპექტორი პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან დაითხოვეს. მძიმე ავადმყოფი, სახელმწიფო ბინიდან გამოგდებული, გოგებაშვილი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო. საბედნიეროდ, ის მეგობარმა შეიფარა. მაშინ, იმ საშინელი იმედგაცრუების ჟამს მან დაწვა ყველა ოფიციალური საბუთი, სემინარიის ატესტატი, აკადემიაში სწავლის მოწმობა და ფიცი დადო: “ამიერიდან მთელი ჩემი სიცოცხლე, ძალა და ღონე ჩემს ქვეყანას უნდა მოვახმაროო”. ამის შემდეგ იაკობ გოგებაშვლს სახელწიფო სამსახურში აღარ უმუშავია და თავი პედაგოგიკის თეორიასა და სამწერლობო საქმეს მიუძღვნა. გარდა ამისა ის აქტიურად მონაწილეობდა ზეპირსიტვიერების შეგროვებაში, ააწყო საბავშვო ჟურნალების გამოცემა, საფუძველი ჩაუყარა ხალხური სიმღერების ნოტებზე გადატანის პროცესს. მისის ინიციატივით იხსნება სასოფლო-სამეურნეო სკოლა, მრავალი ბიბლიოთეკა.

ამ დროს იწყებს მოქმედებას ი. მამაცაშვილის ლიტერატურული სალონი. მამაცაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების ერთერთი ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე იყო. იაკობ გოგებაშვილი მთელი ძალისხმევით ერთვება ამ საზოგადოების საქმიანიბაში და 1879 წლიდან საზოგადოების გამგეობის წევრი ხდება. ის წიგნების გამოცემით მიღებული თანხებით დიდ დახმარებას უწევდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“. იყო შემთხვევა, როდესაც წიგნის სრული ჰონორარი, ცამეტი ათასი მანეთი – იმ დროისათვის ძალიან დიდი თანხა, სრულად გადასცა საზოგადოებას. თანამედროვეები აღნიშნავდნენ: „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” იაკობ გოგებაშვილის მეორე ოჯახი იყო. საკუთარი ოჯახი კი იაკობს არ ჰყავდა. მან თავი მთლიანად საქართველოს და მის მომავალს მიუძღვნა: არ ყოფილა არც ერთი ეროვნული საქმე, რომელშიც სიტყვით თუ ფინანსური დახმარებით აქტიური მონაწილეობა არ მიეღო.
გოგებაშვილმა კარგად იცოდა, რომ მხოლოდ წიგნით ვერ შეძლებდა ერის განათლებას. იგი იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის. აღსანიშნავია, რომ ის სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. ბევრმა მისი შუამდგომლობით სტიპენდია მიიღო, მათ შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორები ზაქარია ფალიაშვილი და დიმიტრი არაყიშვილი. ამ დროს კი თვითონ საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა, ყოფილა დრო, როცა ბინის ქირის გადასახადიც ვერ გადაუხდია და მეგობრებს შეუფარებიათ.

გოგებაშვილს კალამიც კარგად უჭრიდა. ვისაც ქართული ენის, ქართული მწიგნობრობის ღალატს შეატყობდა, მეხივით დაატყდებოდა თავზე. საოცარი გაშმაგებით ებრძოდა იანოვსკის, ქართველთა დაუძინებელ მტერს, აშორდიებსა და მისთანებს, რუსების ჩაგონებით სამეგრელოდან ქართული ენის გამოდევნა რომ მოინდომეს. თვითონ ხომ პასუხს გასცემდა, ილიასაც მიეჭრებოდა ხოლმე: “გაგვიძეხ, ბერო მინდიავ, კარს საფრთხე მოგვდგომიაო!” რუსული ბიუროკრატიისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ შეუპოვარ მებრძოლებს ილიას, აკაკისა თუ გოგებაშვილს სიტყვა არ დასცდენიათ რუსული კულტურისა და ენის სწავლების საწინააღმდეგოდ. პირიქით, იაკობმა 1887 წელს შეადგინა “რუსკოე სლოვო”, რომელიც დიდხანს ემსახურებოდა ქართველ ახალგაზრდებს. ამას ჰქვია ჭეშმარიტი კულტურა: ხვდებოდე მტრის მტრობის, მაგრამ პატივს სცემდე იმ მემკვიდრეობას, რომელიც შენი მტრის ერს შეუქმნია!

გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მისი მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი და მამალი“, „მერცხალი და მეცხვარე“, „ცხვარი და მარტი“ და სხვა. თითოეული ქართველისათვის გამორჩეულად საყვარელი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს.

სიკვდილის წინ, 1912 წელს იაკობ გოგებაშვილმა ანდერძი დაწერა და თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვა. შავი დღისთვის გადანახული ფული გაანაწილა და ათ-ათი თუმანი გადასცა ქართველთა, სომეხთა და მაჰმადიანთა საზოგადოებებს, ვარიანის სახლი თანასოფლელებს უანდერძა, სადაც სკოლა გაიხსნა.
ახალგაზრდობაში დაავადებული ხშირად ავადმყოფობდა, ამიტომ მუდამ თბილად იყო ჩაცმული, მძიმე ჰაერს ერიდებოდა, სტამბაში არ შედიოდა, ასოთამწყობებს გარეთ გამოჰქონდათ ნიმუშები და იქ არჩევდნენ. ყოველი წიგნის კორექტურას ოთხჯერ კითხულობდა, ამონაბეჭდებს ასოთამწყობებს ურიგებდა და თითო ნაპოვნ შეცდომაზე პრემიად ორ შაურს აძლევდა. მანამდე არ ისვენებდა, ვიდრე ყველაფერს საგულდაგულოდ არ გაჩხრეკდა. ჭლექის შიშით ცოლიც არ შეურთავს, რომ შთამომავლობისთვის არ გადაედო ეს მძიმე სენი. თუმცა ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა, თავაუღებლად მუშაობდა. გოლოვინის პროსპექტზე სეირნობა უყვარდა, ახლგაზრდებთან ლაპარაკი.
სამოცდათორმეტი წლის იყო როდესაც ექიმების მცდელობა, სიცოცხლის დღეები გაეხანგრძლივებინათ საყვარელი მამულიშვილისათვის, ამაო გამოდგა. ვარდობის თვის მიწურულს 1912 წლის 1 ივნისს (14 ივნისი) გარდაიცვალა. ის დიდუბის ეკლესიასთან დაკრძალეს. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვერცხლის გვრგვინი მიართვა წარწერით: “ხალხის მასწავლებელს – იაკობ გოგებაშვილს”.

1940 აღინიშნა იაკობ გოგებაშვილის დაბადების 100 წლისთავი და მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთონში გადაასვენეს.

1952—1965 წლებში გიორგი თავზიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის რედაქციით გამოიცა გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები დაურთო ვარლამ ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას.

ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული.

1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ აღდგენილი გამოცემები.

საყურადღებოა, რომ “დედა ენა” 33-ჯერ თავად ავტორის სიცოცხლეშივე გამოიცა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*