Skip to Content

იმპორტიორები: გაიაფება დაიწყო, რასაც 1 თვეში ყველა იგრძნობს

იმპორტიორები: გაიაფება დაიწყო, რასაც 1 თვეში ყველა იგრძნობს

Be First!

სამომხმარებლო ბაზარს ლარის გამყარება ცოტათი დაეტყო. იმპორტირებული პროდუქტის ნაწილი დაახლოებით 10%-ის ფარგლებში გაიაფდა. ცვლილება მსხვილი სავაჭრო ობიექტებიდან დაიწყო, პატარა მაღაზიები კი ჯერჯერობით თავს იკავებენ საფასო ცვლილებებისგან.

თითქმის ყველა სავაჭრო ქსელში შაქრის, სხვადასხვა დასახელების ზეთისა და ბურღულეულის ფასი შემცირდა. იმპორტიორების ინფორმაციით, ტენდენცია გაგრძელდება და უკვე მაისის ბოლოს მომხმარებელი პროდუქტის გაიაფებას აშკარად იგრძნობს. ამის მთავარი პირობა ლარის კურსია.

ეროვნული ვალუტა უკვე იმ ნიშნულზეა, წესით, სამომხმარებლო ფასზეც უნდა აისახებოდეს. იმპორტიორები ამბობენ, რომ მაღაზიებში პროდუქტი შეცვლილი ნიხრით შეაქვთ. სავაჭრო ობიექტებმაც თანდათან დაიწყეს ფასის კორექტირება.

რამდენად გაგრძელდება ტენდენცია და მასობრივად გაიაფდება თუ არა პროდუქცია, მსხვილ სავაჭრო ქსელებში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.

იმპორტიორებს ფასებთან დაკავშირებით საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი აქვთ. მათი განცხადებით, პირველ ეტაპზე ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი გაიაფდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება. რაც შეეხება დანარჩენ პროდუქტს, ცვლილება ეტაპობრივად, ლარის კურსის შესაბამისად განხორციელდება.

კომპანია “გრანდის” დამფუძნებელი, დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, რომ სავალუტო კურსი იმპორტიორების საქმიანობაზეც დადებითად აისახა და მათ ბოლო 2 თვის განმავლობაში საგრძნობი შეღავათი აქვთ.

“წინასააღდგომოდ სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილი გაიაფდა. სადღესასწაულო პერიოდში ასე იშვიათად ხდება, მაგრამ კურსმა ამ მხრივ დიდი გავლენა იქონია. ფასი შემცირდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, როგორიცაა ზეთი, შაქარი, წიწიბურა და სხვა. ვფიქრობ, ამ სეგმენტში ფასის კლება ძალიან სწრაფად მოხდა. აქციის ფარგლებში, გაიაფდება ისეთი პროდუქციაც, რომელიც ხანგრძლივი ვარგისიანობისაა. დროთა განმავლობაში აქაც საგრძნობი ცლილება გვექნება. სანამ მასობრივი გაიაფება დაიწყება, მიმდინარეობს აქციები, რომლის ფარგლებში, პირობითად, პროდუქტი თუ ღირს 1 ლარი, 90-95 თეთრად იყიდება.

სანამ მარაგი ამოიწურება, თავის დროზე მაღალი სავალუტო კურსით შეძენილი სურსათი და სხვა იმპორტირებული საქონელი ნელ-ნელა გაიაფდება. ამ ეტაპისთვის ფასები 10-15%-ით არის შემცირებული. კურსმა დიდი შეღავათი მოგვცა, ძალიან რთული სიტუაციიდან გამოვედით და ახლა მთავარი არსებული ტენდენციის შენარჩუნებაა”, – განმარტავს ივა ჭყონია.

იმპორტიორების ნაწილი აღნიშნავს, რომ ფასი მხოლოდ სავალუტო კურსზე არ არის დამოკიდებული, რადგან მასზე გარე ფაქტორიც მოქმედებს. იმპორტიორ გუკა კლდეისელის თქმით, ამ ეტაპზე რამდენიმე დასახელების პროდუქტი უკვე გაიაფდა, მაგრამ ცვლილება მასობრივად ყველა პროდუქტს არ შეეხება.

“არსებული მონაცემებით, ზეთის ფასმა დაიკლო 20-30 თეთრით”

ცოტათი გაიაფდა ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი და რამდენიმე დასახელების ტკბილეულიც. კურსის გარდა, ადგილობრივი ბაზრის სატარიფო პოლიტიკა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია პროდუქტის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე.

ბოლო მონაცემებით, ზოგიერთი პროდუქტის ფასმა მოიმატა კიდეც, თუმცა ძირითადი მოხმარების სურსათი საქართველოში არ გაძვირებულა, რადგან ამის შესაძლელობა კურსმა მისცა. მთლიანობაში ჩვენ ცვლილება უკვე განვახორციელეთ და ზოგიერთი პროდუქტის ფასი შევამცირეთ. იმპორტიორები, გარე და შიდა ფაქტორების შესაბამისად, რეაგირებას უფრო სწრაფად ვახდენთ.

კარგია, რომ ზოგიერთ სუპერმარკეტში გაიაფების გადაწყვეტილება დროულად მიიღეს, თუმცა ერთბაშად პროდუქტის ფასი ვერ დაიკლებს, ასეთი მოლოდინი არც უნდა გვქონდეს”, – ამბობს კლდეისელი.

მიუხედავად ლარის გამყარების ტენდენციისა, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა ჯერ კიდევ არ იგრძნობა. იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის ფასი საკმაოდ ფრთხილი თემაა. თუკი მსხვილ სავაჭრო ობიექტებში საფასო ცვლილება მეტ-ნაკლებად მოხერხდა და ამას ფასდაკლების აქციებითაც ახერხებენ, მაღალი რისკის გამო სუპერმარკეტების ნაწილში გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.

სუპერმარკეტ “ნამდვილის” წარმომადგენელი ვალერი ფროდაშვილი ამბობს, რომ სავალუტო კურსთან დაკავშირებით რეაგირებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

“მაღალი კურსით შეძენილი მარაგი მაღაზიაში ჯერ კიდევ გვაქვს. ამიტომ საფასო პოლიტიკის შეცვლას სიფრთხილით ვეკიდებით. თავის დროზე ლარის გაუფასურების გამო საგრძნობი ზრდა ფასზე არ მოგვიხდენია, ამიტომ მცირედით გამყარებაც რეალურად ვერაფერს შეცვლის. გარდა ამისა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ფაქტობრივად, არ გაუმჯობესებულა.

ვაკვირდებით პროცესებს, თუ ტენდენცია მიმდინარე პერიოდშიც გაგრძელდება, ფასები გადაიხედება. სავარაუდოდ, მცირე კორექტირება შესაძლებელია”, – ამბობს ფროდაშვილი.

ფასებს კიდევ უფრო ფრთხილად ეკიდებიან სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრეები, სადაც თითქმის არც ერთი დასახელების პროდუქტი არ გაიაფებულა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ნაკლებად შესამჩნევია.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*