
ლურჯი სუფრა
ლურჯ სუფრაზე დღესდღეობით ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება. პირველად სუფრა ქართულ ისტორიულ წყაროებში ალექსანდრე პირველის ნადიმის აღწერისას ჩანს. ლურჯ სუფრას ფეოდალური ხანის ქართული საზოგადოების ყველა ფენაში ხმარობდნენ . მისი დამზადების ტექნოლოგია დაკარგულია. ცნობილია მხოლოდ, რომ ძველ ლურჯ სუფრებს ქართველები თეთრ ქსოვილზე ამოშანთვის მეთოდით ამზადებდნენ. თითოეულ სუფრას ჰქონდა აუცილებელი ცენტრი და მოტივი მის ირგვლივ ხშირ შემთხვევაში რამდენიმე ნაწილად იყოფოდა. სუფრას ინდიგოს საღებავში ღებავდნენ, ამიტომაც ჰქონდა ხალასი ლურჯი ფერი. ყალიბით დატანილი გამოსახულებები თეთრ ფერს ინარჩუნებდა.
სუფრაზე გამოსახულ ნახატებში იოლად ამოიკითხება ქართველი ხალხისათვის ძვირფასი ორნამენტები და ფიგურები. მაგიდაზე გადასაფარებელ ამ ბამბის ქსოვილზე ძირითადად სუფრის ატრიბუტებია აღბეჭდილი : დანა, ჩანგალი, კოვზი; აგრეთვე ქართულ კაბასა და ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი მოცეკვავე მამაკაცები და მანდილოსნები,ირმები და ა.შ. ლურჯი სუფრა, ძირითადად, ქალაქური ფენომენი იყო, მაგრამ მას სოფლებშიც იყენებდნენ ( დღესასწაულებზე). სუფრა გავრცელებული იყო უმთავრესად აღმოსავლთ საქართველოში და მისი დამზადება თბილისის, გორის და თელავის საჩითავ სახელოსნოებში ხდებოდა.
XVII საუკუნის I ნახევარში რუსული წყაროების მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო კარზე მიღებული ეტიკეტი მოითხოვდა ლურჯი სუფრა დარბაზობის დროს გამოეყენებინათ პურობისათვის .
XIX საუკუნეში სუფრა ფართოდ გავრცელდა მთელს საქართველოში. მას სხვადასხვა დღესასწაულებსა და საქორწინო წვეულებების დროს ხმარობდნენ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ახლო წარსულამდე იყო შემონახული ვიწროგანიანი და გრძელი ლურჯი სუფრები, რომლებიც სათემო დღეობების დროს ამშვენებდნენ მაგიდებს.
მიუხედავად მრავალი მცდელობისა, სუფრების დამზადების უძველესი ტექნოლოგიის აღდგენა, ვერ მოხერხდა და თანამედროვე ქართული ლურჯი სუფრა დაბეჭდვით იქმნება. მისი მოტივების რაოდენობა გაიზარდა და გამრავალფეროვნდა , თუმცა ქართული ხასიათი შენარჩუნებულია.
თანამედროვე ლურჯი სუფრებიდან მხოლოდ ერთია ძველი სუფრის იდენტური ორნამენტებით, მისი ორიგინალი ელენე ახვლედიანის სახლმუზეუმში ინახება. დანარჩენს საფუძვლად უდევს 1961 წელს გამოცემულ წიგნში შესული ლურჯი სუფრები. წიგნი შეიქმნა ეთნოგრაფიული გამოფენისათვის , რომლის ავტორი ტექსტილის მხატვარი ბატონი ვენდო წურწუმია სუფრებს ხუთი წლის განმავლობაში ქმნიდა.
XVIII-XIX საუკუნეების ლურჯი სუფრების მდიდარი კოლექცია დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში, ასევე მათი ხილვა აბრეშუმის მუზეუმშიც შეგიძლიათ.