
მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა
პრიზი აგრეთვე ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის დოკუმენტურმა ფილმმა „გამჭვირვალე სამყარომ“ მოიპოვა – მან ჟიურის სპეციალური აღნიშვნა (SPECIAL JURY MENTION) დაიმსახურა.
ქართველი რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ სომხეთში საერთაშორისო კინოფესტივალის Golden Apricot-ის კინოკრიტიკოსთა ჟიურის ჯილდოს (FIPRESCI JURY PRIZE) მფლობელი გახდა, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
პრიზი აგრეთვე ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის დოკუმენტურმა ფილმმა „გამჭვირვალე სამყარომ“ მოიპოვა — მან ჟიურის სპეციალური აღნიშვნა (SPECIAL JURY MENTION) დაიმსახურა.
კინოფესტივალს ვერ დაესწრო თავად მარიამ ხაჭვანი. ის პოლონეთშია, სადაც Transatlantyk Festival-ზე 15 და 16 ივლისს გაიმართება „დედეს“ სპეციალური ჩვენებები.
„დედე” — სვანური ბალადაა სიყვარულზე. ის მოგვითხრობს სვან გოგონაზე, რომელიც იბრძვის სიყვარულისთვის, მაგრამ ამ მხარეში ტრადიციები სიყვარულზე მაღლა დგას.
ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში. დიალოგების დიდი ნაწილი სვანურ ენაზეა, მსახიობების უმეტესობაც სვანია. მთავარ როლებს გიორგი ბაბლუანი, ნათია ვიბლიანი, გირშელ ჭელიძე და ნუკრი ხაჭვანი ასრულებენ.
„დედე” ოთხი ქვეყნის კინოპროდუქციაა – საქართველოს, ირლანდიის, კატარისა და ჰოლანდიის. ფილმი ეროვნული კინოცენტრის, Doha Film Institute-ს და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით შეიქმნა.
Golden Apricot ყოველწლიური კინემატოგრაფიული ფესტივალია, რომელიც ერევანში ივლისში იმართება. ფორუმს ოთხი ძირითადი პროგრამა აქვს: სათამაშო და დოკუმენტური კინოს საერთაშორისო კონკურსები, კონკურსი „სომხური პანორამა“ და მოკლემეტრაჟიანი კინოს პროგრამა „გარგარის კურკა“.
კონკურსი 2004 წელს დაარსდა. მთავარი პრიზი ოთხ ძირითად ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცემათ.