
მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგია პრეზენტაცია
21 თებერვალს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში „საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“ მასობრივი სპორტის სტრატეგიის თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
იხილეთ ფოტოგალერეა
შეხვედრა გახსნა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, რომელიც უწყებათაშორისი თემატური ჯგუფის წევრებს ესაუბრა „მასობრივი სპორტის სტრატეგიის“ შემუშავების აუცილებლობის, მისი შემუშავების პროცესისა და ამ პროცესში სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ. უშუალოდ, სტრატეგიის დოკუმენტის მიზნების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა კულტურისა და სპორტის სამინსიტროს სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელმა ვასილ ლიპარტელიანმა).
შეხვედრაში მონაწილეობდნენ თემატური ჯგუფის წევრები შემდეგი უწყებებიდან: პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და „მთის კურორტების განვითარების კომპანია“.
მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგია ხელს შეუწყობს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მოსახლეობის მეტად ჩართვას ფიზიკურ აქტივობასა და სპორტში.
დღევანდელი მდგომარეობით, შექმნილია საქართველოში მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგიის პროექტი, პირველი ვერსია, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის ბაზაზე. აღნიშნული დოკუმენტის შექმნის პროცესში გათვალისწინებულ იქნა ეროვნულ დონეზე არსებული პრაქტიკა და ასევე, წარმატებული საერთაშორისო გამოცდილება.
აღნიშნული დოკუმენტის დახვეწისა და საბოლოო ფორმით ჩამოყალიბების მიზნით, „საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“ ფარგლებში, თემატურ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომლის წევრების სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები არიან.