
„მეტეხი“ – მოსკოვში ნაპოვნი ქართული ფესვები
ქართული ცეკვის კულტურა რუსეთის დედაქალაქში ძალზე პოპულარულია და მისი შესწავლის მსურველთა როდენობა სულ უფრო იზრდება.
ქართული ცეკვის რიტმი მოსკოვში მცხოვრები ქართველებისათვის ის ეროვნული მუხტია, რაც მათში სამშობლოს მონატრებით გამოწვეულ სიცარიელეს ავსებს.
სტუდია „მეტეხის“ ქართველ მოცეკვავე გოგონათა ჯგუფი, რომელთაც დიდი ხანია ქართულ მიწაზე ფეხი არ დაუდგამთ, ეროვნულ ცეკვებს განსაკუთრებული სიმძაფრით ეწაფება.
„საკმაოდ რთულია იზრდებოდე უცხოეთში და შეხება არ გქონდეს რაიმე ეროვნულთან. ის დანაკლისი, რაც სამშობლოს სიშორით არის გამოწვეული, გარკვეულწილად ივსება ანსამბლში, რადგან ცეკვის დროს ცოტა ხნით თავს საქართველოში ვგრძნობ”, — აღნიშნა ჩვენთან საუბარში ანსამბლ „მეტეხის“ მოსწავლემ ქრისტინა შალიკაშვილმა.
გოგონების ჯგუფთან საუბრის დროს, არაერთხელ გაიჟღერა სიტყვამ „ფესვები“… მათ მშობლიური მიწის სიახლოვე და ეს „ფესვები” ქართული ცეკვის რიტმებში ჰპოვეს.
„სამშობლოსგან მოშორებით მყოფს ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა მესწავლა ქართული ცეკვა და არ დამეკარგა ჩემში ის კულტურული საწყისები, რაც საქართველოსთან მაკავშირებს. ცეკვა დიდ სტიმულს მაძლევს და შინაგანად მაძლიერებს. მიხარია, რომ მომავალში შემეძლება ვაჩვენო სხვებს ქართული ცეკვის სილამაზე“, — ამბობს ქრისტინა.
სტუდიის შექმნის ისტორია თავად მისმა დამაარსებელმა, დირექტორმა კახა კონცელიძემ გვიამბო:
„სტუდია „მეტეხი“ 2014 წელს დაარსდა. თავდაპირველად ძნელი იყო თვითდამკვიდრება ამ მარავალმილიონიან ქალაქში, რადგან რთული იყო იმის ახსნა, თუ რატომ უნდა გაეკეთებინათ არჩევანი ქართულ ცეკვებზე. შესაბამისად, ანსამბლის პოპულარიზაცია შოუებში მონაწილეობითა და სხვადასხვა აქტივობებით დავიწყეთ. ამას მოჰყვა ცეკვის შესწავლის მსურველი ქალების პირველი, პატარა ჯგუფი, რასაც დროთა განმავლობაში სხვა ჯგუფებიც დაემატა“, — აღნიშნა კახა კონცელიძემ.
სტუდიაში თავდაპირველად მხოლოდ 20 მოსწავლე იყო, მოკლე სარეკლამო პერიოდში კი სტუდიამ მსურველთა საკმაო რაოდენობა მოიზიდა და დღეს აქ მთლიანად 100-მდე მოსწავლეა, მათ სწავლებაზე კი 8 ქართველი კვალიფიციური პედაგოგი ზრუნავს. სწავლებისათვის ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს, პედაგოგების განმარტებით, ყველაფერი მსურველის მოთხოვნაზე და მონდომებაზეა დამოკიდებული.
მოსწავლეთა შორის შეხვდებით სპორტსმენებს, ჩინოვნიკებს, სტუდენტებს, რომლებსაც უბრალოდ სურთ გაეცნონ ქართულ ცეკვებს და შეისწავლონ ის. გვყავს აგრეთვე ბავშვების ჯგუფი, სადაც ოთხი წლიდან ვიღებთ ბავშვებს. მათ შემთხვევაში, ძირითადად, ქართველი მშობლები მოდიან, რომლებსაც სურთ შვილებისთვის ქართული ფესვების შენარჩუნება“, — თქვა „მეტეხის“ დამფუძნებელმა.
სტუდია „მეტეხის” პოპულარობას მოსკოვის მასშტაბით მისი ფილიალების სიმრავლეც მოწმობს. ქართული ცეკვის შესწავლაზე განსაკუთრებული მოთხოვნა 2017 წლის დასაწყისში იყო, რის გამოც ანსამბლს 5 ფილიალი შეემატა. აქ ძირითადად ქართველი, რუსი და სომეხი ეროვნების მოსწავლეები იყრიან თავს. მოსწავლეთა ნაწილისათვის ცეკვა უბრალოდ ჰობია, ზოგისთვის ეს ფორმაში ყოფნის საშუალებაა, ქართველებისთვის კი მას ეროვნულ-ტრადიციული დატვირთვა აქვს…
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ანსამბლში აგრეთვე არიან უშუალოდ საქართველოს მოქალაქეები. მათთვის ისევე, როგორც მთლიანად ანსამბლისათვის, სავიზო რეჟიმი გარკვეულ შეფერხებებთან არის დაკავშირებული, რაც ხშირად მათ მოულოდნელ, უსიამოვნო, ზოგჯერ კი სახალისო ამბებსაც კი ახსენებს.
სტუდია დღეს უკვე ცნობილია არა მხოლოდ ქართული ტრადიციული ცეკვების სწავლებით, არამედ შოუბიზნესის დონეზეც. მათ ხშირად ვიხილავთ დიდ სცენებზე და ქალაქში გამართულ სხვადასხვა კონცერტებზე, არც რუსული მედიის ყურადღებას არიან მოკლებულნი.
აღსანიშნავია, რომ როგორც სტუდიის დამფუძნებელი ამბობს, დღეს „მეტეხი“ მოსკოვში არსებული საცეკვაო ანსამბლებს შორის ტოპ-ხუთეულშია.
წყარო: Sputnik-georgia.com