
”მრავალფეროვანი საქართველო“ პროექტის მეოთხე ეტაპი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გრძელდება პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო.
20 ივლისს, ახალქალაქის კულტურის ცენტრში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასა და ქართველ მწერლებს შორის, რომლის დროსაც საუბარი შეეხო კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას. მწერლებმა ინტერაქციის რეჟიმში მკითხველთან დიალოგი გამართეს.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ცნობილი მთარგმნელისა და პოეტის ანაიდა ბოსტანჯიანის ხსოვნის საღამო; გაიმართა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნების პრეზენტაცია; ასევე, მოეწყო სხვადასხვა სახის გამოფენა, ადგილობრივი ახლაგარზდა ხელოვანების მონაწილეობით. დღის ბოლოს გაიმართა კონცერტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრისა და ადგილობრივი ახალგაზრდა მუსიკოსების მონაწილეობით. ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადაეცათ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნები.
სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ წელს 22 აპრილს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში ხორციელდება რიგი ღონისძიებები ეთნიკური უმცირესებობებით დასახლებულ რეგიონებში.