
“ოკუპაცია ბორბლებზე”, “სეირნობა თბილისურად” – ვინ არის ყველასთვის ცნობილი ქუჩის ნამუშევრების ავტორი
გენდერული თანასწორობა, რუსეთის მიერ საქართველოს ტეროტორიების ოკუპაცია, ჰაერის დაბინძურება, უკონტროლო მშენებლობები, – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რაზეც ქუჩის მხატვარი, გიორგი გაგოშიძე დაახლოებით, 6-7 წელია მუშაობს.
პროფესიით IT პროექტების მენეჯერის ქუჩის მხატვრობით დაინტერესება საკუთარი სათქმელის უკეთ გადმოცემის სურვილს უკავშირდება.
“ვფიქრობ, ეს არის სფერო, სადაც უფრო მეტის გაკეთება შემიძლია და ჩემს სათქმელსაც უფრო თავისუფლად ვიტყვი. საქართველოში ძალიან ბევრი პრობლემაა და სასაუბროც ყოველთვის არის.
ჩემი აზრით, ხელოვნება რაღაცას უნდა გეუბნებოდეს, რაღაცას გიტოვებდეს.
როდესაც ფერად ნამუშევარს ქმნი, მხოლოდ ვიზუალს უყურებენ და იდეას ნაკლებად აღიქვამენ, შავ-თეთრის შემთხვევაში კი ყურადღებას შინაარსი იქცევს. ნამუშევარი ისე უნდა შექმნა, რომ ხალხმა გაიგოს. იმის თქმა, რომ შინაარსი ვინმესთვის ბუნდოვანია, არასწორი მიდგომაა”.
გიორგი გაგოშიძე მიიჩნევს, რომ ხელოვნებას თავისი დანიშნულება აქვს, რომელიც გარშემო არსებული პრობლემების საკუთარი ხედვით გამოსახვაში გამოიხატება.