სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქი განმარტავს, რომ ასეთნი საკუთარ წესებსა და კანონებს გვთავაზობენ ან თავის ნააზრევს ღმერთს მიაწერენ. ამ მხრივ ყველაზე დიდი დანაშაული არის ეკლესიაში განხეთქილების ან მწვალებლობის შემოტანა.
უწმინდესის თქმით, ამის ჩამდენნი მოწამეობრივი სიკვდილითაც რომ აღესრულონ, ცოდვას ვერ ჩამოიბანენ.
პატრიარქი ასევე უდიდეს ცოდვად ქვეყნის მტრობასა და მისი ერთიანობის დარღვევის მცდელობას ასახელებს.
“ვნებათა შორის ყველაზე დაფარული და გავრცელებული პატივმოყვარეობაა. ასეთი კაცი ყოველთვის საკუთარ “მეს” უკმევს გუნდრუკს, თუმცა ცდილობს, ეს დაფაროს და სხვათა თვალში კეთილმსახურად გამოჩნდეს. ეგოისტური “მე” – სგან განდგომა და საკუთარი თავის პირუთვნელი შეფასება უდიდესი ღირსება და აუცილებელ პირობაა ქრისტიანული ცხოვრებისა. უპატიებელი ცოდვაა სასოწარკვეთა და სიცოცხლის თვითმკვლელობით დამთავრება. ვინც ამ ნაბიჯს შეგნებულად დგამს, რა თქმა უნდა, ვეღარ უძლებს თავისი ჯვრის სიმძიმეს და გამოსავლს ასეთ ქმედებაშიღა ხედავს. ამ ადამიანებს, სინამდვილეში არასწორი აზროვნება აქვთ. მათი მთავარი შეცდომა ის არის, რომ მარტო ცდილობენ შეეჭიდონ სიძნელეებს და მხოლოდ თავისი შესაძლებობებით სურთ, გაუმკლავდნენ სირთულეებს. ვერ ხვდებიან იმას, რომ ჯვარი იქამდეა მძიმე, ვიდრე მის ტვირთვას მხოლოდ შენს თავზე მინდობილი ცდილობ; როგორც კი ჩვენი პირადი ჯვარი ქრისტეს ჯვრად იქცევა, ანუ ჩვენი ცხოვრება ქრისტეს რწმენითა და მისი მცნებებით განიმსჭვალება, ყოველგვარი დაბრკოლება, ყოველგვარი საშიშროება სხვა განზომილებაში გადადის და აღმოვაჩენთ, რომ უმძიმესი განსაცდელიც კი ჩვენი სიკეთისათვის ყოფილა უფლისგან დაშვებული. ამის შეგნება ჩვენში სიმშვიდეს ასადგურებს და ღვთისადმი იმედით, მადლიერებითა და მორჩილებით განგვაწყობს.
ერთ-ერთი ფილოსოფოსი ადამიანური ურთიერთდამოკიდებულების ორ ძირითად სახეს ასე ახასიათებს: ეს არის კავშირი: “მე და შენ” და “მე და ის”.
“მე და ის”, – ამ ურთიერთობაში “მე’ დაშორებულია “ის’-ისაგან, ანუ მესამე პირისგან. ,,ის“ უცხოა, სხვაა, ზოგ შემთხვევაში მიუწვდომელიც. აქ ნდობას, ახლობლობას ადგილი არა აქვს. იგია დამოკიდებულება სუბიექტსა და ობიექტს შორის.
რაც შეეხება კავშირს “მე და შენ”, აქ “შენ” აღარ არის ობიექტი, არამედ იგიც სუბიექტია, “მე-ს” თანასწორია და მათ შორის ურთიერთგაგება და სიყვარულია.
თუმცა ეს მდგომარეობა ხშირად იცვლება და “შენ”-ს ელის საშიშროება, იქცეს ობიექტად. ამის მიზეზი ცოდვით დაცემული ადამიანური ბუნებაა, ჩვენი ნაკლულევანებაა, ადრე თუ გვიან იმ რეალობის აღმოჩენაა, რომ ნებისმიერ ადამიანთან შეიძლება დამოკიდებულება შეიცვალოს.
ამიტომაც, თუ გვინდა, ამქვეყნად ვიცხოვროთ სწორად, გულგატეხილობისა და სასოწარკვეთილებისაგან დაცულად, ჩვენთვის “შენ”, უპირველესად, უნდა იყოს მარადიული, უცვალებელი ღმერთი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება დავძლიოთ ნებისმიერი გაუცხოება, ნებისმიერი სირთულე, ყოველი ადამიანური სისუსტე “მე და შენ” ურთიერთობისა.
დიახ, ქრისტე განყენებული ღმერთი კი არ არის, თითოეულ ჩვენგანს პირად მეგობრობას გვთავაზობს; მისი შეცნობა და მასთან დაახლოება ეკლესიაში და ეკლესიური საიდუმლოებებით არის შესაძლებელი: ევქარისტიით თანაზიარნი ვხდებით მაცხოვრის ჭეშმარიტი ხორცისა და სისხლისა და ვიმსჭვალებით მისი ცხოველმყოფელი მადლით; ამასთან გვეუფლება საკუთარი უღირესების შეგრძნება და მიმტევებელნი ვხდებით. ღვთის დახმარების გარეშე კი ნებისმიერი ადამიანი, როგორც არ უნდა მოინდომოს მან ეს, უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება და ვერც ცოდვისაგან განიწმინდება”,- აღნიშნულია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.