
ყველაფერი პოლ გოგენის შესახებ
„ტაიტიზე ექსტაზს, სიმშვიდესა და ხელოვნებას ვეძებ“ – პოლ გოგენი
„ახალი ოჯახით გარემოცულს ევროპელებისგან განსხვავებით, ფულის მოხვეჭა არ მიზიდავს, როგორც იქნა, ამისგან გავთავისუფლდი და, ალბათ, ისევ შევძლებ სიყვარულს, სიმღერასა და სიკვდილს“ – პოლ გოგენი
„ყველაფრის გაბედვის უფლების მოპოვება მსურს“ – პოლ გოგენი
„საზოგადოებას ჩემი არაფერი მართებს, რადგან ჩემი ფერწერა მხოლოდ „ნაწილობრივ“ არის კარგი. ის მხატვრები კი, რომლებიც დღეს ამ თავისუფლებით სარგებლობენ, ჩემგან დავალებულნი არიან“ – პოლ გოგენი
„მე ველური ვარ. ცივილიზებული ადამიანები ამას ერთი შეხედვით გრძნობენ, რადგან ჩემს ტილოებში არაფერია გასაოცარი, თავგზის ამრევი, გარდა „ჩემი უნებლიე სიველურისა“ – ამით არიან ისინი შეუდარებელნი“ – პოლ გოგენი
„როგორც იქნა ბრეტანში გასამგზავრებელი ფული ვიშოვე, აქ კი კრედიტით ვცხოვრობ. ფრანგს თითქმის ვერ შეხვდები, სულ უცხოელები არიან. ჩემი ფერწერა დიდ კამათს იწვევს, მაგრამ ამერიკელებს მოსწონთ. ეს დიდი იმედია სამომავლოდ“ – პოლ გოგენი
„ოჯახში… საყვედურებს არ მაკლებენ ამ წყეული მხატვრობის გამო, მეუბნებიან, სირცხვილია, თავის რჩენა რომ არ შეგიძლიაო. მაგრამ ადამიანის ნიჭი… ორ რამეს ვერ სწვდება. მეც მხოლოდ ერთი რამ – ხატვა შემიძლია“ – პოლ გოგენი
„ძალიან მინდა, გავიქცე პარიზიდან, რომელიც ღარიბი კაცისთვის ნამდვილი უდაბნოა. როგორც მხატვარი, სულ უფრო ცნობილი ვხდები, მაგრამ მაიცნ, ხანდახან სამი დღე ულუკმაპუროდ ვარ. ეს არა მხოლოდ ჩემს ჯანმრთელობას არყევს, ძალასაც მართმევს. პანამაში მივემგზავრები, ველურივით მინდა ვიცხოვრო“ – პოლ გოგენი წერს მეტეს
„ახლა ზანგების ქოხში ვცხოვრობ, (პანამის) არხის გვერდით. აქაურობა ნამდვილი სამოთხეა. ქვემოთ ზღვას ქოქოსის პალმები მიუყვება, ზემოთ კი, ქალაქიდან ოცდახუთი წუთის სავალზე, ყველა ჯიშის ხეხილი ხარობს. ზანგები მთელი ღამე მიდი-მოდიან, კრეოლურ სიმღერებს მღერიან, ერთთავად ლაქალაქებენ. მაგრამ არ იფიქრო, რომ ეს საინტერესოა. არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება საფრანგეთის კოლონიებში ცხოვრებით. ვფიქრობ, აქაურობა შენც მოგეწონებოდა. უმდიდრესი ბუნება, ძალიან თბილი, თან გრილი კლიმატი…“ – პოლ გოგენი წერს მეტეს
„მიყვარს ბრეტანი. აქ რაღაც ველურს, პირველყოფილს ვხედავ. გრანიტის იატაკზე ჩემი ხის ფეხსაცმლის ყრუ და ძლიერი ხმა მესმის, ამ შეგრძნებას ჩემს ფერწერაშიც ვეძებ“ – პოლ გოგენი წერს ემილ შუფენეკერს
„ნუ ეცდებით ბუნების მეტისმეტად ზუსტად გადმოტანას. ხელოვნება აბსტრაქციაა, დააკვირდით ბუნებას და უფრო მეტი იფიქრეთ იმაზე, რა შეიძლება აქედან გამოდნეს“ – პოლ გოგენი ურჩევს ემილ შუფენეკერს
1891 წელს ალბერ ორიემ „მერკურ დე ფრანსში“ გამოაქვეყნა სტატია „სიმბოლიზმი ფერწერაში“ და მხარი დაუჭირა იდეურ, სიმბოლურ, სინთეზურ, სუბიექტურსა და დეკორატიულ მიმდინარეობებს. ორიეს გოგენი ახალი ესთეტიკური კონცეფციის დიდ მსახურად მიაჩნდა – „ეს ის ხელოვნებაა, რომელზეც ვფიქრობ, რომლის წარმოდგენაც სიამოვნებას მგვრის, როცა იძულებული ვხდები, იმ სავალალო თუ სამარცხვინო ხელოვნურობას შორის ვისეირნო, რომლითაც სავსეა ჩვენი ინდუსტრიული გამოფენები. თუ მისი შემოქმედების აზრს ჩავწვდი, ჩვენს გაუბედურებულსა და გახრწნილ სამშობლოში სწორედ ამ ხელოვნების დამკვიდრება სურდა პირველყოფილი სულის მქონე, ამ ოდნავ ველურ, მაგრამ დიდსა და გენიალურ ხელოვანს – პოლ გოგენს“.
„ბავშვების სანახავად კოპენგაჰენში ვაპირებდი ჩამოსვლას, მაგრამ თქვენ იფიქრეთ, რომ ეს ზედმეტი ხარჯი იქნებოდა. ფული ყოფილა, თურმე, მთავარი და არა გული“ – პოლ გოგენი (წერილი მეუღლეს, 1889)
„ბატონებო, უპირველეს ყოვლისა, მინდა, პოლ გოგენის მშვიდობით დაბრუნების სადღეგრძელო შემოგთავაზოთ. აღტაცებული ვარ მისი უდიდესი კეთილსინდისიერებით, ნიჭის გაფურჩქვნის დროს შორეული ქვეყნებისკენ რომ მიაქანებს, მიაქანებს საკუთარი თავისკენ, რათა იქ ახალი ძალით აღივსოს“ – სტეფან მალარმეს სიტყვა კაფე „ვოლტერში“, პოლ გოგენის პატივსაცემად გამართულ გამოსათხოვარ წვეულებაზე.
„მხოლოდ აქ თუ ნახავ ასეთ სიჩუმეს… ჩიტის ჭიკჭიკიც რომ არ არღვევს. აქა-იქ ხმელი ფოთოლი ვარდება, მაგრამ ხმას არ გამოსცემს. გეგონება, ვიღაცის სულმა გაიშრიალაო. აქაურები ხშირად ღამ-ღამობით დაბორიალებენ, ოღონდ ფეხშიშველები, უჩუმრად დადიან. ყველგან სიწყნარეა. კარგად მესმის, როგორ შეუძლიათ მთელი დღეები, საათობით უჩუმრად ისხდნენ და ნაღვლიანი თვალებით ცას შესცქეროდნენ. ამ ყველაფერს შევიგრძნობ და მეც ამ მდუმარებაში ვიძირები“ – პატარა სოფელ მატაიეს პოლ გოგენი აღუწერს მეტეს
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემს გამოფენას დიდი წარმატება ხვდა წილად, დიდი ინტერესი და შურიც კი გამოიწვია. პრესაც გამორჩეულად მომექცა – შემაქო!“ – პოლ გოგენი
„საბოლოოდ გადავწყვიტე ოკეანიაში გამგზავრება. დეკემბერში პარიზში დავბრუნდები და ჩემს ნივთებს იმ ფასად გავყიდი, რამდენსაც მომცემენ. როგორც კი ამას თავს მოვაბამ, მაშინვე წავალ“ – პოლ გოგენი
„ბევრს მფარველობენ, რადგან სუსტები ჩანან და დახმარებასაც ითხოვენ. მე კი არასოდეს მიცავდნენ, რადგან ყველას ძლიერი ვეგონე, თანაც ძალიან ამაყი ვიყავი“ – პოლ გოგენი (წერილი დანიელ მონფრედს, 1896)
„აქ (ტაიტიზე) ჩემს ქოხთან, სრულ სიჩუმეში, ბუნების სუნით გაბრუებული უსაზღვრო ჰარმონიაზე ვოცნებობ. ერგვარ შვებას მგვრის რაღაც ღვთაებრივი შიში, უხსოვარ დროთა ნიშნად რომ შევიცანი. და ქანდაკებასავით გახევებული ცხოველები! მათი მოძრაობის რიტმსა თუ უჩვეულო უძრაობაში არის რაღაც ძველთუძველესი, დიადი და წმინდა“ – პოლ გოგენი
„სულ ახალი, ველური მასალით დიდ სილამაზეს შევქმნი. აქ ჩემი წარმოსახვა თანდათანობით გაიცრიცა“ – წერს პოლ გოგენი მარკიზის კუნძულებზე გამგზავრებამდე
„ხელოვანი გონიერების უდიდესი ფორმულაა. ყველაზე ფაქიზი გრძნობებით გამორჩეულს შეუძლია მათი ასახვა… საგანთა უსასრულობა ზემოქმედებას ახდენს მის გონებაზე და ჩვენი ხუთივე გრძნობა უშუალოდ მის თავში იბადება“ – პოლ გოგენი
ჯგუფ „ნაბის“ თეორიტიკოსი მორის დენი წერდა – „გოგენი, რომელსაც ასეთი აწეწილი ცხოვრება ჰქონდა, ფერწერაში არეულობას ვერ იტანდა. გონიერების ნიშანი – სიცხადე უყვარდა. სეზანისგან შეთვისებული ხელოვნების რეკონსტრუქცია მან უფრო დიდი თეორიული სიზუსტით განავრცო… ჩვენ დავალებული ვართ ველურებისგან, 90-იანი წლების პრიმიტივისტებისგან, რომელთაც ძირითადი ჭეშმარიტება წარმოაჩინეს. საქმე მხატვრობაში ბუნების გადმოატანას კი არ ეხება, არამედ ჩვენი ემოციებისა და ოცნებების გადმოცემას, მათ წარმოჩენას ჰარმონიული ფერებითა და ფორმებით“.
„ერთადერთი, რაც მაძლებინებს, ფერწერაა“ – პოლ გოგენი
„ვგრძნობ, ჩემი ხელოვნება ჭეშმარიტია… შეიძლება მომავალს ჩემი არც ერთი ნამუშევარი არ შემორჩეს, მაგრამ დარჩება ხსოვნა მხატვრისა, რომელმაც ფერწერა გაათავისუფლა“ – პოლ გოგენი
![]() |
პონტ-ავენელი მრეცხავი ქალები 1886 |
ხილვა ქადაგების შემდეგ 1888 |
„ახლახან დავხატე რელიგიური შინაარსის ტილო, რომელიც საკმაოდ უხეშადაა შესრულებული, მაგრამ ეს თემა მაინტერესებს და მომწონს კიდეც. მინდოდა, პონტ-ავენის ეკლესიისთვის მეჩუქებინა, მაგრამ ამის გაგონებაც კი არ სურთ“ – პოლ გოგენი წერს ვინსენტ ვან გოგს
![]() |
არლელი მრეცხავი ქალები 1888 |
![]() |
ალიკანები – 1888 |
„ბუნების პედანტურ მიბაძვას ნუ ეცდებით. ხელოვნება აბსტრაქციაა. იოცნებეთ და ისე გამოსტაცეთ იგი ბუნებას“ – პოლ გოგენი
„მიზანი ბუნების მიბაძვაა…, თუმცა მისი ხილული ფერების გადაღება კი არა…, არამედ იმ ფერების მიღწევა, რომელსაც მასში ხედავ“ – პოლ გოგენი
![]() |
ვინსენტის პორტრეტი – 1888 |
„მსურს შევქმნა ჰოლანდიელის პორტრეტი მისთვის ესოდენ საყვარელი ნატიურმორტის ხატვისას“ – პოლ გოგენი
![]() |
ავტოპორტრეტი შარავანდედით 1889 |
![]() |
მშვენიერი ანჟელა 1889 |
„რა საშინელებაა!“ – მარი-ანჟელიკას რეაქცია პორტრეტის ხილვისას.
„საქმე ეხება პროტრეტს „მარი-ანჟელიკ სატრის ბიუსტი და ფონი“, რომელიც ტილოზე ისევეა წარმოდგენილი, როგორც პროპორციის დარღვევით შექმნილი იაპონური ნამუშევრები: ხელებდაკრეფილი, თეთრსაყელოიან შავ კაბაში ჩაცმული ბრეტანელი ქალი ზის. მას იასამნისფერი წინსაფარი უკეთია. ჩარჩო ნაცრისფერია, ფონი კი – მოლურჯო-იასამნისფერი, წითელი და ვარდისფერი ყვავილებით. სახე და პოზა შესანიშნავადაა გადმოცემული. ქალი ხბოს წააგავს, მაგრამ აქვს რაღაც ნათელი, ცოტა სოფლურიც, რაც სასიამოვნო სანახავია“ – თეო ვან გოგი წერს ვინსენტს
![]() |
ტაიტელი ქალები 1891 |
„ტაიტელ ქალებს მომრგვალებული პლასტიკით და ჩამოქნილი ბაგეებით რაფაელისებრი ჰარმონიული ნაკვთები აქვთ, მათ ბაგეებს კოცნის, სიამოვნებისა და ტანჯვის ენაზე ერთდროულად შეუძლიათ ამეტყველება“ – პოლ გოგენი
![]() |
ია ორანა, მარია (მოგესალმები, მარია) 1891-1892 |
![]() |
მატამოე (პეიზაჟი ფარშევანგებით) 1892 |
![]() |
არარეა (გართობა) 1892 |
![]() |
ტაიტური პასტორალი – 1893 |
„ფრანგულად დავასათაურე, როგორც გამონაკლისი, რადგან კანაკურ ენაზე შესატყვისი ვერ მოვუძებნე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ნამდვილი ვერონეზეს მწვანისა და სიგურის გამოყენებით, რატომღაც ჰოლანდიურ ტილოს მაგონებს… მთელი ჩემი ნახატების ფერი მქრქალი მგონია. ალბათ, იმიტომ, რომ შესადარებლად არც ერთი ჩემი ძველი ტილო თუ ნატიფი ხელოვნების სასწავლებლის დროინდელი ნახატი არ მაქვს“ – პოლ გოგენი წერს დანიელ დე მონფრედს
![]() |
ტაიტის მთები – 1893 |
![]() |
ბრეტანული პეიზაჟი – 1894 |
![]() |
გზაზე მიმავალი ორი ბრეტანელი ქალი – 1894 |
![]() |
ტე ტამარი ნო ატუა (ქრისტესშობა) 1896 |
![]() |
ვაირუმატი 1897 |
![]() |
საიდან მოვდივართ? ვინ ვართ? საით მივდივართ? 1897-1898 |
„სიკვდილის წინ, უმძიმეს მდგომარეობაში, მას მთელი ძალა შევალიე. ისეთი ტკივილიანი განცდა და უცდომელი ხედვა მქონდა, რომ პირველი მონასმებით, ჩაუსწორებლად ვხატავდი. აღარსად მეჩქარებოდა და სიცოცხლის სურვილი დამიბრუნდა“ – პოლ გოგენი
„ამოძენძილ და ხაოიან ჯვალოს წააგავს. საშინლად უხეშია… გეგონება დაუმთავრებელიაო“ – პოლ გოგენი
![]() |
თეთრი ცხენი – 1898 |
![]() |
ფაა იჰეიჰე – 1898 |
![]() |
დიდი ბუდა – 1899 |
![]() |
დედობა (სამი ქალი ზღვის სანაპიროზე) – 1899 |
„სამი ფიგურა: წინა პლანზე დახრილი ქალი ბავშვს აწოვებს; მარჯვნივ შავი ძაღლია, მარცხნივ – ფეხზე მდგომი წითელკაბიანი ქალი კალათით, უკან – ქალი მწვანე კაბაში, ყვავილებით. ფონი – ლურჯი ლაგუნები მოწითალო-მონარინჯისფრო ქვიშაზე და მეთევზე“ – 1900 წლის ოქტომბერში პოლ გოგენი ტილოებს გასაყიდად ამბრუაზ ვოლარს უგზავნის
![]() |
და მათი სხეულების ოქრო – 1901 |
![]() |
ფონი – 1901 |
![]() |
მხედრები პლაჟზე 1902 |
![]() |
ველური ზღაპრები – 1902 |
![]() |
ავტოპორტრეტი – 1902 |
წყარო – კვირის პალიტრის კოლექცია „დიდი მხატვრები“
————————————————————————————————————————
პოლ-გოგენზე უფრო ვრცლად
____________________
პოლ ეჟენ ანრი გოგენი (დ. 7 ივნისი, 1848, პარიზი — გ. 8 მაისი, 1903, დაბა ატუონა, მარკიზის კუნძულები) — ფრანგი ფერმწერი.
ბიოგრაფია
პოლ ეჟენ ანრი გოგენი 1848 წლის 7 ივნისს დაიბადა პარიზში, ნოტრ დამ დე ლორეტის ქუჩის 52 ნომერში, გაზეთ ,,ნასიონალის” რედაქტორის -კლოვ გოგენის ოჯახში.
პოლ გოგენი: ავტოპორტრეტი, 1893
წინაპრები
გოგენი შემდეგში გამუდმებით ამაყობდა თურმე თავისი სახელოვანი წინაპრებით, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ,,ველური წარმოშობის” ადამიანად სახავდნენ ხოლმე ზოგიერთები, ჰყვარებია გახსენება იმისა, რომ მის ესპანელ პოლკოვნიკ პაპას (დედის მხრიდან), სიმამაცით განთქმულ დონ არიანო ტრისტან და მორკოზოს ცოლად ჰყავდა პერუს ლეგენდარული ვიცე-მეფის ულამაზესი ძმისწული, ხოლო მათი ქალიშვილი-გამოჩენილი სენ-სიმონისტი, დემოკრატიისა და ქალთა ემანსიპაციის მგზნებარე დამცველი ფლორა ტრისტანი, 16 წლისა დაქორწინებულა პარიზში ღვინით მოვაჭრე მდიდარ ბორდოელ შაზალეზე. ბევრ დროს არ გაუვლია, რომ ფლორამ შაზალესთან უშინაარსო მდიდრულ ცხოვრებას თავისი საინტერსო სამწერლო მოღვაწეობა ამჯობინა. ხოლო ხელი რომ არ შეშლოდა ამ მიზნის უკეთ განხორციელებაში, ოჯახი სამუდამოდ მიატოვა (უთუოდ ეს ის ,,გენი” იყო, რომელიც გოგენს თურმე იმ საამაყო ბებიასთან არა მარტო გარეგნულად, არამედ საქციელითაც ამსგავსებდა).
გაცილებით მყარი აღმოჩნდა ოჯახის შექმნის საკითხში ფლორას ქალიშვილი ალინა, რომელმაც სიყვარულით დაუკავშირა თავისი ბედი იმხანად საუკეთესო რეპუტაციის მქონე ლიბერალ ჟურნალისტს, ცნობილი გაზეთის ,,სოციალისტის” პოლიტიკურ რედაქტორს კლოვის გოგენს და მასთან შვილებიც შეეძინა: 1847 წ. გოგონა – ფერნარდა მარსელინა მარი, ერთი წლის შემდეგ კი – ვაჟი – პოლი. შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების გამო კლოვისი იძულებული გამხდარა, საფრანგეთი მიეტოვებინა და პერუში გახიზნულიყო ( მისი ვაჟი პოლი მაშინ ჯერ კიდევ ჩვილი ბავშვი იყო), მაგრამ მოულოდნელად გზაში გარდაცვლილა – მას გული აწუხებდა – და უმამოდ დარჩენილი ოჯახი ერთხანს პერუს დედაქალაქ ლიმაში ნათესავებს შეჰკედლებია, 1855 წ. კი ორლეანში გადმოსახლებულა.
ბავშვობა
პერუში გამგზავრებამდე, რაკი დიდი გზა უნდა გაევლოთ, დედამ ნათლობა დააჩქარა და 1849 წ. 19 ივლისს ნოტრდამ დე ლორეტის ეკლესიაში პატარა პოლი მონათლეს. მამა ნათლობას არ დასწრებია ვოლტერიანული შეხედულებების გამო. ბიჭის ნათლია მისი ორლეანელი პაპა გიიომი იყო. სწორედ ამ დროს ცოლ-ქმარმა გოგენებმა ფლორა ტრისტანის ახლობელ მეგობარს, ენგრის მოწაფეს, სალონის მედალოსანს, მხატვარ ჟიულ ლორას სთხოვეს, პოლის პორტრეტი დაეხატა. ამ პორტრეტზე პატარა პოლი წელამდეა დახატული, შიშველია და ცალი ხელი გულზე უდევს. ბიჭს ცოცხალი, მრგვალი სახე აქვს, ღია ფერის, ოდნავ ჟღალი თმა, ქვეყნიერებას მიმნდობი თვალებით უყურებს.
ყვითელი ქრისტე (1889)
პერუდან წამოსული, ორლეანის პანსიონში ჩარიცხული პოლი მეცადინეობებზე დადიოდა, მაგრამ, ჩვეული კალაპოტიდან ამოვარდნილი, იქაურობას ვერ შეეგუა. მანამდე თითქმის მხოლოდ ესპანურად ლაპარაკობდა, ახლა კი ძლივს ესმოდა მასწავლებლების, ამხანაგების, ირგვლივ მყოფთა ლაპარაკი და უცხოელი ეგონა თავი. ამიტომაც პანსიონში წარმატებები არ ჰქონია. სასწავლო საგნებს ძალზე გულგრილად ეკიდებოდა-ოცნებებს იყო აყოლილი. კარგ მოწაფედ არ ითვლებოდა, თუმცა ცუდიც არ ეთქმოდა. მასწავლებლებს საგონებელში აგდებდა ხოლმე ამ მეოცნებე, მონაცრისფრო-მომწვანო თვალებიანი რვა-ცხრა წლის ბიჭის უცნაური ქცევები.
1862 წ. დედას პარიზში მიყავს და დ’ანფერის ქუჩაზე პანსიონში მიაბარებს, ხოლო ორი წლის შემდეგ ისევ ორლეანში აბრუნებს, ამჯერად -კოლეჯში.
კარიერა და ოჯახი
როგორც კი 17 წელი შეუსრულდა, თავისივე სურვილითა და დედის დახმარებით უბრალო მეზღვაურად მოეწყო გემზე, რომელიც სავაჭრო დანიშნულებით დაცურავდა. ერთწლიანი მოგზაურობის დროს, ინდოეთში ჩასვლის შემდეგ პოლს ატყობინებენ, რომ 7 ივლისს სენ-კლუში დედა გარდაცვლილიყო. ,,უდედოდ და უოჯახოდ მყოფს მარტოობა უღრღნიდა გულს”. გოგენი სამხედრო გემზე მესაჭედ აგრძელებს სამსახურს ორი წლის განმავლობაში. 1871 წელს, დემობილიზაციის შემდეგ იგი პარიზში ბრუნდება და, დედის მიერ ანდერძით დანიშნული მდიდარი მეურვის-გუსტავ აროზის დახმარებით, პოლ ბერტენის კანტორაში იწყებს მუშაობას, სადაც კომერციული საქმის შესანიშნავ უნარს ამჟღავნებს და მალე საკმაოდ სარფიანი შემოსავლის პატრონიც ხდება.
ქალი ყვავილით (1891)
1873 წელს, მატერიალურად სავსებით უზრუნველყოფილი და მაღალ საზოგადოებაშიც საკმაოდ დაფასებული 25 წლის გოგენი ჯვარს იწერს პარიზში დროებით ჩამოსულ 23 წლის კოპენჰაგენელ აღმზრდელ ქალზე – მეტე სოფი გადზე. პოლსა და მეტეს ხუთი შვილი შეეძინათ: ემილი, ალინა (დედის სიყვარულით დარქმეული სახელით), კლოვინი (მამის მოსახელე), ჟან-რენე და პოლ-როლონი. ქორწინებიდან პირველი 10 წლის განმავლობაში ოჯახი მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობს. ხუთი შვილი, სამსახურებრივი წარმატება, კარგი რეპუტაცია უკეთეს პერსპექტივას უსახავდა მას მომავალშიც და უცებ, სრულიად მოულოდნელად, მეუღლეს ამცნობს თავის პრინციპულ გადაწყვეტილებას: სამსახურს ვტოვ, რადგან ვირწმუნე, ჩემი ჭეშმარიტი მოწოდება მხატვრობააო.
მოღვაწეობა
ყველაფერი ლაფტის ქუჩიდან დაიწყო, რომელიც განთქმული იყო სამხატვრო სავაჭროებით. დაწესებულება, რომელშიც გოგენი მსახურობდა, იმ ქუჩაზე მდებარეობდა და იქვე, სხვადასხვა ბედის მხატვრებთან და მათ ქმნილებებთან ყოველდღიურმა შეხვედრებმა სადღაც მის სულშიც წლების მანძილზე მიძინებული მხატვარი გააღვიძა. განსაკუთრებით იმპრესიონისტებმა მიიპყრეს მისი ყურადღება. იგი სისტემატურად იძენდა მათ საუკეთესო ნიმუშებს და თვითონაც, თითქოს ისე, სასხვათაშორისოდ, ხატვასა და ფერწერაში ხელს ავარჯიშებდა.
აღარასოდეს (1897)
მისი მხატვრული ნიჭი პირველად კამილ პისარომ აღმოაჩინა. მისგან მიიღო პოლმა პირველი გაკვეთილები და, ბუნებრივია, თავდაპირველ ფერწერულ ქმნილებებსაც, იმპრესიონისტებისათვის იმ ძვირფასი წინაპარი მხატვრების გარდა, რომელთა შესწავლასაც პისარო ურჩევდა, თვით პისაროს ზეგავლენაც ემჩნევა. მხატვრობის პროფესიული დაუფლების მიზნით, ბანკის თანამშრომელ და მისებრ ხატვით გატაცებულ მეგობართან – ემილ შუფენეკერთან ერთად ,,კოლაროსის აკადემიის” ე.წ. უპროფესორო გაკვეთილებსაც ესწრება (სხვათა შორის, კოლაროსის ამ აკადემიაში 1924 წ. ელენე ახვლედიანი და ქეთევან მაღალაშვილიც მეცადინეობდნენ).
ასე გვიან, მაგრამ ძალზე ნაყოფიერად წარიმართა მისი შემოქმედებითი გზა დილეტანტური გატაცებიდან პროფესიული მხატვრობისაკენ და უკვე ის ფაქტი, რომ 1876 წ. მისი ერთი ფერწერული სურათი მიიღო და გამოფინა პარიზის სალონმა, ადასტურებდა მის ნიჭიერებას და პერსპექტიულობას ხელოვნებაში. ხოლო, როდესაც მან თავისი ტილო ედუარდ მანეს ანახა და თანაც მოკრძალებით დასძინა: მე მხოლოდ მოყვარული ვარო, მანემ მისთვის ჩვეული პირუთვნელობით მიუგო: ,,ო, არა მოყვარულები მხოლოდ ისინი არიან, რომლებიც ცუდ ფერწერას ქმნიან…” ამან გოგენი კიდევ უფრო გაამხნევა და საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენაც განუმტკიცა.
ნაყოფთა შეგროვება (1899)
1880 წლის აპრილში კრიტიკოსი გეისმანსი ყურადღებას ამახვილებს (იმპრესიონისტების მე-5 გამოფენასთან დაკავშირებით) გოგენის ფერწერულ ნამუშევრებზე (,,ერმიტაჟის ვაშლოვანი”, ქალაქგარეთა ბაღები”, ,,თოვლის ეფექტი”…), აგრეთვე მის მარმარილოს ბიუსტზე და განსაკუთრებით გამოყოფს შიშველი ქალის ეტიუდს, რომელსაც ოსტატობის თვალსაზრისით კურბესთან ათანაბრებს. ერთხანს გოგენი კიდევ განიცდის იმპრესიონისტების ზეგავლენას, ამავე დროს ეძებს ასახვის საკუთარ განსხვავებულ ფორმებსაც… გართულებული ცხოვრების პირობები კი ამის საშუალებას არ იძლეოდა. გარკვეული დროით იგი ოჯახითურთ რუანში გადადის, სადაც პისაროსთან ერთად ღრმად ეუფლება სინათლისა და ჩრდილის ახალ იმპრესიონისტულ მიღწევებს. ცხოვრების იმ უზრუნველყოფილ ვითარებაში ასპარეზი ეძლეოდა დამოუკიდებელ, თავისუფალ შემოქმედებასაც, მაგრამ, თანდათან იცლებოდა რესურსები და იზღუდებოდა შემოქმედებითი თავისუფლებაც, იკლებდა კაპიტალი და მატულობდა აქამდე მშვიდი მეტეს ჭირვეულობაც. გოგენის ყოველგვარი შემდგომი ცდა მძიმე ოჯახური მდგომარეობის გაუმჯობესებისა კრახით დამთავრდა. ვერც მეტეს მშობლიურ ქალაქ კოპენჰაგენში ეწია ბედს. მეტეს მშობლებისა და ნათესავების თვალში იგი მხოლოდ ზედმეტ ტვირთს წარმოადგენდა. დანიური მკაცრი საზოგადოებაც მეტისმეტად ცივი აღმოჩნდა მისი მხურვალე ტემპერამენტისთვის. საბოლოოდ იძულებული ხდება, კოპენჰაგენში დატოვოს ოჯახი, თვითონ კი პარიზში დაბრუნდეს, სადაც მას არაერთ გასაჭირთან შერკინება ელოდა. სრულიად ჯიბეცარიელი, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი გოგენი ერთხანს პარიზის ქუჩებში აფიშების გამკვრელადაც კი მუშაობს და ოდნავადაც არ გრძნობს თავს დამცირებულად იმის გამო, რომ ასეთ გასაჭირშია ჩავარდნილი მაშინ, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ პარიზში ერთ-ერთი შეძლებული კაცის პატივით სარგებლობდა.
მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, მაინც ახერხებს 1886 წ. 19 სურათით წარსდგეს იმპრესიონისტების, უფრო სწორედ, თითქოსდა იმპრესიონისტების მერვე, უკანასკნელ გამოფენაზე და ცნობილი კრიტიკოსის, ფელიქს ფენეონის საუკეთესო შეფასებასაც იმსახურებს. 1886 წ. ზაფხულში იგი პატარა ბრეტონულ ქალაქ პონტ-ავენში ცხოვრობს და საკმაოდ ნაყოფიერადაც მუშაობს ფერწერაში. ზამთარში კი ისევ პარიზშია და კვლავ შიმშილის, სიცივისა და აუტანელი სიღატაკის ტყვეობაში იმყოფება. აქვე ხვდება იგი ვინსენტ ვან გოგს, რომელიც ბელგიური ბორინაჟიდან ჩამოვიდა, სადაც მას არანაკლები ტანჯვა და მწუხარება გადაუტანია.
მკვდართა სულს არ სძინავს (1892)
გოგენის შემოქმედებითი ცხოვრების ეს პერიოდი მკვეთრი გარდაქმნებით ხასიათდება. უკვე პონტ-ავენში ყოფნის დროს იქ ჩასული ახალგაზრდა ფრანგი მხატვრები მას თავიანთ წინამძღოლად და ე.წ. პონტ-ავენის ანუ ,,კლუაზონიზმის ” (,,სინთეზიზმის”) სკოლის თავკაცად თვლიან.
1887 წ. აპრილში მის მიმდევარ ახალგაზრდა მხატვარ შარლ ლავალთან ერთად მიემგზავრება პანამაში, სადაც მეგობრები იძულებულნი ხდებიან, ლუკმაპურის საშოვნელად ბედი სცადონ პანამის არხის მშენებლობაზე და უმძიმეს სამუშაოზე ციებ-ცხელებითაც ავადდებიან. გამოჯანმრთელების შემდეგ ისინი მარტინიკის კუნძულზე მიდიან, სადაც გოგენი რამდენიმე ტილოს ქმნის. შემდეგ ისევ პარიზი, ისევ პონტ-ავენი, ხოლო 1888 წ. ოქტომბრიდან 1889 წ. დასაწყისამდე ვან გოგის მიწვევით არლში იმყოფება, მაგრამ ფერწერაში მათი ერთობლივი თანამშრომლობის ცდა მარცხით დამთავრდა, ისევე, როგორც მათი შეხვედრა პირდაპირი მნიშვნელობით: მწვავე ფსიქიკური შეტევისას ვან გოგი ქუჩაში მოულოდნელად თავს დაესხა გოგენს და თუ არა ყოველი მოსალოდნელი საფრთხისაგან თვით გოგენისავე თავის დაღწევის საოცარი უნარი, სულ ადვილად შეიძლებოდა, მსხვერპლი გამხდარიყო მისი ბასრი სამართებლისა.
1889 წ. პარიზში საერთაშორისო გამოფენის დროს, გოგენი და მისი მიმდევრები ვოლპინის კაფეში აწყობენ ,,იმპრესიონისტებისა და სინთეზისტების ჯგუფის” სახელწოდებით თავიანთი სურათების გამოფენას, რომელსაც მათ მიერ ნავარაუდევი წარმატება სულაც არ მოჰყოლია. თანამედროვეთა უმრავლესობისათვის უმალვე გასაგები და მისაღები როდი აღმოჩნდა მათი ნოვატორული ხელოვნება.
ნატურმორტი თუთიყუშებთან (1902)
მაყურებელთა გულგრილობით, ლუკმაპურისათვის გამუდმებული ხეტიალითა და სხვა უამრავი გასაჭირით დაღლილი გოგენი ოდილონ როდენს ატყობინებს: ,,მივემგზავრები ტაიტზე და ალბათ სიცოცხლესაც იქ დავამთავრებ”. მთელი ის დრო, რომელიც მან ტაიტზე 1891-93 წწ. გაატარა, აღინიშნებოდა დრამატიზმით, იმედის გაწბილებით, კოლონიურ სინამდვილესთან მძაფრი კონფლიქტით. თუმცა შემოქმედებითად ის მეტად ნაყოფიერია. უდიდესი ფანტაზიით აღსავსე, მუშაობისას იყენებს კუნძულზე არსებულ ბუნებრივ მასალას, ხატავს ტაიტიზე დამზადებულ უხეშ ტილოზე, რომელსაც ,,ჰესიანი” ეწოდება…
ტაიტიდან იგი ორიოდე წლით ისევ პარიზში ბრუნდება, თუმცა მაინც თავისი იდეალების ერთგული რჩება და 1895 წ. ისევ თავისი საოცნებო კუნძულებისაკენ მიეშურება. 1901 წლამდე გოგენი იქვე რჩება, იქიდან მარკიზის კუნძულებზე, დაბა დომენიკზე გადადის, სადაც 1903 წლის 8 მაისს, თითქოსდა, ყველასაგან მივიწყებულმა და მარტოსულმა, სინამდვილეში – საყოველთაოდ აღიარებულმა და ვალმოხდილმა, სამუდამოდ დატოვა ამქვეყნად თავისი უკანასკნელი სამყოფელი.
სიცოცხლის იმ უკანასკნელ წუთებშიც მას უთუოდ თავისი უერთგულესი მეგობრის – დანიელ დე მონფრედის სიტყვები ანუგეშებდა: ,,…შენ ახლა უნიკალური, ლეგენდარული მხატვარი ხარ, რომელიც შორეულ სამხრეთის ზღვებიდან დიდი მხატვრის განსაცვიფრებელ, განუმეორებელ და სრულყოფილ ქმნილებებს გვიგზავნი… შენი მტრები სდუმან, ისინი ვეღარც გიბედავენ შემოტევას, ამის გაფიქრებაც კი აღარ ძალუძთ… შენ უკვე ყველა დიდი ადამიანივით მიუწვდომელი ხარ და ხელოვნების ცოცხალ ისტორიას ეკუთვნი”.
წყარო: კა.ვიკიპედია
__________________
სინთეზი: გ.კვარაცხელია