
არაჩვეულებრივი იტალია – პიზის საოცრებათა მოედანი
◘ პიზის საოცრებათა მოედანი – კომპლექსს, რომელშიც დახრილი კოშკი შედის, მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.
იტალიის ქალაქი პიზა ამავე სახელწოდების პროვინციის ცენტრია ტოსკანის მხარეში. მისი ფართობი 185 კვ კმ – ია, მოსახლეობა – დაახლოებით 100 ათასი. ამ პატარა ქალაქის ძველ ნაწილში, საოცრებათა მოედანზე (პიაცა დეი მირაკოლი) დგას პრაქტიკულად ყველასათვის ნაცნობი პიზის დახრილი კოშკი. მაგრამ მსოფლიო არქიტექტურის განუმეორებელ შედევრად არა მარტო კოშკი, არამედ საოცრებათა მოედნის მთელი არქიტექტურული ანსამბლია შესული.
კედლით გარშემორტყმული ამ ვრცელი მოედნის ტერიტორია ნაწილობრივ მოასფალტებულია, ნაწილობრივ კი მობიბინე ბალახითაა დაფარული. პიაცა დეი მირაკოლის ანსამბლში შედის საკათედრო ტაძარი, კოშკი, სასაფლაო კამპო – სანტო და ბაპტისტერიუმი. ის მეოთხე საუკუნიდან ჩნდება და წარმოადგენს ნათლობის აღსრულებისთვის განკუთვნილ, ბაზილიკისგან განცალკევებულ შენობას. განცალკევების მიზეზი ის იყო, რომ ახალმოქცეულნი ეკლესიაში მხოლოდ ნათლობის შემდეგ დაიშვებოდნენ. პირველ ბაპტისტერიუმებს ჰქონდა ბერძნული ჯვრის ფორმის, ხუთკუთხა, ექვსკუთხა, უფრო ხშირად კი რვაკუთხა ან წრიული გეგმა, კამაროვანი და გუმბათოვანი გადახურვა.
იუნესკომ 1987 წელს საოცრებათა მოედანი მსოფლიოს მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ამ მართლაც საოცარ ადგილს სახელი სახელი ცნობილმა იტალიელმა მწერალმა, პოეტმა და დრამატურგმა გაბრიელე დანუნციომ შეარქვა, რომელმაც კომპლექსი 1910 წელს ერთი წინადადებით აღწერა თავის ნოველაში – „დაფრინავდა ყანჩა ცაზე, საოცრებათა მდელოს თავზე…’’
შუა საუკუნეების პიზა გენუის მეტოქე იყო ხმელთაშუა ზღვაზე სავაჭრო გზებისთვის ბრძოლაში. რესპუბლიკის ოქროს ხანაზე მეტყველებს სწორედ სატაძრო ანსამბლი საოცრებათა მოედანზე. უამრავი სპეციალისტისა და შემფასებლის აზრით, და მათი აზრი სავსებით გამართლებულია, თამამად შეიძლება ითქვას, – ამ კომპლექსს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება! ქალაქის ცენტრში თეთრი მარმარილოს სამი კაშკაშა ნაგებობა საგანგებოდ მოვლილ, ხასხასა ზურმუხტოვან მინდორზე დგას.
ცენტრში ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარია – დუომო დი სანტა მარია ასუნტა, დასავლეთით ბაპტისტერიუმია, მარცხნივ კი ისტორიაში სამუდამოდ შესული დახრილი კოშკი. საოცრებათა მოედნის ჩრდილოეთ ნაწილს მონუმენტური სასაფლაო კამპო – სანტო იკავებს.
ძირითადი ანსამბლი – ტაძარი, ბაპტისტერიუმი და კოშკი შენდებოდა თითქმის 300 წელი. მათ აერთიანებს თაღოვან გალერეათა რიგები და ზემოდან მომრგვალებული ფანჯრები, რომლის მშენებლობა 1063 დაიწყო არქიტექტორ ბუსკეტო დი ჯოვანი ჯუდიჩეს ხელმძღვანელობით. მიღებულ სტილს რომანული ეწოდა. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში შენდებოდა ვენეციის წმინდა მარკოზის ტაძარი და ბუსკეტოს წინაშე იდგა შემდეგი ამოცანა – პიზის საკათედრო ტაძარი არ ყოფილიყო მასზე ნაკლები…
მშენებარე ტაძარი აკურთხა რომის პაპმა გელასი მეორემ 1118 წელს. პიზა ნამდვილ აკადემიად იქცა მხატვრებისა და მშენებლებისთვის, ისინი ქალაქში მთელი იტალიიდან ჩამოდიოდნენ და შედეგად მშენებლობა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობდა და 1150 წლისთვის ტაძრის კორპუსი დასრულდა. ტაძარმა რამდენიმე რეკონსტრუქცია განიცადა სხვადასხვა ეპოქაში, პირველად 1595 წელს ხანძრის შედეგად, როცა განადგურდა მეთერთმეტე საუკუნის სამი ბრინჯაოს პორტალი.
ხანძარს გადაურჩა ჯოვანი პიზანოს მიერ შექმნილი კათედრა, რომელიც შედევრად ითვლება და საუკეთესოა ჩვენამდე მოღწეული შუა საუკუნეების იტალიური ქანდაკებების ნიმუშებს შორის. აღსანიშნავია, რომ ტაძრის ერთ ერთი რეკონსტრუქციის დროს კათედრა დამალეს და ის მხოლოდ 1926 იპოვეს.
ტაძარში ინახება პიზის მფარველი წმინდა რანიერის ნაწილები, აქვეა საღვთო რომის იმპერატორ ჰენრიხ მეშვიდეს საფლავი. ტაძარში დაცულია ჯვაროსნული ლაშქრობების დროინდელი რელიკვიები – წმინდანების ბაბოს, გამლიელის და ნიკოდიმის ნაწილები.
ქრონოლოგიურად პიაცა დეი მირაკოლის მეორე ნაგებობაა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ბაპტისტერიუმი, რომლის აგება 1152 წელს დაიწყო არქიტექტორ დიოტისალვის მიერ. ეს იტალიაში ყველაზე დიდი ბაპტისტერიუმია. დიოტისალვიმ მშენებლობა რომანულ სტილში დაიწყო, ხოლო ნიკოლო და ჯოვანი პიზანოებმა ნაგებობა გოთურ სტილში დაასრულეს. შედეგად შენობა წარმოადგენს რომანულ – გოთურ საოცრად დახვეწილ ნიმუშს.
სხვათაშორის ბაპტისტერიუმიც ოდნავ დახრილია საკათედრო ტაძრისკენ, მხოლოდ 0,6 გრადუსით…
საოცრებათა მოედნის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული მონუმენტური სასაფლაო კამპო – სანტო (წმინდა ველი), ლეგენდის თანახმად, გოლგოთიდან ჩამოტანილი წმინდა მიწის კაფსულის გარშემოა აშენებული. მიწა მეთორმეტე საუკუნეში ჯვაროსნული ლაშქრობების დროს პიზის არქიეპისკოპოსმა უბალდო ლაფრანჩიმ ჩამოიტანა. მისი მშენებლობა 1278 წელს არქიტექტორმა ჯოვანი დი სიმონიმ დაიწყო. მისი კედლები სულ ფრესკებით იყო დაფარული. ბენიცო გოცოლის „ძველი აღთქმის ისტორიები’’ ჩრდილოეთ კედელზე იყო, პიერო დი პუჩის „ყოფის ისტორიები’’ კი სამხრეთ კედელზე. იყო კიდევ ერთი, ბუონამიკო ბუფალმაკოს ყველაზე ცნობილი ფრესკა – „სიკვდილის ტრიუმფი’’. ყველა ეს ფრესკა 1944 წლის 27 ივლისს მოკავშირეთა ავიაციის მიერ ქალაქის დაბომბვას შეეწირა.
P.S. უბრალოდ, სიტყვებით გადმოსცე მთელი ეს მომაჯადოებელი საოცრებები, შეუძლებელია. ეს ყველაფერი უნდა ნახოს ადამიანმა. მათი ნახვის წყურვილი ეს ისეთი გრძნობაა, თითქოს ხელით ეხები ეპოქას. ეპოქას, რომლის წინაშე მუხლებზე უნდა დავემხო და წარმოვთქვა – „ქედს ვიხრი შენი დიადი წარსულის წინაშე“.
______________________
ანზორ დიხამინჯია