„სტაბილური და დემოკრატიული მეზობლების გარემოცვაში ყოფნა ყველა ჩვენგანის ინტერესებში შედის. მეორე მხრივ, ეს პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე სხვა სახელმწიფოებისა და მეზობლების სუვერენული გადაწყვეტილების პატივისცემის ძირეულ პრინციპებს”, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მანამდე პრემიერმა ფორუმზე რუსეთის წარმომადგენელი მწვავედ გააკრიტიკა მისი რეპლიკის გამო.
„რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში? რას წარმოადგენს საქართველო რუსეთისთვის? სწორედ ეს არის მთავარი კითხვა. როგორია საქართველოს რუკა? რომელ ქვეყანაზე ლაპარაკობს რუსეთი? ესაა მთავარი კითხვები. ბოდიში, მაგრამ ფრაზა ეკონომიკური ზრდის დაბალი სიჩქარის შესახებ იქ, სადაც სტაბილურობას ძირს უთხრის რუსეთის მხრიდან ინტერვენცია, ძალიან სარკასტულად ჟღერს”, – მიმართა კვირიკაშვილმა რუსეთის წარმომადგენელს.
ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ფედერაციის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარის, ვიაჩესლავ ნიკონოვის რეპლიკას. ნიკონოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ არის წინააღმდეგი საქართველო და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდნენ, თუმცა წინააღმდეგია საქართვლო-უკრაინის ნატოში ინტეგრაციის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაში: “აღმოსავლეთ სამეზობლო 2017”.