ბოლო ხუთი წლის მანძილზე 1/3-ით გაიზარდა სპექტაკლების რაოდენობაც. 2012 წელს ქართულ თეატრებში ჯამში სულ 2066 სპექტაკლი გაიმართა, 2016 წელს კი 3022 სპექტაკლი, თითქმის 1000 -ით მეტი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2012 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით თეატრს 354 ათასი მაყურებელი სტუმრობდა, ხოლო 2016 წელს – 602 ათასი. 2012-1016 წლამდე მაყურებელთა რაოდენობის სტაბილური ზრდის ტენდენცია ფიქსირდება.
2017 წლის მონაცემები ჯერ დაჯამებული არ არის, თუმცა, როგორც თეატრების მენეჯმენტში აღნიშნავენ, ზრდის ტენდენცია 2017 წელსაც შენარჩუნებულია.
მარჯანიშვილის თეატრში გასულ წელს 80 ათასამდე ბილეთი გაიყიდა.
როგორც M2B-ის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორმა ეკა მაზმიშვილმა აცნობა, 80 ათასამდე ბილეთი, 2016 წლის 9 თვის მონაცემებია.
“2017 წელს ჩვენი თეატრის დასი გასტროლებზე დიდი ხნის მანძილზე იყო. ამიტომ ამ დროისთვის მხოლოდ 7 თვემდე მონაცემების დაჯამება შეგვიძლია. მიმდინარე წლის 7 თვის მანძილზე სულ 45 460 ბილეთია გაყიდული”, – აცნობა M2B-ის მარჯანიშვილის თეატრის დირექტორმა.
საქართველოში სულ 49 თეატრია. აქედან 24 დედაქალაქში. 2016 წლის მონაცემების მიხედვით, თეატრში მისული 602 ათასი მაყურებლიდან 65,49% თბილისის თეატრებს სტუმრობდა. თბილისის შემდეგ იმერეთის რეგიონი ლიდერობს, სადაც 8 თეატრია განთავსებული. გასულ წელს ამ რეგიონში თეატრებს მაყურებელთა საერთო რაოდენობის 13, 57 % სტუმრობდა. მაყურებელთა 3,51 % აჭარაზე გადანაწილდა; სამეგრელო – 2.94 %; სამცხე-ჯავახეთი – 2, 65 %, დანარჩენი რეგიონებზე კი მაყურებლის 11.83 % ნაწილდება.
თუ რამდენად უწყობს ქართული თაეტრის რეპერტუარი თანამედროვეობას ფეხს, რამდენად პასუხობს თანამედროვე მენეჯმენტის გამოწვევებს და რა მდგომარეობაა დღეს ზოგადად ქართულ თეატრში, ამ საკთხზე M2B თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილს ესაუბრა.
როგორც M2B-სთან საუბარში ჩხარტიშვილმა აღნიშნა, მაყურებლის რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყო თეატრების აქტიურობამ, მეტმა პრემიერამ.
„წლიდან წლამდე იზრდება პრემიერების რაოდენობა, რაც ასახვას ჰპოვებს მაყურებლის პროცენტულ ზრდაზე, მაგრამ მგონია, რომ ქართული თეატრის მაყურებელი ჩაკეტილ წრეს წარმოადგენს, თეატრში იშვიათად დადის ახალი მაყურებელი, ჩვენი მაყურებელი არ არის ფართო წრე, მაინც თეატრის მოყვარულებისგან შედგება ეს რიცხვი. თანამედროვე ქართული თეატრი ვერ გახდა ღია, რისი მიზეზებიც სარეპერტუარო პოლიტიკაში უნდა ვეძიოთ. მაყურებლის უმრავლესობაც ახალგაზრდობას წარმოადგენს“, – განმარტავს ჩხარტიშვილი.
მისი ცნობით, კვლევების მიხედვით 70% სწორედ 15-40 წლამდე მერყეობს. კორპორატიული გაყიდვები აქვთ საბავშვო და საყმაწვილო თეატრებს და მაყურებელთა უმრავლესობაც სწორედ ამ ტიპის თეატრებს ჰყავს, ვიდრე დრამატულ თეატრებს.
ამ ფაქტს თეატრმცოდნე მენეჯმენტის ხარვეზებს უკავშირებს. არასათანადო მარკეტინგს და პიარტექნოლოგიების არასრულფასოვნად გამოყენებას.
„ მაყურებლის ზრდა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: სარეპერტუარო პოლიტიკა, თანამედროვე სათეატრო ენის დანერგვა და ეფექტური მარკეტინგული მუშაობა. ჩვენი თეატრი სამწუხაროდ მთლიანად არ არის მოდერნიზებული, მხოლოდ გარკვეული რეჟისორები დგამენ თანამედროვე სპექტაკლებს, ჩვენში უყვართ ტრადიციები, ტრადიციულ თეატრს კი მაყურებელი ვერ იტანს, მით უმეტეს, თუკი ის უხარისხოა, როგორც ხშირ შემთხვევაშია ჩვენთან. ამიტომაც მაყურებელი რომ არ დაშორდეს, თანამედროვე სათეატრო ენა და აქტუალური თემები უნდა შესთავაზოს თეატრმა მაყურებელს, რათა გამოიწვიოს მისი დაინტერესება. ზოგიერთი რეგიონის თეატრში არც ესმით ცნება მარკეტინგის მნიშვნელობა, ეს კარგად ჩანს მათ facebook გვერდებზე… თეატრები არ ფლობენ პიარ ინსტრუმენტებს და არც იყენებენ. დღეს აფიშა ვეღარ მოიყვანს მაყურებელს, უნდა გადაიხედოს მაყურებლის თეატრში მოზიდვის ხერხები და პოლიტიკა“, -აღნიშნა m2b-სთან საუბრისას თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა.