
ქართული ფილმი „დედე“ ამერიკის დასაპყრობად მიემგზავრება
ჩიკაგოში ქართულ ფილმს მაღალმთიანი სვანეთის მკაცრი ტრადიციების შესახებ აჩვენებენ
ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ფილმ „დედეს“ საპრემიერო ჩვენებები ჩიკაგოში (აშშ) 14-17 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
სრულმეტრაჟიანი სურათი ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით გავა.
„დედე” ოთხი ქვეყნის კინოპროდუქციაა – საქართველოს, ირლანდიის, კატარისა და ჰოლანდიის. ფილმი ეროვნული კინოცენტრის, Doha Film Institute-ს და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით შეიქმნა.
მკაცრ სვანეთის მთებში განვითარებული სიყვარულის ისტორია კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. პოლონეთის XV საერთაშორისო ფესტივალ Tofifest Film Festival-ზე საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა პრიზი „ვერცხლის ანგელოზი“, საფრანგეთში მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალ Cinemed-ზე მაყურებელთა სიმპათიის პრიზი გადაეცა, შემდეგ სურათმა გაიმარჯვა პრესტიჟულ საერთაშორისო კინოპრემიაზე Asia Pacific Screen Awards (APSA).