Skip to Content

ქართველი მხატვრის ნამუშევრები ქეთი მელუასა და პიერ კარდენის კოლექციებში

ქართველი მხატვრის ნამუშევრები ქეთი მელუასა და პიერ კარდენის კოლექციებში

Be First!

ნიჭიერია და ცოტა უცნაური, ქაოსური და სენტიმენტალურიც, რაც მის ნახატებშიც ჩანს. როგორც ხელოვანს, ამბიცია აქვს, თუმცა პიროვნულად თავმდაბალია და თვლის, რომ 44 წლის ასაკში ისევ ბავშვად რჩება. მისი ნახატები უცხოეთში ბევრი ადამიანის კერძო კოლექციაშია, მათ შორის ქეთი მელუა და პიერ კარდენიც არიან.

მისი ნახატი „სპერმატოზოიდი“ გერმანიაში 48 000 ევროდ შეაფასეს. საუბარია ნიჭიერ თბილისელ მხატვარზე დათო ჯიბლაძეზე.

დათო ჯიბლაძე მუშაობის პროცესში
დათო ჯიბლაძე მუშაობის პროცესში

– ბატონო დავით, მოდი, საუბარი დავიწყოთ იმით, თუ რა არის თქვენთვის ხატვა – საკუთარი თავის დამკვიდრების ფორმა, სულიერი მოთხოვნა, შემოსავლის წყარო?

— რა ვიცი, ხატვა ჩემი მოთხოვნილებაა, ყოველდღიური საქმე და სულიერი სამყაროს ნაწილი. სამხატვრო აკადემიაში, რა თქმა უნდა, ვსწავლობდი, მაგრამ ბოლომდე არ დამიმთავრებია, გამოვედი. ამის მერე კინოსტუდიაში ანიმაცია ავითვისე, რის შემდეგაც კინოთი დავინტერესდი. მუზა და იდეა ჩემი შინაგანი სამყაროდან მოდის, ანუ თვალი ხედავს, გონება ამუშავებს და ტილოზე ნახატი იბადება. ჩემ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს, მოვლენებს და მითებს, სულიერს თუ უსულოს ვაცოცხლებ და მათ არსს, ფორმას და ფაქტურას ვაძლევ. სულ ესაა. არ ვიცი, გასაგებად თუ გამოვხატე…

დათო ჯიბლაძის შემოქმედება
დათო ჯიბლაძის ნახატი „სპერმატოზოიდი” რომელიც 48 ათას ევროდ შეფასდა გერმანიაში.

 

– ამბობენ, თქვენი ნახატები ქეთი მელუას და პიერ კარდენსაც აქვს…

— დიახ, ეს სიმართლეა. ჩემი ნახატები ქეთი მელუას და პიერ კარდენს აქვთ, მაგრამ ამ ამბავს ჩვენში ბევრი არ იჯერებს. ჩემი ერთი მეგობარი საფრანგეთში ცხოვრობს, მისი მეუღლე ფრანგია და პიერ კარდენი მათ მეზობლად ცხოვრობს. ეს რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა, რადგან ეს პიროვნება ბავშვობიდან მიყვარს. მეგობარს გავუგზავნე ჩემი ერთი ნახატი და ვთხოვე, რომ ის ჩემი სახელით კარდენისთვის ეჩუქებინა. ნახატის მიყიდვის თემა აქ, რა თქმა უნდა, არ იყო, უბრალოდ ვაჩუქე ნახატი, რომელიც მას, როგორც გადმომცეს, მოეწონა. ჩემი ნახატები ევროპაში ბევრჯერ მქონდა გატანილი, ამიტომ ისინი ბევრი უცხოელის კერძო კოლექციაშია. გამოფენები მქონდა საქართველოში, უკრაინაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში…

დათო ჯიბლაძის შემოქმედება
დათო ჯიბლაძის შემოქმედება

– ბოლო დროს დიდ ტილოებს ხატავთ…

— დიახ, ამ ეტაპზე უფრო დიდი ზომის ტილოებს ვხატავ, მეტრი, მეტრნახევრიანი ზომის ტილოებს. იმ მიმდინარეობას, რაშიც ვხატავ, სახელს ვერ ვარქმევ და იქნებ ეს არც იყოს საჭირო. თუ ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა, მინდა, რომ ამ დიდ ტილოებს მაქსიმალურად დავანთხიო ჩემი სული, მინდა ხალხმა ბევრი ჩემი ნახატი ნახოს. ჩემ ყველაზე უჩვეულო ნახატად თვლიან „სპერმატოზოიდს“, რომელიც ევროპაში 48 000 ევროდ შემიფასეს. ეს ნახატი ძალიან მომწონს და მას მართლა დიდი სიამოვნებით ვხატავდი. რატომ სპერმატოზოიდი? არ ვიცი, ამის დახატვის სურვილი რატომ გამიჩნდა, თუ ჩემი პასუხი არ გაგაღიზიანებთ, გეტყვით, რომ, პრინციპში, ყველა ეგაა, ოღონდ მეტ-ნაკლებად განვითარებული… დღესდღეობით ხელოვნებაში რა ხდება, იცით? მხატვრები ერთმანეთთან კარგად ვერ არიან. ეს, ჩემი აზრით, კონკურენციის გამო. ერთმანეთს კარგ საქმეს არ უკეთებენ ხოლმე, ამას მართლა გულისტკივილით ვამბობ. ჩემი ერთი მეგობარი ჰოლანდიაში იცნობდა გალერისტს, რომელსაც ჩემი ნახატები ისე მოეწონა, რომ ჰოლანდიაში ჩემი წაყვანის სურვილი გაუჩნდა, მაგრამ მერე ვეღარ მოხერხდა.

დათო ჯიბლაძის შემოქმედება
დათო ჯიბლაძის შემოქმედება

– ვინ არის მხატვარი დათო ჯიბლაძე?

— 44 წლის ვარ, მაგრამ სულიერად ისევ პატარა ბავშვი ვარ, თუმცა, ყველა ადამიანი ბავშვად რჩება, უბრალოდ ფიზიკურად იცვლება… ყველგან ჩემი უბის წიგნაკით დავდივარ და რაღაცას რომ შევხედავ და მომეწონება, მაშინვე ჩანახატს ვაკეთებ. ჩემი ყურადღება შეიძლება მიიქციოს უბრალო ლაქამ, კედელზე ბზარმა ან ჩრდილმა და ეს გახდეს ჩემი ხატვის სურვილი. ვხატავ იმას, რისი ხატვის მოთხოვნაც შინაგანად მაქვს, რაც მომწონს. მოკლედ, აი, ასეთი ვარ და ესაა ჩემი ცხოვრება…

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*