Skip to Content

”ქსოვილი საქართველოდან“

”ქსოვილი საქართველოდან“

Be First!

2 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ენციკლოპედიური ალბომის „ქსოვილი საქართველოდან“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ისტორიული კოსტიუმების უნიკალური ნიმუშები.

ალბომის პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.

“ქსოვილი საქართველოდან” ორენოვანი ალბომია, რომელიც თავისი ფორმით, შინაარსით, მაღალი პოლიგრაფიული დონითა თუ ისტორიული მნიშვნელობით საეტაპო გამოცემას წარმოადგენს.

ოთხას გვერდიანი ნაშრომი ქართული ისტორიული ქსოვილის შესახებ მეშვიდე- მეოცე საუკუნის დასაწყისის ჩათვლით, ყველა მნიშვნელოვან ცნობას აერთიანებს და ქართველი გვირგვინოსნებისა და თავადების შესამოსელის მიხედვით აღდგენილ ქსოვილზე მოგვითხრობს.

პირველად ისტორიაში, საზოგადოებას საშუალება მიეცემა გაეცნოს და დაათვალიეროს ის ქსოვილი, რომლითაც დიდი ქართველი მეფეები და დიდგვაროვნები იმოსებოდნენ, მათ შორის: დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი III, დადიანთა, ჯაყელთა, ერისთავთა, სურამელთა და გურიელთა სახელოვანი შთამომავლები.

ალბომი მიზნად ისახავს ქართული ისტორიული ქსოვილის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური მიმართულების განვითარების ასახვას. მასში შესულია 200-ზე მეტი ფრესკა და 300-მდე ტექსტილის სახეობა, მათ შორის, აღსანიშნავია, VIII-XI საუკუნეების ბიზანტიური ქსოვილები სვანეთიდან.

ისტორიულ ტექსტილთან ერთად, კატალოგში შეტანილია რეკონსტრუირებული, აღდგენილი ქსოვილები, რომლებიც მხატვრებმა ეკლესია-მონასტების ფრესკებიდან და უძველესი ხელნაწერებიდან გადმოიხატეს და შემდეგ ძვირფას აბრეშუმზე აღადგინეს. ( ქსოვილების ავტორი ეკატ.გეგუჩაძე.)

წიგნში შესულია საქართველოს ხელოვნების სასახლეში, ეროვნულ მუზეუმში და კერძო კოლექციებში დაცული ნიმუშები.

სამეცნიერო ნაშრომზე შემოქმედებითი ჯგუფი გიორგი კალანდიასა და ირინე საგანელიძის ხელმძღვანელობით 6 თვის მანძილზე მუშაობდა. დიზაინი და გრაფიკული კონცეფცია ირაკლი ზამბახიძეს, ხოლო სამეცნიერო რედაქტურა გულიკო კვანტიძეს ეკუთვნის.

პროექტის მხარდამჭერი ნაციონალური სამოსის სახლია, კატალოგის გამოცემა და მეცნიერული კვლევა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟით განხორციელდა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*