Skip to Content

რა წერია ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს ეხება

რა წერია ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს ეხება

Be First!

კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა გახდა ცნობილი.

როგორც პროექტშია ნათქვამი, ვენეციის კომისია მიესალმება საკონსტიტუციო გადასინჯვის მიმდინარე პროცესს. ვენეციის კომისია საერთო ჯამში მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული რეფორმა გააძლიერებს და გააუმჯობესებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტური უფლებების პრინციპებზე დაფუძნებულ ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგს.

“საქართველო მეტწილად ცენტრალიზებულ ქვეყნად რჩება, ერთპალატიანი პარლამენტით. საქართველოს აკლია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დიდი ხნის ტრადიცია. არსებობს რისკი იმისა, პარლამენტში უმრავლესობის დომინირებას ექნება ადგილი და მომავალში გათვალისწინებული უნდა იქნას შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის გაძლიერების შესაძლებლობა, მაგალითად, პარლამენტის მეორე პალატის შემოღებით და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებით”, – ნათქვამია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტში.

ვენეციის კომისია აცხადებს, რომ პრეზიდენტის ირიბი არჩევის სისტემის შემოღება, ზოგადად, შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, თუმცა იქვე განმარტავს, რომ საჭიროა ზომები პარლამენტში, პლურალიზმისა და შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის უკეთ უზრუნველსაყოფად.

“პრეზიდენტის ირიბი არჩევის სისტემის შემოღება, როგორც ასეთი, შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მისასალმებელია, რომ ახალი

 სისტემა არ იქნება გამოყენებული შემდეგი წლის არჩევნებზე და ძალაში შევა 2023 წლიდან, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი სენატის არარსებობის პირობებში საპარლამენტო უმრავლესობის მქონე ძლიერი მთავრობის საპირწონეს საქართველოს საკონსტიტუციო სისტემაში პრეზიდენტი წარმოადგენს. შესაბამისად, ირიბ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენილი პირის მუდმივი არჩევა. საჭიროა ზომები პარლამენტში, პლურალიზმისა და შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის უკეთ უზრუნველსაყოფად”.

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისია გაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიას “სხვა ვარიანტების” განხილვის რეკომენდაციით მიმართავს.

უფრო კონკრეტულად, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტშია ნათქვამი, ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ განხილულ იქნას გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების ისეთი ვარიანტები, როგორიც არის: 1) პროპორციული განაწილება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა; 2) მოგებული პარტიისთვის გაუნაწილებელი ხმების განაწილების ზღვარის დადგენა; 3) ბარიერის შემცირება 2%-3%-მდე.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული მუხლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იძლეოდეს ერთსქესიანი პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტირებას.

“რაც შეეხება სასამართლო სისტემის შესახებ თავს: თანამდებობაზე ყოფნის დრო მოსამართლეებისთვის უნდა გახანგრძლივდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან მიმართებაში და მათი არჩევა პარლამენტის მიერ უნდა ჩანაცვლდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი დანიშვნით ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეთავაზების შედეგად პრეზიდენტის მიერ დანიშვნით. პროკურორის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე სისხლის სამართლის დევნის ან არდევნის ინდივიდუალურ შემთხვევებში აშკარად უნდა იქნას გამორიცხული. იმ შემთხვევაში თუ ანგარიშვალდებულება გადადგომის პროცედურას იწვევს, უზრუნველყოფილ უნდა იქნას სამართლიანი პროცესი. რეკომენდებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების, რომლებიც პარლამენტმა აირჩია, ასევე გენერალური პროკურორის არჩევა მოხდეს კვალიფიციური უმრავლესობით. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის აკრძალვა იმისა, რომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს არჩევნების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები არჩევნების ჩატარების წელს, არაპროპორციულად ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას, გადასინჯოს არჩევნებთან დაკავშირებით კანონმდებლობის კონსტიტუციურობა”, – აღნიშნულია დასკვნის პროექტში.

სახალხო დამცველთან დაკავშირებით კი, ვენეცის კომისია მიიჩნევს, რომ რეკომენდებულია უზრუნველყოფილ იქნას მოთხოვნა, რომლის თანახმად, სახალხო დამცველის დანიშვნა პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით მოხდება.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*