
ქართველი გოლიათის მსოფლიო რეკორდი (ვიდეო) და კახი კახიაშვილის მილოცვა
ლაშა ტალახაძის ახალი მსოფლიოს რეკორდი ატაცში – 217 კილოგრამი, ხორვატიის ქალაქ სპლიტში, დამყარებული გუშინ, 2017 წლის 8 აპრილს!
ლაშა ტალახაძის ახალი მსოფლიოს რეკორდი ატაცში – 217კილოგრამი!!!!!!!!!!!!!!!!!!
Publié par Zurab Talakvadze sur samedi 8 avril 2017
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, მსოფლიო ჩემპიონმა, ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ათლეტია.
ლაშა ტალახაძე 2017 წლის ევროპის ჩემპიონია. მან ორივე დისციპლინა მოიგო (ატაცი და აკვრა) ორჭიდში 467 კგ მოაგროვა და მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
ქართველმა ათლეტმა აკვრაშიც ყველა მოწინააღმდეგეს აჯობა და 250 კილოგრამი დაძლია.
+105 კილოგრამში ლაშამ აბსოლუტურში 467 (217+250) კილოგრამი დააფიქსირა და ატაცში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. ტალახაძემ საქართველოს ნაკრებს 3 ოქროს მედალი მოუტანა. ბრინჯაოს მედალი ატაცში ირაკლი თურმანიძემ (201) აიღო. ბრავო, ბიჭებო, ბრავო!
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი. მინი-რეზიუმეს აკეთებს:
„ვულოცავ პირველ რიგში, ლაშა ტალახაძეს და ირაკლი თურმანიძეს ამ დიდ გამარჯვებას, რომელსაც მოჰყვა სამი ოქროს მედალი და ერთი ბრინჯაოს მედალი, ახალი მსოფლიოს რეკორდი. ვულოვაც ამ წარმატებას მთლიანად საქართველოს, ვულოცავ ლაშას მშობლებს, მეგობრებს, ვულოცავ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას, ვულოცავ გია ასანიძეს, ავთო გახოკიძეს, ექიმებს, ეს საერთო გამარჯვებაა.
ამასთან ერთად, ვწუხვარ, რომ სპორტის ქართველმა გულშემატკივარმა დროულად და პირდაპირ ეთერში ვერ ისიამოვნა ლაშას, ირაკლის რეკორდებით და მთლიანად, ფედერაციის წარმატებით. ვუხმობ ყველა შესაბამის უწყებას გააშუქოს ყველა საერთაშორისო ტურნირი ქართველი სპორტსმენების მონაწილეობით, რომ ქართველმა გულშემატკივარმა ნახოს პირდაპირ ეთერში ის სიხარული და ემოცია, რომელიც დღეს ლაშამ მოგვიტანა. ეს აუცილებელია.
ლაშას ვუსურვებ ახალ წინსვლას, ახალ გამარჯვებებს, წინ ახალი ოლიმპიური ციკლია, კიდევ ერთხელ ასახელოს საქართველო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. ირაკლის ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და უკვე წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე დაიცვას ჩვენი ერის, ჩვენი ძალოსნობის ღირსება.
ძალიან გთხოვთ, გაუფრთხილდით ამ ხალხს, რადგან საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია ითვლება ყველაზე პერსპექტიულ ფედერაციად მსოფლიოში. ეს აღიარებულია აქ, სადაც ვიმყოფები, ბანგკოკში, სადაც ჩატარდა კონგრესი და კონკრეტულად ჩვენ ფედერაციაზე ითქვა უამრავი თბილი სიტყვა. სულ მალე, აქვე, გვექნება პრეზიდენტის არჩევნები და მე ვიყრი კენჭს აღმასკომში. ყოველდღიურად ვგრძნობ იმ სითბოს, იმ აღიარებას, რაც ჩვენ ფედერაციას ამ ბოლო წლებში ერგო.
ტაილანდში ტარდება კადეტების მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ჩვენმა გუნდმა უკვე შეძლო ბევრი სალიცენზიო ქულის დაგროვება. ამდენ ქულას არც ველოდებოდით და იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი მოიპოვებს ერთ ლიცენზიას ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე. კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის”, – ამბობს კახა კახიაშვილი.