
როგორ მოვაშოროთ ბავშვი ტელეფონებსა და პლანშეტებს – “აღარც მელაპარაკება, აღარც ურთიერთობს ჩვენთან”
ჯერ იყო ლეპტოპი, შემდეგ პლანშეტი, ახლა კი მეგონა, გაიზარდა, დამელაპარაკება-მეთქი, მაგრამ ტელეფონშია თავიდან ფეხებამდეა შემძვრალი,“ – ორი მოზარდის დედა, ნანა ჯანაშია, თავის წუხილს არ მალავს და ამბობს, რომ მისი შვილები ახალმა ტექნოლოგიებმა ასოციალური გახადა.
ეს ერთ-ერთი შემთხვევაა, ახალ ტექნოლოგიებზე მიჯაჭვულობას მშობლები რომ განიცდიან. ხშირად თავად არიან ამის ხელშემწყობები, რადგან მოზარდებს პლანშეტებს, კომპიუტერსა და სმარტფონებს თავად ყიდულობენ.
„მართალია, მე შევუძინე, დაბადების დღეზე გავახარებ-მეთქი. ყველას რომ აქვს, გეგასაც მინდა, ჰქონდეს, მაგრამ რაც ვუყიდეთ მე და მამამისმა სმარტფონი, თან საკმაოდ ძვირადღირებული, როგორიც მას უნდოდა, აღარც მელაპარაკება, აღარც ურთიერთობს ჩვენთან. ახლა „ნაუშნიკებიც“ გაიკეთა, ჩემი ხმაც რომ ვერ გაიგოს. ვერც აკრძალვამ, ვერც სხვა დავალებების მიცემამ, ვერც შემდეგ პლანშეტისა და ტელეფონის ჩამორთმევამ გამოიღო შედეგი,“ – ამბობს თამილა გურული.
თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ტელევიზორთან და კომპიუტერთან მცირეწლოვანი ბავშვებიც ადრეული ასაკიდანვე ურთიერთობენ. ხშირად ამას ხელს თავად ოჯახის წევრები უწყობენ, რადგან ისინი მარტივ გამოსავალსა და გართობის იოლ მეთოდს ამჯობინებენ.
მცირეწლოვანი დაჩის დედა, თამუნა ბერიძე, შვილს ხელს თავად უწყობს, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში უყუროს მისთვის სასურველ მულტფილმ ან გადაცემას. თამუნას მოსწონს ისიც, რომ ტელევიზორისა და YouTube-ის ყურების შედეგად მისი შვილი უცხო ენაზე ცდილობს საუბარს.
დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ, ჩატარებული კვევლისას დაადგინა, რომ ახალგაზრდები ინტერნეტს სწავლისთვის საერთოდ არ იყენებენ. გამოკითხული გოგონები ახალ ტექნოლოგიებს 24 საათიდან 9:45 საათს უთმობენ, ბიჭები კი 10:20 საათს. მათი დიდი ნაწილი გვიან ღამით იძინებს, დილით ადრე ადგომას ვერ ახერხებს და აცდენს სასწავლებელს.
არ უნდა მისცე ბავშვს მოწყენის საშუალება
ახალ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება თუ საშუალება განათლების მისაღებად, გართობის მეთოდი თუ გზა ასოციალურობისკენ. თსუ-ის პროფესორი, ფსიქოლოგი ნინო ლაბარტყავა აცხადებს, რომ ბავშვს დღიური რეჟიმი უნდა ჰქონდეს დაბალანსებული სხვადასხვა აქტივობით, რადგან ხშირად ისინი კომპიუტერთან იმ დროს ატარებენ, როცა უფროსებიც სხვა საქმით არიან დაკავებულები.
„ძალიან ბევრი მშობელი არის წინააღმდეგი, რომ ისეთი ტელეფონი ჰქონდეს მის შვილს, რომელსაც ბევრი ფუნქცია აქვს. მშობლებმა შვილები უნდა დატვირთონ სხვადასხვა აქტივობით იმიტომ, რომ მე თუ მომეწყინა, რაღაც საშუალებას გამოვძებნი. არსებობს პროგრამები, რომლითაც მშობელს შეუძლია, ნახოს თუ რა საიტებს სტუმრობს ბავშვი და შესაძლებელია ასევე გარკვეული საიტების დაბლოკვაც. როცა ღია ურთიერთობაა და მე რაღაც საშიშს ან უსიამოვნოს გადავაწყდი, ბუნებრივია, ვისაც ვენდობი, იმას დავუსვამ კითხვას. მართალია, ეს ბავშვები გაჩნდნენ ტექნოლოგიურ ეპოქაში და მათთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ გარდა ამისა, ხომ არსებობს სათამაშოები და თამაშები. უბრალოდ, ჩვენ არ ვაწოდებთ ამ აქტივობებს იმიტომ, რომ საკითხის მარტივი გადაჭრაა ხოლმე ახალი ტექნოლოგიები,“ – განაცხადა ნინო ლაბარტყავამ.
ნინო ლაბარტყავა მშობლებს რამდენიმე რჩევასა და რეკომენდაციას სთავაზობს, რომლითაც შესაძლოა, მათ შვილები ახალ ტექნოლოგიებზე მიჯაჭვულობისგან იხსნან.
✓ბავშვმა უნდა იცოდეს ლიმიტი, რა დრო შეუძლია, გაატაროს კომპიუტერთან. გამოვაყენებინოთ კომპიუტერი სწავლისთვის აპლიკაციების დახმარებით (ლექსიკონები და სხვ.).
✓ არ უნდა მისცე ბავშვს მოწყენის საშუალება.
✓არ უნდა იგრძნონ ბავშვებმა უფროსებისგან მარტოობა.
✓ სკოლიდან მოსვლისას ბავშვს, გარდა იმისა, რომ ვკითხოთ, რა გააკეთა სკოლაში, ასევე ვკითხოთ, რა ახალი ვებ-გვერდები დაათვალიერა, რომელი მოეწონა, რა ინფორმაცია გაიგო ინტერნეტით (ბავშვმა უნდა იგრძოს, რომ ჩვენ მისი მეგობრები ვართ, ეს სფერო გვაინტერესებს და, თუ გადააწყდა ინფორმაციას, რისთვისაც მოუმწიფებელი შეიძლება აღმოჩნდეს, გვკითხოს ჩვენ).
✓ სასკოლო ასაკის ბავშვის მონიტორი უნდა იყოს ისე, რომ სხვასაც ჰქონდეს მისი დანახვის საშუალება.
✓დღე იყოს დაბალანსებული სხვადასხვა ტიპის აქტივობებით. არსებობს ინტელექტუალური თამაშებიც, თუმცა მხოლოდ ამის ანაბარა ბავშვს არ უნდა დატოვოთ.
ცნობილი მშობლები შვილებს ტელეფონით სარგებლობას უკრძალავენ
იმისთვის, რომ შვილები დავიცვათ „ნარკოტიკისგან“, რომელსაც ახალი ტექნოლოგიები ჰქვია, უნდა გავუჩინოთ მათ სხვა საზრუნავი და მივახვედროთ, რომ სმარტფონების, კომპიუტერებისა და პლანშეტების მიღმაც საინტერესო ცხოვრებაა.
მსახიობი ქეით უინსლეტი საკუთარ შვილებს სოციალური ქსელებით სარგებლობის ნებას არ რთავს. “აიპოდი”, “აიპედი” და “აიფონი” აკრძალულია მისი გამომგონებლის, სტივ ჯობსის ოჯახში. ჯობსის თქმით, მის შვილებს ელექტრონული მოწყობილობები არ გამოუყენებიათ. 14 წლამდე მობილური ტელეფონი არ ჰქონდათ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ბილ გეითსის შვილებსაც.
თუმცა, ფაქტია, რომ ტექნოლოგიური განვითარება აღზრდის და გართობის სისტემებსაც ცვლის და რაც წინა საუკუნეში აქტუალური იყო, ახლა შესაძლოა, სრულიად გამოუყენებადი გახდეს და ბავშვი მისი ბებია-ბაბუების ან, თუნდაც, მხოლოდ მშობლების სათამაშოების იმედზე დატოვება უარესი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს. მით უმეტეს, როდესაც ტექნოლოგიურ განვითარებაზეა საუბარი და ითვლება, რომ ინტერნეტამდე გაზრდილი თაობა, ის თაობა, რომელიც ინტერნეტამდეა დაბადებული, მაგრამ შემდეგ უკვე აქტიურად უყენებს და ინტერნეტის ეპოქაში დაბადებული თაობა რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ამ უკანასკნელს განსაკუთრებული უნარები აქვთ. ამიტომაც, როგორც ფსიქოლოგები ურჩევენ მშობლებს, აუცილებელია, არ აკრძალონ, მაგრამ დაიცვან ზომიერება.