
რუსთაველის თეატრი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო თეატრალურ ფესტივალში “ასტანა”
ქართული დასი ყაზახეთის ორ ქალაქში წარმოადგენს სპექტაკლს „დაკანონებული უკანონობა”.
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური დრამატული თეატრი მსოფლიო თეატრალურ ფესტივალზე „ასტანა” გამოვა, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქში 16-29 ივნისის პერიოდში მიმდინარეობს, ნათქვამია თეატრის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ქართული თეატრი წარადგენს სპექტაკლს „დაკანონებული უკანონობა”, რომელიც ბერტოლდ ბრეხტის მიხედვით რობერტ სტურუამ დადგა. სცენარის ავტორები არიან რობერტ სტურუა, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე და ნინო კანტიძე. სპექტაკლში ჟღერს ბახის, ბეთჰოვენის, მოცარტის, ვერდის, ვაგნერის, შოპენის, ლისტის, შუბერტის და გია ყანჩელის მუსიკა.

რუსთაველის თეატრის დასი ამ სპექტაკლით 23 და 24 ივნისს ყაზახეთის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე გამოვა ალმათში, ასტანაში კი ფესტივალის სტუმრები წარმოდგენას 27 ივნისს იხილავენ.
ფესტივალი „ასტანა” ყაზახეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კულტურული პროექტია, რომელიც უკვე მეორე წელია ყველაზე საინტერესო თეატრებს კრებს მთელი მსოფლიოდან.
წელს ფესტივალი წარმოადგენს ყაზახეთის, ევროპისა და აზიის ქვეყნების პროფესიულ დასებს. ფესტივალის სტუმარია ცნობილი ფრანგი მსახიობი, ოსკარის მფლობელი ჟულიეტ ბინოში. ის წარმოადგენს მასტერ-კლასს და შემოქმედებით საღამოს მონოსპექტაკლის ფორმატში Des mots pour le dire.