Skip to Content

მოსკოვი, ქართველ სამბისტ გოგონათა ორმაგი გამარჯვება და… მთიულური

მოსკოვი, ქართველ სამბისტ გოგონათა ორმაგი გამარჯვება და… მთიულური

Be First!

2017 წლის 25 მარტს მოსკოვში, სპორტკომპლექს ლუჟნიკის მცირე სპორტულ არენაზე გამართულ სამბოს მსოფლიო თასის „ა.ა. ხარალამპიევის სახელობის“ ტურნირზე ქართველმა სამბისტმა ნინო ოძელაშვილმა 72კგ. წონითი კატეგორიის ფინალში რუსი მარგარიტა გურციევა დაამარცხა და ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ქართველ ქალთა ტრიუმფი ამით არ დასრულებულა და ტურნირის გამარჯვებული მძიმე წონით კატეგორიაში ელენე ქებაძეც გახდა.

გამარჯვების შემდეგ 2016 წლის ევროპის ჩემიონმა ნინო ოძელაშვილმა ტატამზე, უკვე ტრადიციულად, მთიულური ჩამოუარა. ნიშანდობლივია, რომ კვარცხლბეკზე, დაჯილდოებისას, ოქროს მედალი მას საბერძნეთის სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა და სამბოს საერთაშორისო ფედერაციის 1-ლმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯარჯი ზვიადაურის მწვრთნელმა, ქართველმა ბერძენმა მერაბ ილიადისმა გადასცა. 

ნინო ოძელაშვილი დაჯილდოვდა ოქროს მედლით მსოფლიოს თასზე სამბოში

(Y) კარგი ამბავი – ნინო ოძელაშვილი სამბოში მსოფლიოს თასის გამარჯვებული გახდა. <3 საქართველოს ჰიმნი დაჯილდოებაზე და ნინო ოძელაშვილი (Y) გილოცავთ ნინო! (Y)

Publié par Qartlisport.ge sur samedi 25 mars 2017


 ნინოს წარმატებებისთვის იოლად, ნამდვილად, არ მიუღწევია. ბავშვობაში, ყოველდღე, დილის 5 საათიდან შუადღემდე, ოთხ დედმამიშვლთან ერთად ვარჯიშობდა,  მისი პირველი მასწავლებელი და მწვრთნელი კი მამა იყო.

ნინო ოძელაშვილი: თბილისში დავიბადე, ხუთი დედმამიშვილი ვართ. ბავშვობიდან ყველანი სპორტით ვიყავით დაკავებული. მამა სპორტსმენი იყო და პატარაობიდანვე მავარჯიშებდა. რასაც დღეს მივაღწიე, მისი დამსახურებაა, ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა. სულ თავიდან, ფეხბურთზე დავდიოდი – მამა ოფიციალური მწვრთნელია და ის მასწავლიდა თამაშს. სიმართლე გითხრათ, ჩემი და უფრო კარგად თამაშობდა, ვიდრე მე, თუმცა, ამას არ ვაღიარებ ხოლმე (იცინის). ათი წლის განმავლობაში  ძიუდოში ვვარჯიშობდი, მაგრამ, ბოლოს  სამბო ავირჩიე და, ხუთი წელია, რაც ამ სპორტით ვარ დაკავებული.
– ძიუდოზე საკუთარი სურვილით მიხვედი თუ მშობლების გადაწყვეტილება იყო?
– ეს მამაჩემის გადაწყვეტილება იყო.  13-14 წლის რომ ვიყავი, არ მინდოდა მევარჯიშა. საქართველოს მასშტაბით პირველი ძიუდოისტი გოგო ვიყავი, შესაბამისად, გარემოც არ იყო ჩემი. მაგრამ, მამა არ მაძლევდა მოდუნების საშუალებას და, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, ვარჯიშს  მაგრძელებინებდა. თმას გადაგვხოტრავდა ხოლმე მე და ჩემს დას და ბიჭებთან ერთად გავყავდით შეჯიბრებებზე (იცინის). საერთოდ, ძლიერი ბავშვი ვიყავი. სკოლაში სულ ვეჩხუბებოდი ბიჭებს – ოძელაშვილი რომ ვარ გვარად, „არსენას” მეძახდნენ.
– თუ არ მოგწონდა, რატომ არ უთხარი მამას უარი ვარჯიშზე და ბოლომდე  რატომ გაჰყევი სპორტის ამ სახეობას?
– მამაჩემი იმდენ ენერგიას დებდა ჩემში, რომ, არ შემეძლო, ასე ხელი მეკრა ყველაფრისთვის. საშუალება არ  გვქონდა, რომ ყველანაირი პირობა შეექმნა ჩვენთვის, მაგრამ, ვარჯიშისთვის არაფერს გვაკლებდა. წყნეთში ვცხოვრობთ და იქიდან ფეხით დავდიოდით თბილისში. რომ ჩამომიყვანდა, ორი საათი კარატეში მავარჯიშებდა, ორი საათი – ფეხბურთში, ჭიდაობაში და, ბოლოს, დაღლილები, ისევ ფეხით მივდიოდით სახლში. სულ ჩემ გვერდით იყო და ვარჯიშზე უარი როგორ მეთქვა?
– სამი ძმა გყავს და, რატომ გადაწყვიტა მამამ, გოგონებსაც ასეთი დატვირთვით გევარჯიშათ?
– მამას ძალიან განსხვავებული, ცოტა რთული ხასიათი აქვს, თან, როგორც ყველა ქართველ კაცს,  ბევრ საკითხთან დაკავშირებით ტრადიციული შეხედულებები აქვს. არ უნდოდა, რომ ბიჭები გამპრანჭვოდნენ – ეგოისტი იყო ჩემ მიმართ (იცინის).  ბავშვობაში ძალიან მაჩხუბარა ვიყავი. ბიჭები ამბობდნენ ხოლმე სკოლაში – ვაიმე, ნინო მოდის, გაიწიეთო (იცინის).
– ასეთ დატვირთულ გრაფიკს სკოლასთან როგორ ათავსებდი?
– მეოთხე კლასიდან მამამ მე და ჩემი და სკოლიდან გამოგვიყვანა – საშუალება არ გვქონდა, წიგნები რომ გვეყიდა და, ამიტომ, მთელი აქცენტი სპორტზე გადავიტანეთ. ორი წლის შემდეგ ისევ გავაგრძელეთ სკოლაში სიარული, მაგრამ, მე მაინც ვერ დავდიოდი – სულ ჰაერში ვიყავი და ერთი შეჯიბრებიდან მეორეზე მივფრინავდი. წელიწადში ერთხელ თუ მივდიოდი სკოლაში.  რადგან სპორტსმენი ვიყავი, მასწავლებლებიც მიწერდნენ ნიშნებს.
– სავარჯიშო დარბაზში მარტო შენ რომ იყავი გოგო, არ კომპლექსდებოდი?
– სწორედ კომპლექსის გამო არ მინდოდა, ამ სპორტს რომ გავყოლოდი. ბევრი ბიჭი იყო, უმცირესობაში ვიყავი; თან, ცოტა ცუდი სიტუაციაც იყო. პირადად ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ, რაც ხდებოდა, არ იყო სასიამოვნო. ვერ აღიქვამდნენ –  როგორ შეიძლებოდა, გოგოს ძიუდოში ევარჯიშა.
– ძიუდო სამბოთი რატომ ჩაანაცვლე?


– ბევრი პრობლემა იყო.  თოთხმეტჯერ ვარ საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში, მსოფლიოზე  მეხუთე ადგილი დავიკავე.  თავდაპირველად ხელფასი დამინიშნეს – 200 ლარს ვიღებდი ყოველ თვიურად. შემდეგ, დაფინანსებაზე სერიოზული შედეგი მომთხოვეს, მე კი მაშინ ფორმაში არ ვიყავი. ბოლოს, დიდებზე საერთოდ მოხსნეს დაფინანსება და ამიტომ გადავედი სამბოში. ამ სახეობაში პირველად 2008 წელს ვიჭიდავე და ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დავიკავე.  2010 წელს ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი. ბევრი წაგებაც იყო, სულ კი არ ვიგებდი.
– რა შეიცვალა მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ შენს ცხოვრებაში?
– სიხარული შემოიტანა ჩემს ოჯახში. მამას გავუმართლე იმედები, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არ არის ჩემით კმაყოფილი.  ვერც გავამტყუნებ – იმდენი შრომა აქვს ჩემში ჩადებული, ყოველთვის მაქსიმუმს მთხოვს. 2010-ში მოვიგე ახალგაზრდებში მსოფლიო, დიდებში კი მეორე ადგილი დავიკავე.
– გაგიჭირდა მოწინააღმდგის დამარცხება?
– ჩემი მოწინააღმდეგე უკრაინელი იყო. შეჯიბრამდეც ვიცნობდი – სულ პირველ მსოფლიოზე მომიგო. მაშინ ეს არც გამკვირვებია – ჩემზე დიდია ასაკით და გამოცდილებაც მეტი ჰქონია;  თან, მრავალგზის ჩემპიონია – როგორც ევროპის, ასევე, მსოფლიოს. ამჯერად მე დავამარცხე, ანგარიშით 1:0, ოთხიანზეც დავაგდე, მაგრამ, არ ჩამითვალეს. მაშინ მითხრა, რომ მომავალში აუცილებლად მომიგებდა (იცინის). ძალიან ძლიერი დარტყმა მივიღე, წარბი გამისკდა. ფინალში რუსს შევხვდი. ჩემპიონობის შანსი მქონდა, მაგრამ, პატარა შეცდომების გამო, 1:0 დავმარცხდი და მეორე ადგილი დავიკავე.
– ბევრს ვარჯიშობ?
– ბავშვობაში ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. დილის 5 ან 6 საათზე რომ ამაყენებდა მამა, შუადღის 2 საათამდე სხვადასხვა სახეობაში მავარჯიშებდა. აქვე უნდა ვაღიარო, რომ  ბოლო წლები აღარ ვუჯერებდი, ძალიან მომთხოვნი იყო (იცინის).
– დედა როგორ შეეგუა იმ აზრს, რომ ხუთივე შვილი სპორტსმენი უნდა ჰყოლოდა?
– დედა ეუბნებოდა მამას, რომ ყველა სპორტსმენი ვერ იქნებოდა და ჩვენს გზაზე გავეშვით, მაგრამ, ამის გამო მამას წინ ვერ გადაუდგებოდა.  სწავლა და სპორტი ერთად არ გამოვიდოდა – დრო არ მქონდა, ამიტომ, ავირჩიე სპორტი. სიმართლე გითხრა, ნამდვილად არ ვნანობ, რომ ამ გზით წავედი.
– 3 წელია, რაც ოჯახი შექმენი. გაგვაცანი შენი მეუღლე.


– ჩემი მეუღლეა გიორგი გურგენიძე. ვიდრე მას გავიცნობდი, მანამდე ახალგაზრდებში ვიყავი მსოფლიოს ჩემპიონი. ინტერნეტით გავიცანი (იცინის). ზოგადად, არ მიყვარდა ინტერნეტით ნაცნობების შეძენა, მაგრამ,  სულ სპორტზე მელაპარაკებოდა ხოლმე, ეს კიდევ, ჩემი თემა იყო. თავადაც ყოფილი სპორტსმენია, რაგბის თამაშობდა. ავღანეთში იყო ორჯერ შეიარაღებულ ძალებში. პირველად რესტორანში შევხვდით და შემდეგ დავახლოვდით. ერთი წელია, რაც ოჯახი შევქმენით. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და მშვენივრად ვგრძნობთ ერთად თავს. ყველაფერში მეხმარება და გვერდში მიდგას. სპორტსმენი ქალისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გამო მართლა მადლობელი ვარ მისი.
– შენი მონაყოლიდან გამომდინარე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, მკაცრი მამა უნდა გყავდეს… შეყვარებული რომ გყავდა, როგორ გაუმხილე?
– დედასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და თავიდან მას ვუთხარი. ზოგადად, არ მახასიათებს მიკიბულ-მოკიბული საუბარი, პირდაპირ ვუთხარი (იცინის). თან, უკვე პატარა გოგო აღარ ვიყავი და მისი აზრიც მაინტერესებდა. ადრე ჰქონდა ნათქვამი, რომ აუცილებლად უნდა გაეცნო ჩემი რჩეული, რათა ყველაფერში გამოეცადა (იცინის). ისე, რთულად კი შეეგუა ჩემს გათხოვებას…
______________
ინტერვიუს წყარო
წყარო N2

ფინალური შერკინება:

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*