საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშის წარდგენისას ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ კონტრტერორისტული მიმართულებით სასაზღვრო კონტროლზე აყვანილ იქნა 1500-მდე პირი, ხოლო 750-ს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, აღნიშნული მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევები. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ქვეყნის მიმართ ტერორისტული რისკების შემცირება, სახელმწიფოს, მისი ინტერესებისა და მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისაგან დაცვა. ამ მიმართულებით განვახორციელეთ მთელი რიგი ღონისძიებები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული პირების საქმიანობის, ასევე ქვეყნის ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენების ფაქტების გამოვლენასა და აღკვეთას”,- აღნიშნა სუს-ის ხელმძღვანელმა.