
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე განაგრძობს მეზობელ ქვეყნებში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონახულებას, მათი მდგომარეობის ადგილზე გაცნობის, შეფასებისა და ასევე, ძეგლების სარეაბილიტაციო საკონსერვაციო სამუშაოებში, ქართული მხარის ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით.
20-22 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ოფიციალური ვიზიტით, ამჯერად, სომხეთის რესპუბლიკაში მიემგზავრებიან.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე დელეგაციის წევრებთან ერთად მოინახულებს სომხეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
დაგეგმილია ასევე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის შეხვედრა სომეხ კოლეგასთან. შეხვედრის დროს, მხარეები განიხილავენ ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით. გარდა ორი მინისტრის შეხვედრისა, დაგეგმილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისა და სომხეთში, კოლეგა ინსტიტუციის წარმომადგენლების შეხვედრა, ორ ქვეყანაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით, კონკრეტული სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებისა და საბოლოოდ შეჯერების მიზნით.
ქართული მხარის ვიზიტი ერევანში, სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა. დელეგაცია ამ დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა, მრავალფეროვან კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას დაესწრება. მათ შორისაა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული პროგრამის „კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს’’ პრეზენტაცია სომხეთში – პროექტი გულისხმობს სხვადასხვა თემატური გაკვეთილების ციკლს, რომლის მიზანიცაა კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია სომეხ მოზარდებს შორის და მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე, ქართული დელეგაციის შეხვედრა სრულიად სომხეთთა კათალიკოს-პატრიარქთან გერეგინ II-სთან.