Skip to Content

საქართველოს პრემიერი ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს გმობს

საქართველოს პრემიერი ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს გმობს

Be First!

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. ამას ადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომელსაც უპირობოდ იცავს ცივილიზებული სამყარო.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და ცალკეულმა ქვეყნებმა უკვე გამოთქვეს მკაფიო პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ერთსულოვნები არიან და ცალსახად გმობენ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს”.

“საქართველოს უძველესი რეგიონისთვის რუსეთის ფედერაციული სუბიექტის მსგავსი სახელწოდების მინიჭებასთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას ჩვენ განვიხილავთ როგორც რეგიონის უკანონო ანექსიისთვის საფუძვლის მომზადებას”, – აცხადებს პრემიერ–მინისტრი.

მისივე თქმით, “სამწუხაროდ, ასეთი პროვოკაციული მოქმედებებით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას და ხელს უშლის საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას”.

“მე მჯერა, რომ ჩვენ, ქართველები და ოსები, გამოვნახავთ ერთმანეთისკენ სავალ გზებს და მოვერევით ისტორიულად არარსებულ გაუცხოებას, ერთად ვიზრუნებთ ჩვენი საერთო სამშობლოს, საერთო სახელმწიფოს – საქართველოს მშენებლობისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

ცხინვალის რეგიონში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პარალელურად რეფერენდუმიც ტარდება, რომლზეც მოსახლეობას მოუწევს პასუხის გაცემა, სურს თუ არა ცხინვალის რეგიონს ეწოდოს “ალანია”.

არჩევნებსა და რეფერენდუმს, მისი შედეგების მიუხედავად, არ აღიარებს და გმობს, როგორც ოფიციალური თბილისი, ისე ევრვოკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები.

რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტო ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა და ისინი დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*