Skip to Content

“საქართველოს ხმად” აღიარებული

“საქართველოს ხმად” აღიარებული

Be First!

გონაშვილთან ერთად სიმღერა რთული იყო. მასთან დუეტს ყველა არ თანხმდებოდა. თვითონაც კი ერთსა და იმავე სიმღერას ორჯერ ერთნაირად არასდროს მღეროდა

ჰამლეტ გონაშვილს “რუსთავთან” ერთად კახეთში კონცერტი ჰქონდა. რამდენიმე დღით ადრე აპენდიქსმა შეაწუხა, მაგრამ ოპერაციაზე უარი თქვა – კახეთში კონცერტი გვაქვს და უჩემოდ ვერ წავლენო. ქირურგმა გაუშვა – თელავი ახლოსაა და თუ ტკივილი გამეორდა, ჩავალთ და ყველაფერს იქვე მოევლებაო.

1985 წლის ივლისი იდგა. კონცერტის შემდეგ სუფრა გაიშალა. ჰამლეტ გონაშვილი სუფრასთან იშვიათად მღეროდა, მაგრამ იმ საღამოს არ გაჩერებულა. მეორე დილას “რუსთავის” წევრები თბილისში ბრუნდებოდნენ. ჰამლეტმა – სოფელში დედას მოვინახულებ და საღამოს მეც თბილისში ვიქნებიო…

საღამოს თბილისში, გონაშვილების ოჯახში ზარი გაისმა – ჰამლეტი ცუდად არის და ჩამოდითო. სიმაღლიდან ჩამო­­ვარდნილი მომღერალი საქონლის დასაბმელ რკინის სარს ჩამოეგო. ლაგო­დეხიდან, გურჯაანიდან და სიღ­ნაღიდან გამოძახებული სასწრაფო დახ­მარების ექიმები უძლურები აღმოჩნდნენ…

საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი ჰამლეტ გონაშვილი დაიბადა 1928 წლის 28 ივნისს, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში.

 მამამისი დიმიტრი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. ძალიან ჰყვარებია შექსპირის შემოქმედება და ამიტომაც ვაჟიშვილს ჰამლეტი დაარქვა, ქალიშვილს კი – ჯულიეტა. 1937 წლამდე გონაშვილები სიღნაღში ცხოვრობდნენ, შემდეგ ცხინვალში გადავიდნენ. დედამ, მარიამ კაცელაშვილმა შვილს მუსიკალური ნიჭი ბავშვობაში შეამჩნია. უკვე წამოზრდილს განსაკუთრებით “ირემო, მთასა მყვირალო” უყვარდა და დედას ხშირად სთხოვდა ამ სიმღერის შესრულებას. სკოლის მოსწავლე ჰამლეტი მუსიკალურ სკოლაშიც მიიყვანეს. იქ ვიოლინოზე დაკვრას სწავლობდა. მოგვიანებით ცხინვალის ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1950 წლიდან თბილისში დამკვიდრდა. მის ცხოვრებაში იყო თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდი, კონსერვატორია და თეატრალური ინსტიტუტიც კი, სადაც იმ პერიოდში რექტორი მიხეილ კვესელავა გახლდათ. ჰამლეტს მან ურჩია, სერიოზულად მოჰკიდებოდა თავის იშვიათ ნიჭს.

1953-1969 წლებში საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი იყო, 1969-1985 წლებში კი სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “რუსთავში” მღეროდა. მისი შემოქმედება, ერთი მხრივ, ხალხურ პირველწყაროსთან სიახლოვით არის აღბეჭდილი, მეორე მხრივ კი ქართული და დასავლურ ევროპული კლასიკური მუსიკის ესთეტიკური იდეალების სინთეზია.
1980 წელს მომღერალს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

ჰამლეტ გონაშვილი ყველა კუთხის სიმღერებს დიდი წარმატებით ასრულებდა. მღეროდა ქართველი კომპოზიტორების სიმღერებსაც. თურმე, სიმღერას რომ ამუშავებდა, საათობით უსმენდა ძველ ჩანაწერებს, ყველას რჩევას ეკითხებოდა, ყველას აზრს ითვალისწინებდა. შემდეგ კი თვითონ მღეროდა სრულიად განსხვავებულად, ძალიან ლამაზად. გონაშვილთან ერთად სიმღერა რთული იყო. მასთან დუეტს ყველა არ თანხმდებოდა. თვითონაც კი ერთსა და იმავე სიმღერას ორჯერ ერთნაირად არასდროს მღეროდა. ჰამლეტ გონაშვილის ცნობილი სიმღერებია: “ოროველა”, “ურმული”, “წინწყარო”, “წმიდაო ღმერთო”, “დაიგვიანეს”, “გაფრინდი, შავო მერცხალო…”
ჰამლეტ გონაშვილის ხმა რამდენიმე კინოფილმშია გამოყენებული.

არტისტული გარეგნობით, სიმღერის დახვეწილი მანერითა და თავდაჭერილობით აღტაცებაში მოჰყავდა არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მსმენელიც, პარიზში “მრავალჟამიერი” სამჯერ ამღერეს. ანსამბლ “რუსთავთან” ერთად თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და თავისი სიმღერით გულგრილი არავინ დაუტოვებია, მათ შორის – არც პროფესიონალი მუსიკოსები. მელოდიის არტიკულაციის უბადლო უნარი ჰქონდა, რაც ძალიან კარგად გამოიყენა კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ, როდესაც გონაშვილის ხმას თავისი რამდენიმე შედევრი (“მოდი, გიამბობ”, “თოვლი”, “მზეო თიბათვისა”) მოარგო.

ჰამლეტ გონაშვილის შესრულებული სიმღერები დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება საზღვარგარეთ. უცხოელები ჰამლეტ გონაშვილის “ურმულსა” და “ოროველას” კინოფილმებსა და მასობრივ სანახაობებში იყენებენ.

ჰამლეტ გონაშვილმა ოჯახი 44 წლის ასაკში შექმნა. ლამარა ცინციბაძე დაბადების დღეზე გაიცნო. იმ საღამოს შუქი ჩამქრალა, სუფრასთან ლამპები შემოუტანიათ და ერთი ქალის ახლოს დაუდგამთ. ლამპის შუქმა არ შეგაწუხოსო – ჰამლეტს ხელსახოცი შუშაზე ჩამოუფარებია. უმღერია კიდეც.

ლამარა ცინციბაძე: “იშვიათად ვხვდებოდით. უმეტეს ხანს გასტროლებზე იყო. მახსოვს, ორჯერ თუ ვიქნებოდი შეხვედრილი, ქობულეთში რომ ვისვენებდი და რადიოში გამოაცხადეს: “ჰამლეტ გონაშვილი შეასრულებს სიმღერას “დაიგვიანეს”. მისი სუფრასთან ნამღერი კი მქონდა მოსმენილი, მაგრამ… ვუსმენდი”და ვგრძნობდი, თანდათან როგორ ჩავვარდი ეიფორიაში. ემოცია ისე მომეძალა, კარგა ხანს დავდიოდი ზღვის ნაპირას, აქეთ-იქით… ამის შემდეგ უკვე აღარც ვმალავდი მისდამი სიმპათიას. ვგრძნობდი, რომ ჰამლეტი მოვლენა იყო. ის სახელმწიფო ანსამბლიდან “რუსთავში” გადავიდა და ჩვენც უფრო ხშირად ვხვდებოდით, ვსაუბრობდით, ერთმანეთს ლექსებს ვუკითხავდით, ვეჯიბრებოდით კიდეც ლექსის თქმაში, ერთ მშვენიერ დღეს კი შინ მომაკითხა, დავილაპარაკეთ და დაქორწინებაც გადავწყვიტეთ. ტრადიციების კაცი იყო და ჩემი ხელი თბილისში მცხოვრებ ჩემს ბიძას სთხოვა, მეორე დღეს კი დავქორწინდით”.

ორი ვაჟი შეეძინათ. ორივე შვილი ანსამბლ “მთიებში” მღეროდა, ორივემ მუსიკალური ათწლედი დაამთავრა, მაგრამ არც ერთმა არ ისურვა პროფესიულ სცენაზე დადგომა.

თანაცხოვრების პერიოდში მეუღლეს ყვავილებით, ლამაზი ფოთლებით ანებივრებდა. ერთხელ შინ უზარმაზარი ხის მორით დაბრუნებულა, რომელზეც ყვავილები და ფოთლები ეწყო.

სტუმართმოყვარე იყო. სახლში რომ მოდიოდა, კარს თავისი გასაღებით აღებდა, მაგრამ თუ ზარს დარეკავდა, ეს ნიშნავდა, რომ მარტო არ იყო და ცოლს ანიშნებდა, სტუმართან ერთად ვარო. თავის თავზე ლაპარაკი არ უყვარდა, ძალიან თავმდაბალი იყო. თურმე, სიმღერის ჩაწერიდან რომ ბრუნდებოდა და მეუღლე ჰკითხავდა, ჩაწერამ როგორ ჩაიარაო, ერთსა და იმავეს პასუხობდა – ხვალ კიდევ უნდა მოვისმინოთ და ჩავწეროთო, არადა, მისი ჩანაწერები ყოველთვის საუკეთესო იყო, ხელმეორედ ჩაწერა აღარ სჭირდებოდა.

ჰამლეტ გონაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა 1985 წელს. ის საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს, შემდეგ კი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*