ამის შესახებ მაღრაძემ ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა.
“დღეს მეორე მოსმენით გადის კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის შესახებ. მთავრობასთან გვქონდა მთელი ერთთვიანი კონსულტაციები და მივედით გარკვეულ კონსენსუსამდე, რასაც, ასე ვთქვათ, დავთმობთ, ეს არის ვადები. ერთ წელს ვაძლევთ და 2018 წლის 1-ელი მაისიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალება მოწევა. გარდა ამისა, თვითონ პარლამენტის წევრებისგან იყო შენიშვნები სადა შეფუთვის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და ასევე, დავუშვით, რომ მოწევა ნებადართული იქნება კაზინოებში და სიგარბარებში, სერიოზული ლიცენზირების პირობებში”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
პარლამენტმა 5 აპრილს “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო.
ცვლილებების პაკეტი რეკლამირების შეზღუდვასთან ერთად, ითვალისწინებს მოწევის სრულ აკრძალვას ყველა ტიპის შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა.