
საქართველოში მალე ჰოლოგრამული მუზეუმი გაიხსნება
Holosseum-ი ანუ ჰოლოგრამული მუზეუმი მალე როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ტურისტებს საშუალებას მისცემს, ისეთი ისტორიული ძეგლები, როგორიც ვარძიაა, თბილისიდან გაუსვლელად დაათვალიეროს.
როგორ არის შესაძლებელი ამის გაკეთება?
ქართველმა სტარტაპერებმა, რომელთა ინიცატივაც “სტარტაპ საქართველოს” 6 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა, ჰოლოგრამული მუზეუმის პროექტი შეიმუშავეს. მუზეუმი, რომელიც თებერვლიდან თავდაპირველად თბილისის ტურისტულ ცენტრში გამოჩნდება, დამთვალიერებლებს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა ინტერაქტიული და ფოტორეალისტური ჰოლოგრამული მოდელის დახმარებით იხილოს და სხვადასხვა ტექნოლოგიური ინსტალაციით ქვეყნის სხვადასხვა ადგილში იმოგზაუროს.
როგორც სტარტაპის ერთ-ერთი ავტორი, ლევან ბახია Allnews.ge-სთან განმარტავს, მის გუნდს უკვე 12-მდე
ჰოლოგრამა აქვს შერჩეული, მათი დედაქალაქში ადგილმდებარეობების განსაზღვრა მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში კი შეიძლება, მცხეთასა და სხვა ქალაქებშიც ვიხილოთ:
“ამ მუზეუმის ხიბლი არის ის, რომ ამ ტექნოლოგიებს ცხოვრებაში პირველად ნახულობ და ამავდროულად, საინტერესო ღირსშესანიშნაობების დათვალიერება შეგიძლია. ჰოლოგრამის მუზეუმი ნიშნავს, რომ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს ან ისტორიულ ძეგლებს ასე ვთქვათ, ვასკანერებთ, ვადგენთ მათ სამ განზომილებიან ძალიან რეალისტურ მოდელს ისე, რომ თითქმის რეალურია. თუ ტურისტებს, არ შეეძლებათ, რომ შორს წავიდნენ და ნახონ მაგალითად, ვარძია და შატილი, მათ ამის საშუალება ჰოლოგრამის მეშვეობით მიეცემათ” – განმარტავს ლევან ბახია.
მისივე თქმით, მსოფლიო პრაქტიკაში მსგავსი მუზეუმი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა თუ სტარტაპი წარმატებული იქნება, მისი დამკვიდრება საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოხდება, – “მიიჩნევა, რომ მუზეუმში შეგიძლია, მშვიდად და კომფორტულად გაატარო დრო, არსებობს, მეორე ტიპის მუზეუმები, რომლებიც გასართობად მიიჩნევა, ჩვენი კი ჩემი აზრით, ორივე ფუნქციას ითავსებს. გარდა იმისა, რომ საქართველოს შესახებ ყვება ისტორიას და თუნდაც „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ ბევრ რამეს იგებ, არის გასართობიც და იწვევს მომხმარებლის ინტერესესს”, – დასძენს სტარტაპერი.