Skip to Content

საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება იწყება

საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება იწყება

Be First!

განათლების საერთაშორისო ცენტრში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სასტიპენდიო პროგრამები გამოცხადდა. კონკურსი გამოცხადდა შემდეგ პროგრამებზე: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა; საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა – გულისხმობს შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას; საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა – სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საზღვარგარეთ აიმაღლონ კვალიფიკაცია საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამაზე; საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები – გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის პრიორიტეტულად გამოცხადებულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას კონკურსის წესით.

სახელოვნებო პროგრამას განათლების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

ოთხივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.

ელ. განაცხადების მიღება 25 აპრილს დაიწყება და ერთი თვე გაგრძელდება.

განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და 2014-17 წლებში 500 – ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

ცენტრის მიზანია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი იძლევა შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მიიღონ საუკეთესო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში განაგრძონ. სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ სამაგისტრო, სადოქტორო, სახელოვნებო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში ბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით.

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალობის პრინციპების დაცვით.

კონკურსში მონაწილეობის პროცედურა – ცენტრის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტები ავსებენ ელექტრონულ აპლიკაციას. კონკურსანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას ცენტრის საერთაშორისო კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ. კომისიის წევრები თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად აფასებენ ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

განათლების საერთაშორისო ცენტრში პროგრამით დაინტერესებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება სააპლიკაციო პერიოდში, ასევე განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებთან.

ღონისძიებას დაესწრებიან ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საფრანგეთის, აშშ-ს და უნგრეთის საელჩოების წარმომადგენლები, შესარჩევი კომისიის წევრები, ცენტრის სტიპენდიატები.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*