საკანონმდებლო ორგანოშიო ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ 2016 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვის მსურველ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა
ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლინდა ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” რამდენიმე მხარდამჭერი პირი.
“ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისა და სხვა ბრალდებებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 9 საქმეზე. ამჟამად სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იმყოფება. მიმდინარეობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა. ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების ბრადლებით პასუხისგებაში მიეცნენ სირიიდან და ერაყიდან საქართველოში დაბრუნებული პირები”,- აღნიშნა გომელაურმა.
მისივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში მუდმივად ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს მოქალაქეების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის გამგზავრების პრევენციის მიზნით.
“ხორციელდებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ან/და კავშირში მყოფ პირებზე, ასევე ტრანზიტულად გადაადგილების მსურველებზე. კონტრტერორისტული მიმართულებით სასაზღვრო კონტროლზე აყვანილ იქნა 1500-მდე პირი, ხოლო 750-ს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესების, ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ტერორისტულ საფრთხეებზე მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. მუდმივად ხდებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური დანაყოფების მომზადება და გადამზადება”,- აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.