Skip to Content

„თანამედროვე საქართველო – პროზა და პოეზია“ ალმანახის პრეზენტაცია

„თანამედროვე საქართველო – პროზა და პოეზია“ ალმანახის პრეზენტაცია

Be First!

5 თებერვალს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა ლიტერატურული პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში გამოცემული ინგლისურენოვანი ალმანახის პრეზენტაცია – „თანამედროვე საქართველო – პროზა და პოეზია“. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე გაუძღვნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემულ ალმანახში შესულია ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე 57 თანამედროვე ქართველი მწერლის ნაწარმოებები. კრებულის დაბეჭდვის მთავარ მიზანს წარმოადგენს მსოფლიო ლიტერატურული სამყაროსთვის თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე მოვლენების გაცნობა და უცხოელი გამომცემლებისთვის თანამედროვე ქართველი მწერლების წარდგენა.

კულტურის სამინისტრომ უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2015 წლის 14 აპრილს, „დედაენის დღეს’’ დაიწყო. პროექტი, რომელშიც 3 წლის განმავლობაში,  150 მწერალმა მიიღო მონაწილეობა, 4 ეტაპად განხორციელდა და  გულისხმობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, ლიტერატურული საღამოების გამართვასა და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათთვის საინტერესო თემებზე.

პროექტმა დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური სახე მიიღო, – ამჟამად, „ცოცხალი წიგნები“ შეხვედრებს მართავს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში, ასევე საჯარო სკოლებში. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე ქართველი მწერლები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ლიტერატურულ ფორუმებსა და ფესტივალებზე. „ცოცხალი წიგნები“ დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებში, რომლებიც მწერლებს ხშრად იწვევენ ლიტერატურული საღამოების გასამართად.

პროექტის „ცოცხალი წიგნები“ მსვლელობისას, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ, წიგნი „მწერლის დღიურები“ გამოიცემა. პროექტის ავტორია საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, პროექტის კურატორი – მარიამ წიკლაური.

2015 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი „ცოცხალი წიგნები“ საზოგოდოებრივი მაუწყებლის ჯილდოს „წლის საუკეთესო მოვლენა ლიტერატურის დარგში“ მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს პროექტისთვის „ცოცხალი წიგნები“ – ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა საქართველოსა და საერთაშორისო სივრცეში, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, კულტურის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე პრემიით „ოქროს ფრთა“ დააჯილდოვა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*