Skip to Content

თსუ ლექსიკოგრაფიაში ევროპული სამაგისტრო პროგრამის ასოცირებული წევრი გახდა

თსუ ლექსიკოგრაფიაში ევროპული სამაგისტრო პროგრამის ასოცირებული წევრი გახდა

Be First!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლექსიკოგრაფიაში ევროპული სამაგისტრო პროგრამის (EMlex, European Master in Lexicography) ასოცირებული წევრი გახდა.

სამაგისტრო პროგრამა 10 წლის წინათ რვა ევროპული უნივერსიტეტის კონსორციუმმა დააარსა. კონსორციუმის წევრები არიან: ერლანგენ-ნიურნბერგის ფრიდრიხ-ალექსანდერის სახელობის უნივერსიტეტი (გერმანია), რეფორმატორული ეკლესიის კაროლი გაშპარის სახელობის უნივერსიტეტი ბუდაპეშტში (უნგრეთი), სტელენბოსის უნივერსიტეტი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), სილეზიური უნივერსიტეტი კატოვიცეში (პოლონეთი), ლოთარინგიის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), მინიუს უნივერსიტეტი ბრაგაში (პორტუგალია), სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი) და უნივერსიტეტი რომა ტრე (იტალია). პროგრამას ხუთი ასოცირებული წევრი ჰყავს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტი (გერმანია), ტეხასის უნივერსიტეტი ოსტინში (აშშ), რიუ-გრანდი-დუ-სულის ფედერალური უნივერსიტეტი (ბრაზილია) და გერმანული ენის ინსტიტუტი, მანჰაიმი (გერმანია).

სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტები წელიწადში ერთხელ ირიცხებიან. სასწავლო პროცესში დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან ჩართული, რაც ლექსიკოგრაფიის მაღალ აკადემიურ დონეზე სწავლებას უზრუნველყოფს. გარდა თეორიული კურსებისა, პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ კურსებს და სტაჟირებას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ლექსიკოგრაფიული საქმიანობის უნარ-ჩვევებს სხვადასხვა გამომცემლობებში ეუფლებიან. პროგრამაზე ჩარიცხვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ინგლისური და გერმანული ენების კარგი ცოდნაა. ლექსიკოგრაფიაში ევროპულ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების სწავლისა და ცხოვრების საფასურს ერასმუს+ პროექტის ფარგლებში მთლიანად ევროკავშირი აფინანსებს. სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს თავისუფლად შეეძლებათ ბეჭდური და ელექტრონული ლექსიკონების შედგენა, გამომცემლობებში მუშაობა და სხვა. აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებზე გაიცემა ერთობლივი დიპლომი, რომელსაც ხელს აწერს პროგრამის დამფუძნებელი რვა უნივერსიტეტის რექტორი. ლექსიკოგრაფია სწრაფად განვითარებადი, ინტერდისციპლინური დარგია და, ამდენად, რვა უნივერსიტეტის რესურსის გაერთიანება სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის სრულიად უნიკალურ პირობებს უქმნის სტუდენტებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექსიკოგრაფია სამივე აკადემიურ საფეხურზე ისწავლება. სწორედ ამან განაპირობა სამაგისტრო პროგრამაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ წევრად მიღება; ასევე, თბილისში 2016 წელს დიდი წარმატებით ჩატარებულმა ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მე-17 საერთაშორისო კონგრესმა, რომელმაც საერთაშორისო ლექსიკოგრაფიულ წრეებში გაზარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლექსიკოგრაფიული ცენტრის ცნობადობა. 2019 წლიდან ევროპული პროგრამის სტუდენტებისთვის ლექციებს თსუ-ის პროფესორი თინათინ მარგალიტაძეც წაიკითხავს.
გლობალიზაციის ეპოქაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლექსიკოგრაფიას, ლექსიკოგრაფიული რესურსების შექმნას ცალკეული ენების გადასარჩენად. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ევროპულ სამაგისტრო პროგრამასთან უნივერსიტეტის დაკავშირება და მომავალი პროფესიონალი ლექსიკოგრაფებისათვის ევროპული განათლების მიცემა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*