Skip to Content

ვესტმინსტერის უნივერსიტეტში “საქართველოს დღე” აღინიშნა

ვესტმინსტერის უნივერსიტეტში “საქართველოს დღე” აღინიშნა

Be First!

ვესტმინსტერის უნივერსიტეტმა “საქართველოს დღის” საიუბილეო კონფერენციას უმასპინძლა.

ღონისძიება მიეძღვნა თემას “საქართველო ევროპაში”, რომელზეც განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განზომილებები, ასევე საქართველოს ისტორიის, კულტურისა და არქიტექტურის ევროპული კონტექსტი.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერის მოადგილემ, რონალდ დანროსერმა, ბიოსამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯონ მერფიმ და “საქართველოს დღის” ფორმატის დამაარსებელმა, ლონდონში მცხოვრებმა მეცნიერმა და მწერალმა თამარ დრაგაძემ. მათ ხაზი გაუსვეს “საქართველოს დღის” ტრადიციულად ვესტმინსტერის უნივერსიტეტში ჩატარების მნიშვნელობას.

კონფერენციის მთავარი მომხსენებლები გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი და გაერთიანებულ სამეფოში პოლონეთის ელჩი არკადი რზეგოცკი იყვნენ. საქართველოს ელჩმა ისაუბრა თემაზე “საქართველოს ევროპული გზა”, ხოლო პოლონეთის ელჩი წარდგა მოხსენებით – “საქართველო ევროკავშირის პერსპექტივიდან”. ევროპასთან საქართველოს კავშირებზე მოხსენებებით ასევე წარსდგნენ ქართველი დიპლომატები, რომელთან საქართველოსა და ევროპის ისტორიულ კავშირზე და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზაციაზე ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში, ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორებმა და “საქართველოს დღის” თანაორგანიზატორებმა, ნინო ფორაქიშვილმა და პიტერ ლიდიარდმა პრეზენტაციები გააკეთეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საგანმანათლებლო განზომილებაზე.

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა EBRD-ის ასოცირებულმა დირექტორმა ოლექსანდრ პავლუკმა. კონფერენციაზე ქართველმა და ბრიტანელმა მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს ისეთ თემებზე როგორიცაა “ევროპული გავლენა ქართულ ანთროპოლოგიაზე”, “ქართული ფილმები ევროპულ ინდუსტრიულ ბაზარზე” და “შექსპირი ქართულ თეატრში”.

“საქართველოს დღის” აუდიტორიამ მოისმინა ანგარიშები საქართველოსა და ბრიტანეთის დაძმობილებული ქალაქების – თბილისი-ბრისტოლის, ქუთაისი-ნიუპორტისა და ახალციხე-ნიუკასლის ასოციაციების წარმომადგენლებისგან.

საქველმოქმედო ორგანიზაცია “მკურნალის” საქმიანობის შესახებ ისაუბრა მისმა წარმომადგენელმა, ხოლო ბრიტანულ-ქართული საზოგადოების თავმჯდომარემ თამარ ლორთქიფანიძემ პრეზენტაცია გააკეთა ორგანიზაციის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.

კონფერენციას გაერთიანებული სამეფოს საუნივერსიტეტო წრეებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები დაესწრნენ, ისევე როგორც საქართველოთი და რეგიონით დაინტერესებული ბრიტანელები.

აღსანიშნავია, რომ “საქართველოს დღე” წელს ოცდამეათედ ჩატარდა. ღონისძიება დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით გაიმართა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*