Skip to Content

ვინ არის ნათია თოდუა, რომელმაც გერმანულ Voice-ში გაიმარჯვა – წაიკითხეთ ინტერვიუ

ვინ არის ნათია თოდუა, რომელმაც გერმანულ Voice-ში გაიმარჯვა – წაიკითხეთ ინტერვიუ

Be First!

21 წლის მომღერალი ნათია თოდუა გერმანული “ახალი ხმის” გამარჯვებული გახდა. ქართველმა გოგონამ, რომელიც ორი თვეა რეიტინგული შოუს მონაწილეა, მაყურებელთა ხმების 50% მოიპოვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა ხმების 25% მიიღო.

თბილისში დაბადებულმა და გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში გაზრდილმა გოგონამ, გალის მე-13 სკოლა დაამთავრა. მუსიკალური განათლება არასდროს მიუღია და 17 წლის ასაკში მის პირველ მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა.

21 წლის ნათია თოდუამ გერმანულ “ახალ ხმაში” გამოჩენამდე გრძელი გზა გაიარა – ჯერ საკუთარი ძალები ქართულ “იქს ფაქტორში” მოსინჯა 2014 წელს, თუმცა არ გაუმართლა – მან შოუს ფინალამდე ვერ მიაღწია. აღსანიშნავია, რომ არც კონკურსის ჟიურის წევრების დამოკიდებულება იყო მის მიმართ ერთგვაროვანი: ქართული “იქს ფაქტორის” 4 წევრიდან სამმა – გიორგი გაბუნიამ, სტეფანე მღებრიშვილმა და თამთა გოდუაძემ მის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალეს და მეორე ტურში უყოყმანოდ გადაიყვანეს, თუმცა ჟიურის მეოთხე წევრმა – მომღერალმა და პროდიუსერმა სოფო ტოროშელიძემ მას “ხელოვნური” უწოდა:

ქართული “იქს ფაქტორის” შემდეგ იყო უკრაინული “ახალი ხმა” და ახალი გამოცდილება და კიდევ ერთი ნაბიჯი მსოფლიო აღიარებისკენ… როცა ნათია მიხვდა, რომ საკუთარი მიზნების ასრულებას პატარა ქვეყნებში ვერ შეძლებდა, საქართველო დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა, გაუმართლა, მან The Voice of Germany-ის ჟიურის წევრების მოხიბვლა რამდენიმე წამში შეძლო.

გთავაზობთ ინტერვიუს ნათია თოდუასთან, რომელიც AMBEBI.GE-მ მისი გერმანულ შოუში გამოჩენის შემდეგ მალევე ჩაწერა:

– თბილისში დავიბადე, მაგრამ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში გავიზარდე. ოჯახთან ერთად ხშირად მიწევდა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. გალის მე-13 სკოლა დავამთავრე და 17 წლის ასაკში ჩამოვედი თბილისში. მუსიკალური განათლება არასდროს მიმიღია, სააბიტურიენტო გამოცდების დროს, თბილისში ბიძაჩემთან ვიყავი სტუმრად, გიტარაზე ვუკრავდი და ერთად ვმღეროდით. გაგიჟდა, მითხრა ეს უბრალო ვოკალური მონაცემები არ არის, ამიტომ რამე პროექტში უნდა მიიღო მონაწილეობაო.

მაშინ ტარდებოდა პროექტი “მაგთიფანი” და მოუმზადებელი მოვხვდი ამ პროექტში. 17 წლის ასაკში გავედი პირველად სცენაზე და ჩემს ბენდს აკომპანიმენტს უწევდა ჯგუფი “ვაკის პარკი”. რომელიც შემდეგ ჩემი მეორე ოჯახი გახდა.

– მაყურებლის გარკვეულ ნაწილს ახსოვხარ პროექტ “იქს ფაქტორიდან”, სადაც საბოლოო ტურში ვერ გადახვედი, სამართლიანი იყო მაშინ ჟიურის გადაწყვეტილება?
– “იქს ფატორში” ჩემი სურვილით შერჩეული სიმღერა I put a Spell in you შევასრულე და ამ სიმღერამ დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მითხრეს, შენი ხმა რეალური არ გვეგონაო და 4 სკამის ტურიდან გამოვეთიშე პროექტს.

უცნაურია, მაგრამ გერმანულ “ახალ ხმაში” სწორედ ეს სიმღერა შემირჩია ჟიურიმ. ერთი წლის თავზე უკრაინული “იქს ფაქტორიდან” დამიკავშირდნენ, სადაც “Cry Baby ” შევასრულე. ამ შესრულებამ ფურორი მოახდინა, წარმატებაც მომიტანა, მაგრამ ბოლოს მითხრეს, სახალხო ჟანრის პროექტები შენი სტილი არ არისო და თბილისში დავბრუნდი. “ვაკის პარკთან” ერთად ვმღეროდი თბილისის ბაღებში, ერთ დღესაც მივხვდი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა…

– გერმანიაში ამის გამო წახვედით?
– მინდოდა სასწავლებელში ჩაბარება, ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ძალიან ძვირი ღირდა ის ვარიანტები, რასაც ვნახულობდი. შემდეგ მოვძებნე პროგრამა Au-pair და 2 თვე ვემზადებოდი ელემენტარული ენის დონისთვის, რომ საკონსულოსთვის მოვმზადებულიყავი.

– რთული იყო უცხო ქვეყანაში მარტო წასვლა?
– გერმანიაში ყველაფერი ერთად დამატყდა თავს და უამრავ პრობლემებს შევეფეთე, მარტო ვიყავი და არავინ არ მყავდა. ამ ერთი წლის მანძილზე უდიდესი გამოცდილება შევიძინე. ცხოვრება ყველაზე მუქი ფერებით დავინახე, მაგრამ გადავლახე ეს ყველაფერი. სხვანაირად არც შეიძლებოდა. სილაღე, ფერები, მხიარულება – ის, რაც მთელი ცხოვრება მაკლდა, ახლა არის ჩემი იმიჯი.

– “ახალ ხმაში” როგორ მოხვდით?
– დამოუკიდებლად მოვიძიე ინფორმაცია გერმანულ “ახალ ხმაზე”, დავრეგისტრირდი და შიდაშესარჩევ ტურზე დამიბარეს. როცა გამესაუბრნენ, მითხრეს შენი ვიზით პროექტში მონაწილეობის უფლება არ გაქვს და თუ გინდა, უბრალოდ შენი სიამოვნებისთვის იმღერეო. მე გიტარაზე დავუკარი და გაოგნდნენ. მითხრეს, გარკვეულ დროს მოგცემთ და იქნებ ვიზა გაგიგრძელონო. გამიმართლა, გერმანიაში გათხოვილი ქართველი ქალბატონი დამიკავშირდა და მისი დახმარებით ვიზა გამიგრძელეს. დღეს ვარ ძალიან დარწმუნებული, რომ აუცილებლად განვახორციელებ ჩემს მიზანს, რადგან არ არსებობს, ბრძოლამ შედეგი არ მოიტანოს. ძალიან მაგარი რეაქცია მოყვა Voice of Germany-ს და დიდ იმედებს ვამყარებ ამ პროექტზე.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*